ეკლესია სამოთხიდან ადამის განდევნას იხსენებს

ეკლესია სამოთხიდან ადამის განდევნას იხსენებს

დღეს, მიტევების კვირას, ეკლესია სამოთხიდან ადამის განდევნას იხსენებს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება .

როგორც `ინტერპრესნიუსს~ საპატრიარქოდან აცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საღმრთო ლიტურგიას დღეს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.

ამასთან, კვირა საღამოს ყველა ტაძარში საგანგებო ღვთისმსახურება აღესრულება, რომლის დროსაც შენდობის ლოცვები იკითხება. ამის შემდეგ, ეკლესიის ყველა წევრი ერთმანეთისგან შენდობას ითხოვს და თავადაც ყველას პატიებს.

იმის შესახებ, თუ რომელ საათზე შეასრულებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე შენდობის წესს, ამის შესახებ წირვის დასრულების შემდეგ უწმინდესი თავად განაცხადებს.

შენდობის წესის დროს კათოლიკოს-პატრიარქი თავად ითხოვს შენდობას. უწმინდესის მიერ შენდობის წესის შესრულებას საქართველოს ყველა ეპისკოპოსი დაესწრება.

პირველქმნილი ადამიანების მიერ სამოთხის დატოვების მიზეზი სინანულის არქონა გახდა. ამიტომ, ეს დღე საყოველთაო სინანულისკენ მოწოდებაა, რადგან მარხვის დარღვევით დაიკარგა სამოთხე, მარხვის დაცვით კი იგი მოიპოვება.

წელს დიდმარხვა 18 მარტიდან იწყება და 5 მაისს, უფლის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.