მთავრობას ახალი საგადასახადო კოდექსის მიღების შემდეგ გაახსენდა, რომ ამ კოდექსიდან გამომდინარე ქვენორმატიული აქტების მიღების საკითხი გაურკვეველია. არადა, რაც ახალ საგადასახადო კოდექსზე დაიწყო მუშაობა, ექსპერტთა მხრიდან ეს საკითხი არაერთხელ დაისვა. საგადასახადო თემატიკაზე საუბრისას ექსპერტები განსაკუთრებულ აქცენტს სწორედ ნორმატიულ აქტებსა და ქვენორმატიულ აქტებზე აკეთებენ. ვინაიდან, სწორედ ამ აქტებით რეგულირდება ყველა ის საკითხი, რაც კოდექსში გაურკვევლად ან ზოგადად არის ჩაწერილი.
იგივე ახალ საგადასახადო კოდექსში რევოლუციურ ნორმად ჩაითვალა „საგადასახადო შეთანხმების“ ცნების შემოღება. თუმცა, კანონში არაფერი არ არის იმაზე ნათქვამი, თუ ეს შეთანხმება როგორ და რა პირობებით თანხმდება. მაშინ ითქვა, რომ ამ საკითხს ფინანსთა მინისტრის მიერ გამოცემული ქვენორმატიული აქტები დაარეგულირებდა, რომელსაც კანონის ძალა ექნება.
ასეთი საკითხები კი საგადასახადო კოდექსში საკმაოდ მრავლად არის და როგორც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გურამ ჩახვაძე აცხადებს, თითქმის ყველა ოპერაციის ჩასატარებლად ასეთი აქტის გამოცემა აუცილებელია. სწორედ ამიტომ ექსპერტები ამ საკითხს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ.
როგორც „მრეწველების“ ლიდერი ზურაბ ტყემალაძე აცხადებს, არ შეიძლება, ერთი კერძო პირის გადაწყვეტილებაზე იყოს დამოკიდებული ისეთი ოპერაციების ჩატარება, რომელიც საგადასახადო სფეროს უკავშირდება. მისი თქმით, არსებული კანონმდებლობა ძალიან არსებით საკითხებზე ფინანსთა მინისტრს აძლევს უფლებას, რომ საკუთარი შეხედულებებისამებრ გადაჭრას. მაგალითისთვის კი იგივე საგადასახადო შეთანხმება სახელდება. ამიტომ ტყემალაძის აზრით, ეს ყველაფერი ქმნის იმის საშიშროებას, რომ „ერთი კონკრეტული საკითხისადმი მიდგომები შეიძლება ყოველწლიურად კი არა, ყოველთვიურად შეიცვალოს“, რაც საბოლოო ჯამში ისევ ბიზნესსექტორზე იქონიებს უარყოფით გავლენას.
აღსანიშნავია, რომ ამ მოსაზრებას საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გურამ ჩახვაძეც იზიარებს. სწორედ ამიტომ, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ასეთ საკითხებს კანონი უნდა არეგულირებდეს და არ შეიძლება, ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებაზე იყოს დამოკიდებული.
ძნელი სათქმელია, რამდენად იქნა გათვალისწინებული ოპოზიციის თუ ექსპერტების მოსაზრება, მაგრამ ფაქტია, რომ მთავრობას აქვს დავალება, სამი თვის განმავლობაში შეიმუშაოს ხედვა თუ როგორ უნდა მოგვარდეს აღნიშნული საკითხი.
ფინანსთა მინისტრიც იზიარებს იმ შეხედულებას, რომ „ზოგი ნორმატიული აქტი შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე კანონი და ამიტომ მიიჩნევს, რომ ამ საკითხებზე სერიოზული მსჯელობა და სერიოზული გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული“.
ჯერჯერობით ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ მთავრობამ ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს და მნიშვნელოვანი საკითხების გაწერა მოხდება ნორმატიულ აქტებში და რაც მთავარია, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხებზე გამოცემულ აქტს დასჭირდება მთავრობის თანხმობა.
რაც შეეხება სხვა დეტალებს, როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი აცხადებს, ამ საკითხზე მუშაობა ახლა დაიწყო და მთავრობას სამი თვე აქვს იმისთვის, რომ გადაწყვეტილება მიიღოს. ამასთან, ხუროშვილი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ამ საკითხის შემუშავება მოხდება ბიზნესსექტორთან და იმედოვნებს, რომ „ქვენორმატიულ აქტებთან დაკავშირებითაც ისეთივე თანამშრომლობა შედგება ბიზნესსექტორთან, როგორც ეს საგადასახადო კოდექსის შემთხვევაში იყო“.