ამ სოფელს მალე წყალი დაფარავს

ამ სოფელს მალე წყალი დაფარავს


სვანეთში პირველად ვარ, ისიც სოფელში, რომელსაც მალე წყალი დაფარავს. ეს სოფელი ხაიშია, მესტიის რაიონი.

. . . სოფელში ჟურნალისტებს ყველა განსაკუთრებული ინტერესით გვათვალიერებს. თავის წარდგენის შემდეგ ადგილობრივები ჩვენთან საუბრას არ ერიდებიან. 

. . . ხაიშელებმა უკვე 30 წელია, იციან, რომ ცხოვრების გაგრძელება სხვაგან მოუწევთ. იციან, თუმცა ვერ ეგუებიან. 
"67 წელი დავასრულე, ახლა რომ სხვაგან გადავიდე საცხოვრებლად, ალბათ ერთ წელსაც ვერ ვიცოცხლებ, ეს ქვა მირჩევნია იქაურ ასფალტს", - წუხს თამრო ნიჯარაძე. 

"ტრანს ელექტრიკა ლიმიტედმა" სოფელ ხაიშიდან 4 კილომეტრში, მდინარე ენგურზე 702 მეგავატ სიმძლავრის "ხუდონჰესი" უნდა ააშენოს. მშენებლობა 2012 წლის აპრილში დაიწყება - ასეთია შეთანხმება სახელმწიფოსა და ინგლისურ-ინდურ კონგლომერატს შორის. ჰესის მშენებლობა სოფელ ხაიშის დატბორვას გამოიწვევს, განსახლების არეალში 250 ოჯახია.

"ჩვენ თქვენთან თანამშრომლობისთვის გაწვდილი ხელით მოვედით", - ამ სიტყვებით დაიწყო ხაიშელებთან შეხვედრა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, პაატა წერეთელმა.

დარბაზი ნელ-ნელა ივსება. მამაკაცები ადგილს ქალებს უთმობენ. დარბაზში ყველა თაობის ხაიშელია. ინტერესი დიდია.

გარემოზე ზემოქმედების წინასწარ ანგარიშს ადგილობრივები მხოლოდ რამდენიმე წუთს უსმენენ. შემდგომ უკვე წამოძახილებია: "ჩვენ რას გვიპირებთ". უპირებენ განსახლებას, სად და რა პირობებში ეს თებერვლის ბოლოს გახდება ცნობილი. ხაიშელებს დაუთვლიან და აუზომავებ ქონებას, დასარეგისტრირებელს დაურეგისტრირებენ, ამ პროცესში კი უკვე დღეიდან მიწის მესაკუთრეთა ასოციაცია ჩაერთვება.

მამაკაცებიც და ქალებიც ერთნაირად აქტიურობენ, გამორჩეულებისთვის ტაშიც არ ენანებათ. ითხოვენ კონკრეტულ პასუხს კონკრეტულ კითხვაზე – გადაწყვეტილია თუ არა სოფელში ჰესის მშენებლობა.

"მშენებლობა ტექნიკური კუთხით გადაწყვეტილია. რაც შეეხება გარემოზე ზემოქმედებას და სოციალურ საკითხებს, მიმდინარეობს მუშაობა, რომელიც დასრულდება თებერვალ-მარტში. მოხდება ყველა ოჯახის ინდივიდუალური შესწავლა, სოციალური გამოკითხვა. დაიდება შედეგები, ამის შემდეგ ინვესტორი სახელმწიფოსთან და მოსახელობასთან ერთად გადაწყვეტს, რა შემოგთავაზოთ. დამიჯერეთ, ყველა თქვენს შეკითხვას პასუხი გაეცემა", - არწმუნებს ხაიშელებს პაატა წერეთელი.

~ძალიან მტკივნეული თემაა სასაფლაო. ეს ხომ იქნება განმეორება იმ ტრაგედიისა, როცა ისინი წავიდნენ ჩვენი ცხოვრებიდან. ამხელა ეკლესიაა სოფელში, ეს ასე იოლად სალაპარაკო თემა არ არის", - წუხს 35 წლამდე ქალბატონი. 

წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის საძირკველი 10 საუკუნეს ითვლის, აქ მსახურებას მამა გიორგი შაბათ-კვირას აღავლენს. ეკლესია საფლავებს შორისაა, ადგილობრივები გვეუბნებიან, რომ ზოგიერთი მათგანი 100 წელსაც ითვლის. მთისთვის ტრადიციები უძვირფასესია. სვანებს სახლებზე მეტად წინაპრები ენანებათ, ეშინიათ ღმერთისაც.
"ოღონდ ეკლესია გადარჩეს და მართლა წყალს წაუღია სხვა ყველაფერი", - ცრემლნარევი ხმით გვეუბნება მანდლიანი ქალბატონი. ხმაურიან შეხვედრას სოფლის გამგეობაში მამა გიორგიც ესწრება...

დასატბორად სოფელი ბავშვებსაც ენანებათ. სკოლის ეზოში ჟურნალისტების გამოჩენა არ გამოპარვიათ. პირველად 15 წლამდე ბიჭი გვიახლოვდება, სურათის გადაღებას გვთხოვს, მე სანაცვლოდ - კამერის წინ საკუთარ სოფელზე საუბარს. უარს მეუბნება, ფორმაში არ ვარო. კამერის გარეშე კი მიმხელს, რომ არსად წასვლა არ უნდა. 
ხაიშის საჯარო სკოლაში 150 მოსწავლეა. ყველა მათგანი სკოლის ეზოდან გამოსვლისას პირჯვარს იწერს, წინ წმინდა გიორგის ტაძარია....

ინვესტორებისა და ხაიშელების შეხვედრა თითქმის სამ საათს გაგრძელდა. ადგილობრივები შეხვედრას დაბნეულები ტოვებენ.... 30 წლის შემდეგ ერთი რამ ზუსტად გაიგეს, სოფელში ჰესის მშენებლობა საბოლოოდ გადაწყდა... 

პროექტი 1 მლრდ დოლარის ღირებულებისაა, საიდანაც მნიშვნელოვანი თანხა სოციალური პრობლემების მოგვარებას მოხმარდება. ინვესტორები ამბობენ, სოფლის დატბორვას დღეს შემუშავებული პროექტის ალტერნატიული ხაიში II და ხაიში III-იც იწვევს, თუმცა ამ შემთხვევაში პროექტი ურთულეს გეოლოგიურ პირობებში აღმოჩნდებოდა. 

ხუდონის ჰიდროელექტრო სადგურს ისტორიულ პროექტს უწოდებენ. ინვესტორები მის ისტორიულობას სამი ძირითად მიზეზით ხსნიან - მშენებლობის დასრულების შემდეგ საქართველო ენერგოდამოუკიდებელი გახდება; მშენებლობაზე მინიმუმ 3 000 ადამიანი დასაქმდება; ქვეყანა უმსხვილესი ენერგოექსპორტიორი იქნება. . .