ნოდარ ჯავახიშვილი -

ნოდარ ჯავახიშვილი - "ივანიშვილი დღესაც აფინანსებს ადამიანებს, რომლებსაც დამსახურება აქვთ ქართული სახელმწიფოს წინაშე, მაგრამ მისი აღვირახსნილი მოწინააღმდეგეები არიან. სია რომ ნახოთ, გაგიკვირდე



"ის, რაც 18 ოქტომბერს ჩვენი ბანკის წინააღმდეგ განხორციელდა, უპრეცედენტოა. საბანკო სისტემაში საკმაოდ ჩახედული ვარ, კარგად ვიცი, რაც მსოფლიო საბანკო სისტემაში ხდებოდა და ხდება, მაგრამ მაინც გადავამოწმე და სავალუტო ფონდის, ევრობანკის, მსოფლიო ბანკის, შავი ზღვის ბანკის წარმომადგენლებსაც ვკითხე: თუ გსმენიათ ოდესმე, ხელისუფლებას, სამართალდამცავებს ამგვარი მეთოდით დაეყაჩაღებინოს ბანკი-მეთქი? ყველა მხრებს იჩეჩავს, რადგან ასეთი რამ არავის გაუგია. საბანკო სფეროში ჩაუხედავი ადამიანიც კი გეტყვით, რომ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული სადამსჯელო ოპერაცია. გაიხსენეთ შს სამინისტროს განცხადება: დაკავებულია 6 მოქალაქე დიდი რაოდენობით ფულითო და ეს ფული იატაკზე იყო გაშლილი. ის მაინც რომ ეთქვათ, ეს ბანკის ინკასაციის მანქანაო, შეკითხვა აღარ გაჩნდებოდა. აბა, რა უნდა ყოფილიყო ინკასაციის მანქანაში - კომბოსტო?" - აცხადებს ბანკ "ქართუს" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნოდარ ჯავახიშვილი გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "თუ ამ შანსს ხელიდან გავუშვებთ, წინ, სულ მცირე, 50-წლიანი შავი ღამე გველოდება!"

"როგორ შეიძლება ქვეყნის ეკონომიკაზე, მის საერთაშორისო იმიჯზე არ იმოქმედოს ინფორმაციამ, რომ შეიარაღებული, შავნიღბიანი ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენლები თავს დაესხნენ საინკასაციო მანქანას და ბანკს ფული წაართვეს? უცხოელი ბანკირები შეწუხებულები არიან და როცა დავარწმუნებ, რომ ფული არ დაეკარგებათ, მხოლოდ ამის შემდეგ მიდიან დამშვიდებულები. რატომ ჩამოვიდა თბილისში შავი ზღვის ბანკის წარმომადგენელი, ან ევრობანკთან სასწრაფო შეხვედრა რატომ გაიმართა?... ასეთ დროს ბატონი პრეზიდენტი და საქართველოს ხელისუფლება ყოყოჩობენ, ერთ-ერთი უსაფრთხო, ეკონომიკურად თავისუფალი ქვეყანა ავაშენეთო. ვნახოთ ერთი, მსოფლიო ბანკი ამ შემთხვევის შემდეგ რომელ რეიტინგს მოგვანიჭებს. ქართუს" წინააღმდეგ განხორციელებული აქცია არის დარტყმა საბანკო სისტემაზეც და ქვეყნის იმიჯზეც მსოფლიოში", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ქართუ ბანკს~ არა აქვს ფინანსური პრობლემები - ლაპარაკია მორალურ თანადგომაზე და უნიკალურ მოვლენაზე ბოლო წლების ქართულ სინამდვილეში - სოლიდარობაზე, რომელიც ჩვენმა ხალხმა ხელისუფლების მიერ ჩადენილი უკანონობის მიმართ გამოამჟღავნა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ქართველი ერისათვის. თუ ჩვენ ერთად დგომას ვისწავლით, ვერავინ მოგვერევა, მით უმეტეს, ამისთანა ხელისუფლება ნამდვილად ვერ დაგვამარცხებს. მსგავსი თანადგომის ბევრი მაგალითი ვიხილე ამ დღეებში. საჩხერიდან მიჩივიან უკვე: გახსენით ბანკი, ჩვენ არა გვაქვს საშუალება, ქუთაისში ჩავიდეთ და ფული ჩავრიცხოთო. დარწმუნებული ვარ, ბევრ რაიონშია ანალოგიური მდგომარეობა. იმის მიუხედავად, რომ სამთავრობო ტელევიზიებს კრინტიც არ დაუძრავთ, ასეთი აქცია მიმდინარეობსო, ხალხი მაინც აქტიურობს. ხომ ხართ დარწმუნებული, რომ არც ნოდარ ჯავახიშვილს და არც ბიძინა ივანიშვილს ამ აქციის დასაწყებად თითი თითზე არ დაუდევთ? ერთადერთი, რასაც ვაკეთებ, დღეში რამდენჯერმე ჩავდივარ და ამ ხალხს მადლობას ვუხდი", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას ნოდარ ჯავახიშვილი.

"ბატონი ბიძინას პროექტების განხორციელება განსაკუთრებით სოფლის მეურნეობაში, შექმნის უზარმაზარ მოთხოვნას სამუშაო ძალაზე, ეს მოთხოვნა თუ არ ვარეგულირეთ, შეიძლება ჩვენ არც კი გვეყოს ჩვენი სამუშაო ძალა. როდესაც მან თქვა, ასი პროცენტით დავასაქმებ საქართველოს მოსახლეობასო, ამან გარკვეული გაოცება და სკეფსისი გამოიწვია, მაგრამ ჩვენი სოფლის მეურნეობის დღევანდელი ინტენსიფიკაციის ხარისხიდან გამომდინარე, ყველა ამ პროექტის განხორციელება რომ დავიწყოთ, საქართველოს მოსახლეობა არ გვეყოფა. მისი განცხადება, რომ ჩვენ შეიძლება 2-3 წელიწადში მივაღწიოთ საქართველოს მოსახლეობის სრულად დასაქმებას, რეალურ გათვლებს ეფუძნება და სულაც არ არის მიუღწეველი. წლების შემდეგ, როდესაც იმავე სოფლის მეურნეობაში ინტენსიფიკაციის თანამედროვე დონეს მივაღწევთ, უმუშევრობა მაინც გაჩნდება, მაგრამ ეს იქნება ნორმალური ქვეყნისათვის დასაშვები, კონტროლსდაქვემდებარებული უმუშევრობის დონე", - დასძენს ნოდარ ჯავახიშვილი და შეკითხვას - "გაოცება გამოიწვია იმ პროექტების ნუსხამ, რომელსაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს, მათ შორის არის პირველი ლედის, სანდრა რულოვსის მიერ დაარსებული რადიო `მუზაც~..." - პასუხობს:

"ამაში გასაკვირი არაფერია: ბატონმა ბიძინამ თვითონვე აღიარა, რომ იყო პერიოდი, როდესაც მას სჯეროდა სააკაშვილისა. ის დღესაც ეხმარება და აფინანსებს ისეთ ადამიანებს, რომლებსაც დამსახურება კი აქვთ ქართული სახელმწიფოს წინაშე, მაგრამ მისი აღვირახსნილი მოწინააღმდეგეები არიან - იმიტომ, რომ ის აფინანსებს ქვეყნის წინაშე დამსახურებულ ადამიანს და არა თავის მომხრეს ან მოწინააღმდეგეს. ეს სია რომ ნახოთ, გაგიკვირდებათ. მცირე თანხაზე კი არ არის ლაპარაკი, ზოგიერთს თვეში 5 ათასი ლარი აქვს მისგან დანიშნული. უფლებამოსილება არა მაქვს, თორემ ისეთ გვარებს დაგისახელებდით, თქვენც გაგიკვირდებოდათ. ამის ახსნა მხოლოდ ერთი მიზეზით შეიძლება - ეს კაცი ბუნებით ფილანტროპია. არ ვიცი, სხვები რა ფიქრობენ, მაგრამ, ჩემი აზრით, პოლიტიკურ ასპარეზზე მისი გამოჩენა ბოლო იმედია. თუ ამ შანსს არ გამოვიყენებთ, წინ, სულ მცირე, 50-წლიანი შავი ღამე გველოდება".