როგორც იქნა პარლამენტში ე.წ. ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის განხილვა დაიწყო და გამოაშკარავდა ის, რასაც ყველა ელოდა. კანონპროექტი ევროკავშირის მოთხოვნებს ვერ პასუხობს, მომხმარებელების დაცვას ვერ უზრუნველყოფს და რაც ყველაზე მთავარია მონოპოლისტების ინტერესების სფეროში არც კი იჭრება.
გუშინდელ პარლამენტის სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გიორგი ხუროშვილმა კონკურენციისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ კანონპროექტის პროექტის წარდგენისას ხაზი გაუსვა, რომ კანონპროექტი განსაზღვრავს ეკონომიკურ აგენტებს შორის კონკურენციის შეზღუდვასა და კონცენტრაციასთან დაკავშირებული საკითხებს, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის დარღვევის პრევენციასა და აღკვეთის სამართლებრივი საფუძვლებს და სხვა.
მისი თქმით, კანონპროექტის უმთავრესი მიზანი ბაზარზე მოქმედი კომპანიების არაჯანსაღი კონკურენციის, ხოლო მოსახლეობის ხელოვნურად გაზრდილი ფასებისაგან დაცვაა. თუმცა, როგორც ოპოზიცია მიიჩნევს, კანონპროექტში ამის მისაღწევად რეალურად არაფერია გათვალისწინებული.
ოპოზიციის ძირითადი შენიშვნა ის არის, რომ ეკონომიკის პრიორიტეტული მიმართულებები, რაზეც კანონის მოქმედება უნდა გავრცელდეს, ექსკლუზიურად მთავრობამ უნდა განსაზღვროს. ამით კი თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს დამოუკიდებლობის ხარისხი მცირდება და ის მთავრობისადმი დაქვემდებარებულ სამსახურად ყალიბდება.
როგორც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრმა, დეპუტატმა გურამ ჩახვაძემ განაცხადა, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ ხელშეკრულება ანტიმონოპოლიური რეგულირების გავრცელებას ეკონომიკის ყველა სფეროზე ითვალისწინებს, შემოთავაზებული კანონპროექტით კი, რეგულირების მიღმა ისეთი პრიორიტეტული სფეროები რჩება, როგორიცაა, მაგალითად, ინტელექტუალური საკუთრება, დაზღვევა, ენერგეტიკა, ფასიანი ქაღალდების ბაზარი, კომუნიკაცია, შრომითი ურთიერთობები და ა.შ. შესაბამისად, ის ევროკავშირის მოთხოვნებს ვერ პასუხობს.
ჩახვაძის აზრით, თუ მთავრობას არ ეყოფა პოლიტიკური ნება, უარი თქვას თავის მერკანტილურ მიზნებზე ქვეყნის ინტერესების სანაცვლოდ და თუ მთავრობა არ გადადგამს შემხვედრ ნაბიჯს, მაშინ უნდა დაისვას მისი პასუხისმგებლობის საკითხი და დაიწყოს მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების პროცედურა.
“ასეთი სახით კანონის მიღება სირთულეებს შეუქმნის ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობისა და ასოცირებული წევრობის შეთანხმების დადებას. ამაზე ევროპელმა ექსპერტებმა დიპლომატიურად მიგვითითეს. აშკარაა, ხელისუფლებას არ უყვარს კონკურენცია არც ეკონომიკაში და არც პოლიტიკაში”, - განაცხადა პარლამენტში ედპ-ს წარმომადგენელმა.
დეპუტატის თვლის, რომ კონკურენციის სააგენტოს უნდა ჰქონდეს, კონკურენციის აღსრულების უფლებამოსილება ეკონომიკის ყველა სექტორში, მათ შორის არალიბერალურ სექტორებში. ამის მაგალითად დეპუტატმა ენერგეტიკა, გაზი, წყალმომარაგება, ელექტრონული კომუნიკაციები დაასახელა.
ჩახვაძე მიიჩნევს, რომ კონკურენციის სააგენტო უნდა იყოს ერთადერთი პასუხისმგებელი უწყება კონკურენციის აღსრულებაზე ყველა სექტორში და უნდა შეითავსოს არსებული სექტორული მარეგულირებლების ფუნქციები კონკურენციის სფეროში. თუმცა, მთავრობის მიერ შემოთავაზებული პროექტით ასეთი უფლებამოსილება სააგენტოს არ გააჩნია.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის გიორგი თარგამაძის შეფასებით, კანონპროექტი ნახევარფაბრიკატია, რადგან ის არც თავისუფალი ვაჭრობის და არც ღია, თავისუფალი კონკურენციის არსებობას უწყობს ხელს. ეს კი რიგით მოქალაქეებს, სოციალურად დაუცველებსა და საშუალო ფენას აზარალებს, რადგან ასეთ პირობებში ფასები მაღალია, პროდუქციის ხარისხი კი - დაბალი.
თარგამაძეს რჩება შთაბეჭდილება, რომ ე.წ. ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის პროექტი ხელისუფლებამ მხოლოდ მზესუმზირის ბაზრის გასაკონტროლებლად შემოიღო. ნებისმიერი ხელისუფლების მიზანი უდნა იყოს ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაა, მაგრამ საქართველოში მთავრობასთან შეზრდილი მსხვილი კომპანიები ერთმანეთთან გარიგებით ყველაფერს აკეთებენ, რათა ბაზარზე საშუალო ბიზნესმა თავის დამკვიდრება ვერ შეძლოს.
კანონპროექტის მიხედვით, თუ 65 მილიონზე მეტი ბრუნვა არ აქვს ბიზნესს ქვეყანაში, ის შესაბამისი სამსახურის კონტროლის ქვეშ ვერ მოექცევა. გიორგი თარგამაძე ამბობს, რომ ასეთი რეგულაციით მარილის ბიზნესი კონტროლის გარეშე რჩება. არადა ძალიან დიდი დრო არ არის გასული მას შემდეგ, რაც მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მარილზე ხელოვნურად გაზრდილი ფასების გამო მთავრობას უსაყვედურა და შინაგან საქმეთა მინისტრ ივანე მერაბიშვილს შესაბამისი ღონისძიებების გატარება დაავალა.
“ამ კანონპროექტით მრჩება შთაბეჭდილება, რომ მხოლოდ მზესუმზირის ბაზრის კონტროლის სურვილი გაქვთ”, - მიმართა უმრავლესობას თარგამაძემ.
მას უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა უპასუხა და უმცირესობის ლიდერი გააკრიტიკა. ცისკარიშვილმა ქრისტიან-დემოკრატებს პირში მიახალა, რომ ბრიფინგებზე და პრესკონფერენციებზე თანმიმდევრულობით იწონებენ თავს, არადა, მათი მხრიდან არათანმიმდევრულობის არაერთი მაგალითი არსებობს. “ზედმეტი რეგულირება ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს”, - აღნიშნა ცისკარიშვილმა.
ასეა თუ ისე პარლამენტმა კონკურენციისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით განიხილა და, რა თქმა უნდა, მოიწონა კიდეც.
1278
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85