გაზეთ "ალია" მასალების მიხედვით
"მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა, პოლიტიკაში მოსვლის სურვილი გამოთქვა, იმერეთის რეგიონში "ნაცებმა" სრული მობილიზაცია გამოაცხადეს და დაიწყო კიდეც "ანტიბიძინისტური მოძრაობა". ბუნებრივია, ამ საქმეში ყველაზე მეტად გუბერნატორი ლაშა მაქაცარია აქტიურობს და ათასნაირ ვერსიას თხზავს - როგორც "ალიას" სანდო წყარო ატყობინებს, თუ ამ პრობლემას თავს ვერ გაართმევს და ანტიბიძინისტური მოძრაობა არაეფექტური აღმოჩნდება, მაშინ შემცვლელსაც მოუძებნიან", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით საჩხერის გამგებელი სცემეს?
"ამ შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება საჩხერის რაიონს უნდა მიექცეს და კერძოდ, სოფელ ჭორვილას, სადაც გუბერნატორმა სტადიონი გახსნა, თან მოსახლეობას დაჰპირდა, თუ კარგად მოიქცევით, ხიდებსაც აგიშენებთო. ეს იმ ხიდებზეა ლაპარაკი, რომლის კარკასებიც ივანიშვილის ნაყიდია. ერთი სიტყვით, როგორც იმერეთიდან გვატყობინებენ, საჩხერის მოსახლეობასთან მუშაობა ამავე რაიონის გამგებელ ზურაბ ცერცვაძეს დაევალა, რადგან საჩხერის მაჟორიტარმა დეპუტატმა, სამსონ ქუთათელაძემ ამაზე უარი განაცხადა. ამ დღეებში, ჩვენი წყაროს ცნობით, ზურაბ ცერცვაძემ უკვე დაიწყო სააგიტაციო მუშაობა საჩხერის რაიონის სოფლებში და შემდეგ მიადგა ჭორვილას - ის თურმე გლეხებს უმტკიცებდა, ბიძინა ივანიშვილი რუსეთის კაცია და "სოფლიდან უნდა მოვკვეთოთო" - მართალია, გამგებელი არ გახლავთ ხევისბერი, მაგრამ დავალება ყოფილა ასეთი...", - აღნიშნავს გამოცემა.
"ერთ-ერთ ჭორვილელს უთქვამს: რუსეთ-საქართველოს ომის დროს, თქვენ რომ დამალულები იყავით, საჩხერის ბატალიონი დაბომბვისგან ბიძინამ გადაარჩინაო. რაკი ერთმა გაბედა, მას სხვა ჭორვილელებიც აჰყოლიან და ბოლოს, როგორც ამბობენ, გამგებელს ერთი-ორი ალიყურიც მოხვედრია, - მას სახეზე ჩალურჯებები ეტყობოდა და რამდენიმე დღე არც სამსახურში გამოჩენილაო. ბუნებრივია, "ალიამ" სცადა, მომხდარი ფაქტის შესახებ თავად საჩხერის გამგებელს, ზურაბ ცერცვაძეს გასაუბრებოდა, მაგრამ მან, როგორც მოსალოდნელი იყო, მას საერთოდ უარყო ყველაფერ, არც სოფლებში ვყოფილვარ ამ დღეებში და არც არავის ვუცემივარო. პრინციპში არც გვქონდა იმედი, რომ ბატონი ზურაბი რამეს აღიარებდა, მაგრამ არიან ადგილობრივები, რომლებიც მომხდარს ადასტურებენ. ასე რომ, ჭორვილაში "ანტიბიძინისტური მოძრაობის" წამოწყება ამ ეტაპზე მარცხით დამთავრდა. ვინ მიიღებს კიდევ ალიყურს "ნაცების" რიგში, ჯერჯერობით უცნობია", - დასძენს გამოცემა.
943
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85