რატომ არ ახსენებს სააკაშვილი ივანიშვილის სახელს

რატომ არ ახსენებს სააკაშვილი ივანიშვილის სახელს



"ქვეყანაში ძალიან უცნაური სიტუაციაა, პირველი პირად მიხეილ სააკაშვილი რჩება, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა ბიძინა ივანიშვილია - ქართული თუ უცხოური მედიის ყურადღება ჩვენს პოლიტიკაში შემოჭრილი ამ პერსონის გარშემოა კონცენტრირებული და პრეზიდენტის აქტივობები სერიოზულად იჩრდილება - მხოლოდ მთავრობის "ჯიბის ტელევიზიები" თუ აშუქებენ, როგორ მიულოცა პრეზიდენტმა ყურბან ბაირამის დღესასწაული საქართველოს მუსლიმანებს, როგორ ისაუბრა ქართული ღვინის წარმატებაზე - ამ გამოსვლებში სააკაშვილს ეტყობა, რომ მთლად ხასიათზე ვერაა", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით რატომ არ ახსენებს სააკაშვილი ივანიშვილის სახელს.

"მისი ხასიათის გაფუჭების მიზეზი ყველამ იცის, თუმცა სააკაშვილი ამას საჯაროდ არ აღიარებს. ჩვენი აქტიური პრეზიდენტი, რომელიც ყველასა და ყველაფერზე საჯაროდ საუბრობს ხოლმე, ახლა ჩუმადაა. აწ უკვე საკუთარი პოლიტიკური ოპონენტის, ბიძინა ივანიშვილის სახელი დღემდე არ წარმოუთქვამს. ეს საჯაროდ, თორემ საკუთარი გუნდის წევრებთან ამ სახელს აშკარად ყველა ბრუნვაში ატრიალებს. ისიც აშკარაა, რომ ნაციონალების დიდი თავყრილობა, რომელიც გუშინ შედგა, ივანიშვილს მიეძღვნა. თუმცა საპარლამენტო უმრავლესობა და თვით სააკაშვილი ივანიშვილს საჯაროდ ისევ იგნორირებას უკეთებს. ოფიციალური ინფორმაციით, სააკაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან მთავრობის 10-პუნქტიანი გეგმა და 2012 წლის ბიუჯეტი განიხილა. სააკაშვილის თქმით, 2012 წელს პრიორიტეტდ სოციალური სფერო, ეკონომიკა და ინფრასტრუქტურის განვითარება რჩება, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად კი საქართველოს ბიუჯეტი ეკონომიკურ ზრდაზეა ორიენტირებული - აი, ასე ცდილობს სააკაშვილი ივანიშვილის ფული გადაფაროს და ამისთვის დაპირებების მთელი დასტა აქვს გამზადებული", - აღნიშნავს გამოცემა.

"პიარის სპეციალისტ სოსო გალუმაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენასთან დაკავშირებით სააკაშვილის დუმილი მართლაც საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. ეს იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილს, საქმე საკმაოდ ძლიერ მოწინააღმდეგესთან აქვს. ივანიშვილის პოლიტიკური შანსები რაც უფრო მაღალი იქნება, პრეზიდენტიც დუმილიც ამ თემაზე მით მეტხანს გაგრძელდება. პიარტექნოლოგიის თვალსაზრისით კი პრეზიდენტის დუმილი რამდენიმე მიზეზით აიხსნება. გალუმაშვილის აზრით, ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ ხელჩასაჭიდი არაფერი აქვს. თანაც სააკაშვილი საერთაშორისო საზოგადოების განწყობასა და ივანიშვილის გარშემო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებულ დამოკიდებულებებს აკვირდება. ასევე აკვირდება ქართული საზოგადოების რეაქციებს. როგორც ჩანს, სახელისუფლებო გუნდშიც ხვდებიან, რომ გარკვეული შეცდომები დაუშვეს, რამაც საზოგადოების ივანიშვილისადმი მხარდაჭერა უფრო გაამძაფრა", - დასძენს გამოცემა.

"სავარაუდოდ, პრეზიდენტი ამ თემაზე კომენტარს მაშინ გააკეთებს, როდესაც ვითარების მთლიანი სურათი ექნება სახეზე. სააკაშვილის დუმილის ხანგრძლივობა უპრეცედენტოა და ამდენი ხანი არც ერთ თემაზე არ გაჩუმებულა - ჩანს, კონკრეტული კვლევის შედეგებსაც ელოდება. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ხელისუფლება მუდმივად უკვეთავს გამოკვლევებს და შედეგიდან გამომდინარე გეგმავს ბევრ რამეს. დაელოდება მომენტს, როცა ივანიშვილის წინააღმდეგ რამე ხელჩასაჭიდს იპოვის", - მიიჩნევს ექსპერტი. სააკაშვილი საერთაშორისო განწყობებს რომ აკვირდება, იმიტომაა ასე ჩუმად. ის ივანიშვილის საწინააღმდეგოს ვერაფერს იტყვის, რადგანაც უცხოელი დიპლომატები ახლა სწორედ ბიძინა ივანიშვილს თანაუგრძნობენ. აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი მედიასთან საუბრისას კვლავ აფიქსირებს, რომ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ხელისუფლების მოქმედებები მართებული არ არის. რამდენიმე დღის წინ ბასი გურიას სტუმრობდა, სადაც "გურია ნიუსს" ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრს ესაუბრა" - წერს სტატიის ავტორი.

"მიგვაჩნია, რომ ბატონი ივანიშვილის საქართველოს მოქალაქეობის თემა გახლავთ საქართველოს და საქართველოს სასამართლოების კომპეტენციის საკითხი და მათი გადასაწყვეტია, ეს გახლავთ სამართლებრივი პროცესი, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით და გვსურს, რომ გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული, იყოს საქართველოს იურისპრუდენციის შესაბამისი, ხოლო შემდგომი პროცედურები განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე... რაც შეეხება ჯერ საპარლამენტო, ხოლო შემდეგ საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიას და საარჩევნო პერიოდს - ჩვენ ძალიან აქტიურად დავაკვირდებით და ძალიან აქტიურები ვიქნებით, რათა უზრუნველვყოთ, რომ გარემო იყოს სამართლიანი, კონკურენტული და გამჭვირვალე ყველა კანდიდატისთვის, ყველა პირისთვის და ყველა მოქალაქისთვის საქართველოში", - განაცხადა ჯონ ბასმა. მისივე თქმით, აშშ დაინტერესებულია საქართველოში გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები", - განაგრძობს სტატიის ავტორი.

"ჩვენ ვცდილობთ ამას მივაღწიოთ ტრენინგებით და იმ დახმარებით, რომელსაც ვუწევთ საარჩევნო ადმინისტრაციას. ეს ნაწილობრივ გულისხმობს მიმდინარე ტრენინგს, რომელსაც ჩვენ ვუწევთ პოლიტიკურ პარტიებს - ამას უკვე რამდენიმე წელია ვაკეთებთ და გავაგრძელებთ ახლო მომავალში. ამ პერიოდში დავაკვირდებით, თუ როგორ ურთიერთმოქმედებენ პარტიები, განსაკუთრებით კი ხელისუფლებაში მყოფი პირები როგორ იყენებენ მათ პოზიციას. ძალიან ყურადღებით მივიღებთ იმ ინფორმაციას, რომელიც შემოვა შესაძლო ქმედებების შესახებ, რომელიც შეიძლება იყოს მიმართული კონკურენტული ბალანსის შესაცვლელად და გადასაწონად ერთ-ერთ მხარეს", - აღნიშნავს აშშ-ის ელჩი და განმარტავს, რომ აშშ ნებისმიერ შემთხვევაში შეეცდება გამოსწორდეს ვითარება ან არ გამეორდეს მომავალში", - დასძენს სტატიის ავტორი.