ლაშა ნაცვლიშვილი –

ლაშა ნაცვლიშვილი – "იშოვა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა ფული ეფ-ეს-ბეს დახმარებით "


"სახელისუფლებო ტელევიზიების მხრიდან ბიძინა ივანიშვილის ფულის რუსულ წარმომავლობასთან დაკავშირებული სიუჟეტები არახალია. თუმცა შაბათს ბიზნესმენის ფულის წარმომავლობა მემარჯვენეების ლიდერმა, დავით გამყრელიძემაც დააყენა ეჭვქვეშ. ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ ყოფილ პარლამენტარსა და უშიშროების მინისტრის ყოფილ მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილს, რომელმაც განგვიცხადა: "საკითხი იმდენად სენსიტიურია, რომ მოკლე კომენტარით ვერ შემოვიფარგლები და პირობა უნდა მომცეთ რომ რასაც ვიტყვი, ყოველგვარი რეტუშისა და კუპიურების გარეშე დაბეჭდავთ", - წერს გაზეთი "მთელი კვირა" სტატიაში სათაურით იშოვა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა ფული ეფ-ეს-ბეს დახმარებით / ლაშა ნაცვლიშვილი: "90-იან წლებში რუსეთში მილიარდების შოვნას სწორედაც რომ კრემლის კოლაფსი განაპირობებდა".

"მაშ ასე: ვფიქრობ, ბატონ დავითს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ერევა. 90-იანი წლების რუსეთში, რომელსაც ახლა "ლიხიე დევიანოსტიეს" უწოდებენ, მილიარდების შოვნას სწორედაც რომ კრემლის, ანუ კომუნისტური პარტიის და კა-გე-ბეს კოლაფსი განაპირობებდა და არა პირიქით. უპრიანია გავიხსენოთ, რომ საბჭოთა კავშირი, როგორც იდეოლოგიური ზესახელმწიფო, გეგმური ეკონომიკითა და კერძო საკუთრების გარეშე, ამ ორ მონსტრზე იდგა და ბელოვეჟიედან დაწყებული ვლადიმირ პუტინის რეალურ გაპრეზიდენტებამდე, ე.ი. ხოდორკოვსკის დაჭერამდე - ანუ 1990-2003 წლებში, რუსეთი ამ სახელმწიფო ინსტიტუტების - ცენტრალური ხელისუფლებისა და და მრავალგზის რეფორმირებული, დაშლილი და სახელგადარქმეული "კა-გე-ბე/ეფ-ეს-კა/ეფ-ეს-ბე"-ს პარალიჩის ინერციით ცხოვრობდა, რამაც, საბოლოო ჯამში წარმოშვა კიდეც პირველი თაობის მილიარდერთა კლასი, რომელსაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი მიეკუთვნება", - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა ნაცვლიშვილი.

"იმედია, ბატონი დავით გამყრელიძე იმის წინააღმდეგი მაინც არ არის, რომ ბიძინა ივანიშვილი კრასნოკამენსკის კოლონიის ნაცვლად, აგერ უკვე მეცხრე წელია სამშობლოში ცხოვრობს. არ არის გამორიცხული, აგრეთვე ბატონი დავითი იმავე პერიოდის საკუთარი ბიზნეს-გამოცდილების რუსეთის რეალიებთან ექსტრაპოლირებას ახდენდეს, რაც მთლად რელევანტური არ უნდა იყოს. და მესამე: ადამიანურად ნამდვილად არ მსიამოვნებს, რომ ბატონი დავითის აღნიშნული მოსაზრების, - რომელიც სახელისუფლებო პროპაგანდასთან უნისონის გამო საჯარო დაბეზღებას უფრო ჰგავს, ვიდრე პოლიტიკურ განაცხადს, - კომენტირება მიწევს, რადგან მჯერა, რომ იგი თარგამაძე-თორთლაძე-ქარდავასგან განსხვავებით ხელისუფლებასთან შეკრული არ არის", - დასძენს უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილე.

"მომიტევონ ახალმა მემარჯვენეებმა, მაგრამ მგონია, რომ თუ რამესთან არის "შეკრული" ბატონი დავითი, მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური წარუმატებლობების პრაქტიკულად უწყვეტ სერიასთან, რაც, ჩემდა სამწუხაროდ, გარკვეული უნარების დეფიციტზე უფრო მიუთითებს, ვიდრე ღალატზე და ამიტომ მას ამჟამინდელ პოზიციასაც, 2003 წლის ნოემბრისა და 2008 წლის ნოემბერ-იანვრის მსგავსად, ფსიქოლოგიური ტერმინის რომ ვიხმაროთ, კოგნიტიური დისონანსის მძაფრო ფორმის გამოვლინებად მივიჩნევ", - დაასკვნის ლაშა ნაცვლიშვილი.