თბილისის მერიის მიერ ქალაქში სავაჭრო ჯიხურების განთავსების უფლებასთან დაკავშირებით გამოცხადებული 4 აუქციონი 7, 9, 15 და 16 ნოემბერს უნდა გაიმართოს. თუმცა "რეზონანსმა" აუქციონის ჩატარებამდე 2 კვირით ადრე საბურთალოს რაიონში, ბულაჩაურის და იოსებიძის ქუჩების გადაკვეთაზე, 2 ნოებერს, დილით, ახალი ჯიხური უკვე აღმოაჩინა სწორედ იმ დიზაინით, რომელიც მერიის ვებ-გვერდზეა განთავსებული და სწორედ იმ ლოტზე, რომელიც ასევე მერიის მიერაა გამოცხადებული. ახალი დიზაინის ჯიხური ეკუთვნის #28 ლოტს, ეს გახლავთ აუქციონი #65, რომელიც 16 ნოემბერს უნდა ჩატარდეს.
"რეზონანსი" შეეცადა მერიაში გაერკვია, თუ როგორ მოხდა, რომ აუქციონის ჩატარებამდე 2 კვირით ადრე ჯიხური უკვე ქალაქში დაიდგა. "რეზონანსს" ამ ჯიხურების ამსახველი ფოტომასალაც აქვს, რომელიც სტატიასთან ერთად გამოქვეყნდება და რომელიც ასევე მერიის ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელს გავუგზავნეთ.
თავდაპირველად მერიაში ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაცია უარყვეს და განაცხადეს, რომ მათ მიერ გამოცხადებულ ადგილზე არავითარი ჯიხური არ იდგა. თუმცა, როდესაც მათ ფოტომასალა გავუგზავნეთ, განაცხადეს, რომ შეცდომას ჰქონდა ადგილი და ამას გამოასწორებდნენ.
მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში ის მისამართებია მითითებული, სადაც ჯიხურები უნდა დაიდგას. #65 აუქციონში #28 ლოტზე სწორედ ბულაჩაურის და საბურთალოს ქუჩებია მითითებული.
მიუხედავად ამისა, მერიის ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი თამარ დვალი "რეზონანასთან" საუბრისას პირველ ეტაპზე აცხადებდა, რომ ჩვენი ზარის შემდეგ გადაამოწმეს, არის თუ არა მართლაც ამ ადგილზე ახალი ჯიხური დადგმული. მას შემდეგ, რაც აღნიშნულ მისამართზე მივიდნენ, ნახეს, რომ ჯიხური დგას, თუმცა ამტკიცებდნენ, რომ ეს სხვა ჯიხურია და მერიის მიერ გამოცხადებულ აუცქიონთან კავშირი არ აქვს.
თამარ დვალი: "ვნახეთ, მაგრამ ჩვენ სადაც გვაქვს აუქციონი გამოცხადებული, ზუსტად მანდ არ დგას ჯიხური, ჩვენი ადგილიდან დახლოებით 20 მეტრში დგას ეს ახალი ჯიხური, თქვენ რასაც გადაუღეთ ფოტოები. ეს ბულაჩაურის და იოსებიძის გადაკვეთა პირობითია, დაახლოებით 20 მეტრში დგას სხვა ახალი ჯიხური, რომელსაც 2010 წელს აქვს ნებართვა მიღებული და ჯერ ვადა აქვს".
"რეზონანსი": მაგრამ 2010 წელს მიღებული ნებართვის მერე 2 ნოემბრის დილით რატომ დაიდგა ზუსტად ისეთი ჯიხური, როგორ ჯიხურებზეც მერიამ სულ ახლახან გამოაცხადა აუქციონი და ზუსტად იმ ადგილზე, რომელიც #28 ლოტზეა მითითებული, ეს საეჭვოდ არ გეჩვენებათ?
თ.დ.: "შეგიძლიათ ფოტოები მაჩვენოთ?"
"რეზონანსმა" თამარ დვალს ახალი ჯიხურის ფოტოები გაუგზავნა და ამის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჩვენ მიერ დაფიქსირებული ჯიხური ზუსტად იმ ადგილზე დგას, რომელზეც მერიამ აუქციონი გამოაცხადა.
"ის ადგილი, რომელზეც თქვენ გვეუბნებით, ნამდვილად გატანილია აუცქიონზე და აუქციონი ჩვეულებრივად ჩატარდება. უბრალოდ, ვიღაცას ადრე ჰქონდა ნებართვა მიღებული ჯიხურის ჩადგმაზე და ახლა ჩადგა. ნებართვა იყო გაცემული არქიტექტურის სამსხურის მიერ 2010 წლის აგვისტოში ბულაჩაურის ქუჩაზე ჯიხურის ჩადგმაზე. ეტყობა, როცა ამ ადამიანმა გაიგო ჩვენ მიერ გამოცხადებული აუქციონის შესახებ, ადგა და ზუსტად იგივე დიზაინის ჯიხური დაამზადებინდა და ჩადგა.
"მაგრამ ხვალვე გადაადგმევინებენ ამ ჯიხურს. ბულაჩაურის ქუჩაზე კი დარჩება ეს ჯიხური, რადგან მას აგვისტომდე აქვს ვადა, მაგრამ ზუსტად იმ ადგილზე ვერ დადგამს, იმიტომ, რომ იმ აგდილზე ჩვენ გვაქვს აუქციონი გამოცხადებული", - განუცხადა "რეზონანსს" ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა თამარ დვალმა.
"რეზონანსის" კითხვაზე, თუ რის საფუძველზე მიიღო იმ ადამიანმა ჯიხურის ჩადგმის ნებართვა, მერიაში პასუხობენ, რომ არქიტექტურის სამსახურმა მისცა მას ეს ნებართვა აგვისტოში. ასევე კითხვაზე, თუ როგორ მოხდა მერიის მიერ აზომილ ტერიტორიაზე, სადაც აუქციონია გამოცხადებული, რომ სხვა პირმა ჯიხური განათავსა, თამარ დვალი პასუხობს: "თავდაპირველად, როცა თქვენ დაგვიკავშირდით, მიმტკიცებდნენ ჩემები, რომ გამორიცხული იყო ამ ადგილზე ჯიხურის დადგმა. მაგრამ მას შემდეგ, რაც თქვენ ფოტოები გამომიგზავნეთ, გავარკვიეთ, რომ მართლაც ყოფილა იქ ჯიხური და ამას გამოვასწორებთ".
უცნაურია, როდესაც მერიას კონკრეტულ ადგილზე აუქციონი აქვს გამოცხადებული და იქ დადგმულ ახლა ჯიხურს ვერ ამჩნევს. ასევე უცნაურია, როდესაც თავიდან ეს ინფორმაცია უარყვეს და მხოლოდ ფოტოების გადაგზავნის მერე დაადასტურეს, რომ მართლაც მათ მიერ გამოცხადებულ ადგილზე იდგა ახალი ჯიხური.
ასევე უცნაურია ისიც, რომ ადამიანმა, რომელმაც 4 თვის წინ მიიღო ნებართვა ბულაჩაურის ქუჩაზე ჯიხური ჩაედგა, თან სულ რაღაც ერთწლიანი ვადით, მხოლოდ 4 თვის შემდეგ დადგა ეს ჯიხური, თან ზუსტად ისეთი დიზაინით, როგორსაც მერია ითხოვს და ზუსტად მერიის მიერ აზომილ ადგილზე, რომელზეც 16 ნოემბერს აუქციონი უნდა ჩატარდეს.
"რეზონანსი" აუცილებლად შეამოწმებს, შეასრულებს თუ არა მერია სიტყვას და გადადგამენ თუ არა ამ ჯიხურს. ასევე აუცილებლად მოვიძიებთ ქალქის სხვა რომელიმე უბანში, სადაც აუქციონია გამოცხადებული, მსგავს "შეცდომებს" ხომ არ აქვს ადგილი მერიის მხრიდან.
შეგახსენებთ, რომ თბილისში მერიის მიერ სავაჭრო ჯიხურების განთავსების უფლების მოსაპოვებლად 4 აუქციონია ჩანიშნული. 4 აუქციონის შედეგად, რომლებიც 7, 9, 15 და 16 ნოემბერს გაიმართება, სულ 223 ფართია გამოტანილი, სადაც აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში, მეწარმეები ჯიხურების დადგმას 5 წლის ვადით შეძლებენ.
სავაჭრო ჯიხურებისთვის განკუთვნილი ფართები 3-12 კვ.მ-ია. ფართზე უფლების მიღების საწყისი ფასი 1000 ლარით, "ბიჯი" კი 50 ლარით განისაზღვრა.
გამარჯვებულმა მეწარმემ ადგილზე მერიის მიერ შეთავაზებული ჯიხურების 10 პროექტიდან ერთ-ერთი უნდა დაამონტაჟოს. მეიჯარემ თანხა 6 თვეში ერთხელ უნდა გადაიხადოს.
მერია სავაჭრო ჯიხურების განთავსებას თბილისის მასშტაბით 1000-ზე მეტ ადგილას გეგმავს.
1639
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85