"რეზონანსის" მასალების მიხედვით
"საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრობა გადაიფიქრა ან დასავლეთმა გადააფიქრებინა, რადგან ბოლო დროს ძალიან აქტიურად საუბრობენ, რომ დემოკრატიული სამყაროსთვის საქართველოში რუსული სცენარის გამეორება მიუღებელი იქნება. ასეა თუ ისე, პრეზიდენტმა "ეურაქტივის" პოლონურ ბიუროსთან საუბრისას აღნიშნა, რომ მას პრეზიდენტობის შემდეგ პრემიერ-მინისტრის პოსტი უინტერესოდ ეჩვენება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით იგი ვერ გახდება პრეზიდენტი და არ სურს, იყოს პრემიერ-მინისტრი / სააკაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეობისთვის ემზადება?
"ახალი კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი მნიშვნელოვან ძალაუფლებას ინარჩუნებს და პრემიერ-მინისტრიც მნიშვნელოვანია, მაგრამ მთლიანად პარლამენტზეა დამოკიდებული", - აცხადებს სააკაშვილი, ხოლო ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, აპირებს თუ არა საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ პრემიერ-მინისტრობას, პასუხობს: "ეს არცთუ საინტერესო პოზიციაა იმ ადამიანისთვის, რომელიც დღეს პრეზიდენტია". მისი ეს განცხადება ოპოზიციას საკმაოდ მნიშვნელოვნად ეჩვენება და ფიქრობენ, რომ სააკაშვილმა გადაწყვეტილება დასავლეთის ზეწოლის გამო შეცვალა და ვარაუდობენ, რომ პრეზიდენტობის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარეობას შეეცდება. "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელი, ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე გია ცაგარეიშვილი დარწმუნებულია, რომ პრემიერ-მინისტრობა მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ გადააფიქრებინა, რადგან "პოლიტიკური ლანდშაფტის შეცვლა სააკაშვილმაც გააცნობიერა", - აღნიშნავს გამოცემა.
"დღეს ძნელად სათქმელია, საპარლამენტო არჩევნები რა შედეგით დასრულდება. განსაკუთრებით ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე. ამასთან გასათვალისწინებელია ისიც, რომ სახელისუფლებო კულუარებში უკვე ლაპარაკობენ, დასავლეთმა სააკაშვილს კატეგორიულად მოსთხოვა, არ გახდეს პრემიერ-მინისტრიო. სწორედ ამიტომ, კულუარებში იმასაც საუბრობენ, რომ სააკაშვილი ხელისუფლების შენარჩუნებას პარლამენტის თავმჯდომარის რანგში შეეცდება. პარლამენტის თავმჯდომარეობისთვის კი აუცილებელია, საპარლამენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა - ამას კი ისე ვერ გააკეთებს, თუ არ გადადგა. მისი ვადამდე გადადგომა კი ნიშნავს, რომ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს. ამიტომაც შესაძლოა სააკაშვილმა იმ მოტივით, რომ ქვეყანას ზედიზედ არჩევნების გამართვის ფინანსური ფუფუნება არ გააჩნია, ორივე არჩევნები ერთდროულად ვადამდე დანიშნოს. ამას კი დაემატება ის არგუმენტიც, რომ პარლამენტს უფლებამოსილება რეალურად გზაფხულზე გასდის", - დასძენს გამოცემა.
"ექსპერტების ნაწილი პრეზიდენტის ამ განცხადებას უკვე ბიძინა ივანიშვიილის პოლიტიკაში მოსვლასაც უკავშირებენ და არ გამორიცხავენ, რომ ხელისუფლებამ არჩევნები სწორედ გაზაფხულზე გადმოიტანოს, რათა ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭება ვერ მოესწროს. ამას ემატება ისიც, რომ სააკაშვილმა უკვე მეორედ განაცხადა, რომ 2012 წლის 26 მაისს პარლამენტის სხდომა ქუთაისში გაიმართება. პირველად ეს განცხადება მან ოქტომბრის დასაწყისში გააკეთა და მაშინ უმრავლესობამ მისი ნათქვამის გამართლება იმით სცადა, რომ პრეზიდენტი მხოლოდ საზეიმო გახსნას გულისხმობდაო. სამშაბათს კი სააკაშვილმა ეს დაპირება, რომ ქუთაისი პარლამენტში სესიას მაინცდამაინც 26 მაისს გამართავს, კიდევ გაიმეორა, თანაც მისი ნათქვამიდან კარგად ჩანდა, რომ მხოლოდ პარლამენტის ახალი შენობის გახსნას არ გულისხმობდა. პრეზიდენტმა აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ ამ დღეს არა მარტო ერთი სესია გაიმართება, არამედ მზად ვიქნებით, სულაც აქ გავმართოთ სესიებიო", - წერს სტატიის ავტორი.
"მისი ეს განცხადება კი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, რადგან შარშან მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, ქუთაისში სხდომის გამართვა მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების შემდეგ იქნება შესაძლებელი. სწორედ ამიტომ პრეზიდენტის ამ განცხადებას ექსპერტების მხრიდან მოჰყვა შეფასებები, რომ 26 მაისს სხდომის გამართვა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონსტიტუცია შეიცვლება. შეცვლა კი უნდა მოხდეს იმით, რომ ან ამოღებული იქნას სხდომის გამართვის დროის მითითება, ან შეიცვალოს არჩევნების თარიღი - სხვა შემთხვევაში პრეზიდენტის ეს განცხადება კანონდარღვევას ნიშნავს.... საპარლამენტო უმრავლესობაში ვადამდელ არჩევნებს კიდევ ერთხელ გამორიცხავენ და ცდილობენ, პრეზიდენტის ამ განცხადებას რამე ახსნა მოუძებნონ..." - დასძენს სტატიის ავტორი.
"მართალია, მმართველი გუნდი ირწმუნება, რომ ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება, თუმცა ქვეყნის მთავარსარდლის მხრიდან მსგავსი განცხადება არავის მოუსმენია. მეტიც, პირველმა პირმა უკვე მეორედ განაცხადა, რომ 2012 წლის 26 მაისს ქუთაისში, პარლამენტის ახალ შენობაში გაიმართება პარლამენტის სხდომა - პრეზიდენტმა, უმრავლესობის გასაგებად, კატეგორიულად აღნიშნა, რომ საუბარი არა შენობის გახსნა-პრეზენტაციაზე, არამედ სხდომის გამართვაზეა. ჩანს, სააკაშვილი ამ გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს და ამ გაცხადებას, სავარაუდოდ, არც ჰაერზე აკეთებს", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით სააკაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეობისთვის ემზადება.
"ჩვენი წყაროს ინფორმაციით, აშშ-მა სააკაშვილს კატეგორიულად მოსთხოვა, თითიც კი დაუქნია და გასაგებად უთხრა - ხელი აიღე პრემიერ-მინისტრობაზე, არც გაბედოო. მართალია, სააკაშვილს აშშ-ის დიდად არ ეშინია, მაგრამ მას პრემიერ-მინისტრის პოსტზე ფიქრზე ხელი აუღია და ხელისუფლების შენარჩუნებას ახლა პარლამენტის თავმჯდომარის რანგში აპირებს. სხვათა შორის, "ახალი თაობა" სხვა წყაროებზე დაყრდნობით ჯერ კიდევ გაზაფხულზე წერდა, რომ სააკაშვილი არა პრემიერობისთვის, არამედ პარლამენტის თავმჯდომარეობისთვის ემზადებოდა. მოგეხსენებათ, პარლამენტის თავმჯდომარეობისთვის აუცილებელია არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, ამას კი, ბუნებრივია, ისე ვერ გააკეთებს, თუ არ გადადგა. წყაროს თქმით, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის საბაბი შეიძლება გახდეს ბიუჯეტის პროექტის ჩავარდნა ან არეულობა ქვეყანაში, ანუ პროცესების ხელოვნურად დაძაბვა. მოკლედ, წინ აშკარად ცხელი თვეები გველის", - აღნიშნავს გამოცემა.
717
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85