მაუწყებლის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვას ელისო ჩაფიძესა და ჩიორა თაქთაქიშვილს შორის დებატები მოჰყვა

მაუწყებლის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვას ელისო ჩაფიძესა და ჩიორა თაქთაქიშვილს შორის დებატები მოჰყვა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მაუწყებლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განხილვას მომხსენებელ ელისო ჩაფიძესა და საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთ ლიდერ ჩიორა თაქთაქიშვილს შორის დებატები მოჰყვა. 

როგორც თაქთაქიშვილმა განაცხადა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ელისო ჩაფიძეს სურს, კანონპროექტების ავტორების, ლაშა ტუღუშის, ზვიად ქორიძის, ია ანთაძის სამეურვეო საბჭოში დასაქმება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ელისო ჩაფიძემ მის ოპონენტს უპასუხა, რომ ეს არის სპეკულაცია და შეურაცხყოფა საჯარო პირების მიმართ, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ეს ადამიანები, მისი ინფორმაციით, არ აპირებენ საკუთარი კანდიდატურების წარდგენას. ამასთან, ჩაფიძის თქმით, ია ანთაძეს კანონპროექტზე ხელი საერთოდ არ აქვს მოწერილი.

გარდა ამისა, ჩიორა თაქთაქიშვილი დაინტერესდა, თუ რა რეაგირება ჰქონდა ჩაფიძეს ხათუნა ბერძენიშვილის სკანდალურ განცხადებაზე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებელში დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ გააკეთა.

ჩაფიძის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ იქნება მიმართვა მისი კომიტეტის მიმართ ბერძენიშვილის მხრიდან, ის მზად არის შეისწავლოს აღნიშნული საკითხი. "თუმცა, ყველამ კარგად იცის, ვინ ხართ თქვენ და ვინ არის ხათუნა ბერძენიშვილი", - მიმართა ჩაფიძემ თაქთაქიშვილს.

ამასთან, უმცირესობისა და უმრავლესობის მხრიდან დღევანდელ სხდომაზე გამოითქვა ურთიერთბრალდებები მედიაზე ზეწოლისა და ჩარევის თაობაზე. უმცირესობის წევრები ამბობენ, რომ ეს კანონპროექტი ტელევიზიაში ჩარევას ემსახურება, უმრავლესობა კი აღნიშნულ ბრალდებაზე პასუხობს, რომ მედიაზე ზეწოლა და ჩარევა სწორედ წინა მმართველობის პერიოდში ხორციელდება და არა ახლა.