"ქართული ოცნება" საქმიანობას პატიმრებზე ზრუნვით დაიწყებს


"ბიძინა ივანიშვილითან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეხვერა ის შედეგი მოჰყვა, რომ მილიარდერი საკუთარი რესურსების ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით წარმართვაზე ალაპარაკდა. ირკვევა, რომ ივანიშვილის "ქართული ოცნების" მთავარი საზრუნავი თემა სწორედ ადამიანის უფლებების დაცვა იქნება. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ყველასთვის კარგადაა ცნობილი საქართველოში მოსახლეობის ყველაზე დიდი აღშფოთება და პროტესტი ბოლო წლებში მომძლავრებულმა უსამართლობამ გამოიწვია. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა არსებული უსამართლობის შესახებ ივანიშვილს დამატებითი მასალები გადასცეს, თუმცა ის ისეთი ინფორმირებულია, ეს ყველაფერი მისთვის მანამდეც იქნებოდა ცნობილი", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით "ქართული ოცნება" საქმიანობას პატიმრებზე ზრუნვით დაიწყებს / ბიძინა ივანიშვილი: "ადამიანის უფლებათა დაცვა და თითოეული მოქალაქისთვის სამართლიანობის განცდა იქნება პრიორიტეტული"

"ივანიშვილი და მისი გუნდი, სამოქალაქო საზოგადოების სუბიექტებთან ერთად, ახლო მომავალში რამდენიმე მნიშვნელოვანი უფლებადაცვითი პროექტის განხორციელებას დაიწყებენ: პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა გათავისუფლებისთვის ყველა საჭირო მექანიზმების შექმნა; ყველა იმ პირის სამართლებრივი დაცვით უზრუნველყოფა, ვინც ახალი მოძრაობის მხარდასაჭერ პროცესებში ჩაერთვება და პოლიტიკური ნიშნით ხელისუფლების მხრიდან დევნის ობიექტი აღმოჩნდება; პატიმრების დასახმარებლად მიმართული სამართლებრივი და სოციალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება. ივანიშვილის პრესსამსახურის განცხადებით, ადამიანი უფლებების დაცვა პრიორიტეტული იქნება იმ საზოგადოებრივი მოძრაობისთვის, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი 25 ნოემბერს დააფუძნებს - "ქართული ოცნების" პრეზენტაცია ფილარმონიაში იგეგმება და უკვე გარკვეულია, რომ ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას თავად ბიინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს", - აღნიშნავს გამოცემა.

"მილიარდერის მრჩეველთა საბჭოს წევრი, პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე აცხადებს, რომ თავადაც "ქართული ოცნების" წევრი იქნება: "ამ მოძრაობის მიზანია გამოკვეთოს ის ამოცანები და მიზნები, რითაც პოლიტიკურ სარბიელზე ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა. გარდა ამისა, მოძრაობის მიზანია საზოგადოებას ივანიშვილის მიზანდასახულობა გააცნოს. რამდენადაც ამისთვის ყველაზე კარგი საშუალება ფართო საზოგადოების თანამოაზრეობის პრინციპით გაერთიანებაა, ამ ეტაპზე საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბება ჩაითვალა მიზანშეწონილად. საზოგადოებრივი მოძრაობა ამ ქვეყნის უკეთესი მომავლის რწმენით გაერთიანებული ადამიანების თავშეყრისთვის ყველაზე კარგი საშუალებაა და სწორედ ამიტომ გადაწყდა საზოგადოებირივი მოძრაობის შექმნა", - ამბობს ვაჟა ბერიძე, რომლის თქმით, ბევრი რამ სწორედ 25 ნოემბერს გაირკვევა", - დასძენს გამოცემა.

"ყველა ადამიანი, ვინც მიიჩნევს, რომ ქვეყანა უფრო სწრაფად, მიზანმიმართულად და გონივრულად უნდა ვითარდებოდეს, ივანიშვილისა და მისი თანამოაზრეების ირგვლივ უნდა გაერთიანდეს. რა თქმა უნდა, ივანიშვილს დიდი იმედი აქვს, რომ სამოქალაქო საზოგადოება, საზოგადოების აქტიური და ჯანსაღი ნაწილი თავგამოდებით და გულისხმიერებით მოეკიდება ახალი ძალის გამოჩენას", - აცხადებს ვაჟა ბერიძე და მიიჩნევს, რომ ეს მოძრაობა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც გაგრძელებს არსებობას და საზოგადოებაში არსებული პოზიტიური ტენდენციების აქტიური მხარდამჭერი იქნება", - წერს სტატიის ავტორი.