"ტელეიმედის" განმარტებით, დენ ბეიტსს რევაზ საყევარიშვილი არ შეუცვლია

ტელეკომპანია "იმედის" ახალ გენერალურ დირექტორს დენ ბეიტსს თანამდებობაზე რევაზ საყევარიშვილი არ შეუცვლია , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ტელეკომპანიის საინფორმაციო დეპარტამენტის უფროსმა, ბაია ცანავამ განუცხადა.

მისივე განმარტებით, ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობა ვაკანტური იყო და საყევარიშვილი ამ დრომდე "იმედის" გენერალური დირექტორის მხოლოდ მოვალეობას ასრულებდა.

ბაია ცანავას ინფორმაციით, რევაზ საყევარიშვილი "იმედის" მფლობელი კომპანიის, "ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის" დირექტორის, ლიანა ჟმოტოვას, მოადგილეა და ამ თანამდებობაზე აგრძელებს მუშაობას.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, ტელეკომპანია "იმედის" გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დენ ბეიტსი დაინიშნა. ტელეკომპანია "იმედის" ცნობით, დენ ბეიტსი 30 წელზე მეტია, სატელევიზიო ბიზნესში მუშაობს. მათივე ინფორმაციით, დენ ბეიტსი აშშ-ში, სერბეთსა და რუმინეთში, სხვადასხვა ტელევიზიაში უმაღლეს მმართველ თანამდებობებს იკავებდა.