მაკა დეკანოსიძე, ”ქართული სიტყვა”
საახალწლო გამოკითხვის მიხედვით, რომელიც “ქართულმა სიტვამ” 2010 წლის დეკემბერში ჩაატარა, რესპოდენტთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ ბიძინა ივანიშვილი დაასახელა. საინტერესოა, შეიცვლა თუ არა ხალხის განწყობა ცნობილი მეცენატის მიმართ მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება მიიღო? მაშ ასე, გთავაზობთ “ქართული სიტყვის” მინი-გამოკითხვას - რას ფიქრობს ხალხი ბიძინა ივანიშვილზე?
ირმა, 30 წლის, უმუშევარი: ჩემი აზრით, კარგი კაცია - აქამდე ჩუმად იყო და კეთილ საქმეებს აკეთებდა. რაც გამოჩნდა, ცდილობენ, ცილი დასწამონ.
ჟორა, 58 წლის, მეწაღე: ივანიშვილის მიმართ დადებითად ვარ განწყობილი. ისიც ვიცი, რომ წლებია, ადამიანებს ეხმარება... საერთოდ, თუ ვინმე კარგი გამოჩნდა, აგენტს ვეძახით, მაგრამ არ მჯერა “იმედისა” და “რუსთავი 2”-ის პროპაგანდის. მე, მაგალითად, რადიო მაქვს ჩართული - თან ფეხსაცმელს “ვარემონტებ”, თან “ობიექტივს” ვუსმენ, რომ ნორმალურად რამე გავიგო.
ნონა, 66 წლის, პენსიონერი: ივანიშვილზე, როგორც ქველმოქმედზე, ცუდი წარმოდგენა არ მაქვს.
მერი, 45 წლის, მოსამსახურე: ივანიშვილი არაჩვეულებრივი პიროვნებაა! უშუალოდ ჩემს ნათესავებს შეეხო ის სიკეთე, რაც ხალხს გაუკეთა საჩხერეში. ადამიანი, რომელიც თავსაც საფრთხეში იგდებს და ამხელა ქონებაც მხოლოდ საქართველოს კეთილდღეობისთვის უნდა, დასაფასებელია. სააკაშვილმა იცის, რომ ხალხს ივანიშვილი უყვარს და შეშინებულია. ამიტომ, მისი არხები ცდილობენ, იმიჯი ყველანაირად შეულახონ, თუმცა არ მგონია, ეს მოახერხონ. ყველაზე კარგი კი ის იქნება, თუ ბიძინა გვერდით ნორმალურ პოლიტიკურ ძალებს დაუდგება. სასიხარულოა, რომ ალასანიასთან დაახლოვდა, რადგან ირაკლი ძალიან გაწონასწორებული და წესიერი პოლიტიკოსია.
სანდრო, 51 წლის, უმუშევარი: ივანიშვილს რომ ნათლავენ რუსეთის აგენტად, გადახედონ თავიანთ მთავრობას. კაცმა იქ იშოვა ფული და აქ ხარჯავს, ამათ კი, სტრატეგიული ობიექტები რუსეთზე გაყიდეს, კიდევ ივანიშვილია აგენტი? ნომერ პირველი აგენტი პრეზიდენტის ბიძაა, რომელიც რუსეთთან ისე ახლოსაა, ივანიშვილს რომ არ დაესიზმრება. საგარეო უწყებაში ვაშაძე ვინ ჰყავთ, ნეტავ? საქართველოს მოქალაქეა? ივანიშვილს რომ ოლიგარქს ეძახიან, იციან ამ სიტყვის მნიშვნელობა? კაცი უანგარო ქველმოქმედებას ეწეოდა და სანამ ყელში არ ამოუყვანეს და პოლიტიკაში ჩარევა არ აიძულეს, არ გაჩერდნენ! მაფიოზი და ოლიგარქი ბენდუქიძე ჰყავთ, ერთი თეთრი გაუმეტებია ვინმესთვის? ივანიშვილს ფული უშრომლად არ უშოვნია, მაგრამ არ ენანება იმიტომ, რომ ქართველი ხალხი და საქართველო უყვარს. ასეთი ადამიანები იშვიათად იბადებიან. მართლაც, გვერდზე უნდა დავუდგეთ ამ ღვთისნიერ კაცს. თუ გვერდით ძლიერი ადამიანი არ გვეყოლება, ამ მთავრობას ვერ მოვერევით იმიტომ, რომ მთელი ბიუჯეტი და ფულადი რესურსი მაგათ ხელშია და რას გახდება ხალხი ძლიერი ზურგის გარეშე?!
ნოდარი, 40 წლის, მუშა: ღმერთმა ქნას, რომ მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალოს, მაგრამ არ მჯერა აღარაფრის!
ეკა, 26 წლის, მცირე მეწარმე: წარმატებული წარსული აქვს და წარმატებული იქნება პოლიტიკაშიც, თუ დასცალდა. ისეთი გამწარებულია ხელისუფლება, არაფერია გამორიცხული, მაგრამ ჭკვიანია და თავს დაიცავს.
მაკა, 31 წლის, ბუღალტერი: ვინც უნდა მოვიდეს, მაინც არაფერი გვეშველება, რადგან ზარმაცი და უდარდელად ცხოვრების მოსურნე ერი ვართ! ვიდრე განათლების დონე არ აიწევს და მენტალიტეტი არ გაგვიჯანსაღდება, წასულია ჩვენი საქმე! ისეთი მძიმე ფონია ქვეყანაში, საერთო გარემოს შეცვლა აუცილებელი და გარდაუვალია. ივანიშვილის გამოცდილება და ნიჭი ეკონომიკურ გუნდს ნამდვილად გამოადგება!
927
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85