პაატა ზაქარეიშვილი :   სააკაშვილმა თავის დროზე აიღო უპასუხისმგებლო ვალდებულება ევროპის ქარტიის რატიფიცირებაზე

პაატა ზაქარეიშვილი : სააკაშვილმა თავის დროზე აიღო უპასუხისმგებლო ვალდებულება ევროპის ქარტიის რატიფიცირებაზე

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა თავის დროზე აიღო უპასუხისმგებლო ვალდებულება უმცირესობის ენების შესახებ ევროპის ქარტიის რატიფიცირების შესახებ. 

ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა დღეს "კურიერის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, წლების განმავლობაში საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს ევროსაბჭო ერთნაირად ელაპარაკებოდა, თუმცა სააკაშვილმა 1999 წლიდან აიღო ვალდებულება, რათა ადრე თუ გვიან განახორციელოს რატიფიკაცია ევროპის ქარტიისა რეგიონალურ და უმცირესობის ენების შესახებ.

"ევროსაბჭოს 2000 წელს უნდოდა მიეღო საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი, თუმცა მიხეილ სააკაშვილმა თავის თავზე აიღო წინდაუხედავად ვალდებულება, ისე, რომ ამ საკითხის განხილვა საზოგადოებაში არ მომხდარა", – აცხადებს ზაქარეიშვილი.

მისივე თქმით, მაშინდელი პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელმა მოისურვა თავისი გუნდისთვის ქულების ჩაწერა.

მინისტრის შეფასებით, ამ ქარტიის მძიმე და საპასუხისმგებლო საკითხია ასევე მაჰმადიანი მესხების დაბრუნება.

"საქართველოს ეს ვალდებულება უკვე აღებული აქვს და ადრე თუ გვიან აუცილებლად მოუწევს ამ ქარტიასთან მიერთება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვერ მივიღებთ ვერანაირ ევროპულ ინტეგრაციას, რაზეც ასე ხშირად ლაპარაკობს ბატონი სააკაშვილი", – აცხადებს ზაქარეიშვილი.

მისივე თქმით, ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმას ვერ მოეწერება ხელი, სანამ საქართველო არ მიუერთდება ქარტიას.

ახალქალაქის საკრებულო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს ევროპული ქარტიის რატიფიცირების თხოვნით, სავარაუდოდ, ორშაბათს მიმართავს.
ამის შესახებ დღეს "ინტერპრესნიუსს" სატელეფონო საუბრისას ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ, ჰამლეტ მოვსისიანმა განუცხადა.

მისივე თქმით, საკრებულოს წევრები რეგიონული ან უმცირესობის ენების შესახებ ევროპული ქარტიის რატიფიცირებას და შესაბამის საკონსტიტუციო ცვლილებებს ითხოვენ.
მოვსისიანის ცნობით, მიმართვის შემუშავების ინიციატორია საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-რესპუბლიკელები", რომელსაც სარგის უზუნიანი ხელმძღვანელობს.