რა მსგავსებას ხედავს “თავისუფალი დემოკრატი” ზურაბ აბაშიძე მიხეილ სააკაშვილსა და ლეონიდ ბრეჟნევს შორის

რა მსგავსებას ხედავს “თავისუფალი დემოკრატი” ზურაბ აბაშიძე მიხეილ სააკაშვილსა და ლეონიდ ბრეჟნევს შორის




“ჩემი და ვიქტორ დოლიძის საკრებულოს თანამდებობებიდან მოხსნა სააკაშვილის ისტერიული გადაწყვეტილებაა, თორემ ამას მხოლოდ უგულავა, მით უმეტეს, სამადაშვილი ვერ განახორციელებდა. პოლიტიკური კავშირები, რომელიც ჩვენსა და ბიძინა ივანიშვილს შორის წარმოიშვა, ამ ბოროტებისა და ამორალური წყობის შესაცვლელად ფუნდამენტია. არ ვამბობ, რომ საქართველო ერთ წელიწადში ვარდებით მოიფინება, მაგრამ ადამიანები ამოისუნთქებენ და შინ ლუკმა-პურის მიტანას შეძლებენ. ამიტომ, ხელისუფლებას ისღა დარჩენია, რომ კონტროლირებადი ტელევიზიებით დეზინფორმაცია ავრცელოს, ირაკლი ალასანია რუსეთის აგენტი და პუტინის კაციაო...”

რამდენიმე დღის წინ თბილისის საკრებულომ მოულოდნელი და არაადექვატური გადაწყვეტილება მიიღო: ვიქტორ დოლიძე და ზურაბ აბაშიძე თანამდებობიდან იმ მოტივით გაათავისუფლა, “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელები თანამდებობებს, თურმე, პოლიტიკური მიზნისთვის იყენებდნენ. არის თუ არა საკრებულოს უმრავლესობის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური რეპრესიების ახალი ტალღის დასაწყისი? “ქართული სიტყვა”, საკრებულოს თავჯდომარის ყოფილ მოადგილეს, ოპოზიციონერ პოლიტიკოს ზურაბ აბაშიძეს ესაუბრა:
- ჩემი და ვიქტორ დოლიძის თანამდებობიდან გათავისუფლება იმ პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და დევნის ნაწილია, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება. ყოველგვარი უტრირების გარეშე ვამბობ: ეს კომუნისტური წყობისთვისა და ბოლშევიზმისთვის დამახასიათებელი ელემენტებია, რომელიც სააკაშვილმა გამოიყენა. ისე, ამასწინათ, ტყიბულში რომ ჩავიდა, სუფთა ლეონიდ ბრეჟნევი იყო - მისნაირად იქცეოდა. საერთოდ, სააკაშვილისა და “ნაციონალების” საქციელი იმაზე მეტყველებს, რომ აგონიაში არიან. საკრებულოს პატარა ადამიანები დავალებებს ზემოდან იღებენ და მათ, ხაჩირიშვილიდან დაწყებული, ახვლედიან-სამადაშვილით დამთავრებული, არანაირი პიროვნული გადაწყვეტილების უფლება არ აქვთ, ყველაფერს უგულავას და სააკაშვილს უთანხმებენ. 

ირწმუნებით, რომ თქვენი და ვიქტორ დოლიძის თანამდებობებიდან გადაყენება პოლიტიკური ანგარიშსწორებაა, თუმცა სხვა ოპოზიციონერების მიმართ ასეთი დევნა არ ხორციელდება. ამას რითი ხსნით?
- ბოლო დროს ქვეყანაში ახალი პოლიტიკური ძალა და, შესაბამისად, პოლიტიკური ცვლილების იმედი გაჩნდა. პოლიტიკაში ბატონი ივანიშვილის გამოჩენა ახალი საფეხურია, რაც ჩვენს დევნასთან პირდაპირ კავშირშია. ჩვენი მოხსნა სააკაშვილის ისტერიული გადაწყვეტილებაა, თორემ ამას მხოლოდ უგულავა, მით უმეტეს, სამადაშვილი ვერ განახორციელებდა. პოლიტიკური კავშირები, რომელიც ჩვენსა და ბიძინა ივანიშვილს შორის წარმოიშვა, ამ ბოროტებისა და ამორალური წყობის შესაცვლელად ფუნდამენტია. არ ვამბობ, რომ საქართველო ერთ წელიწადში ვარდებით მოიფინება, მაგრამ ადამიანები ამოისუნთქებენ და შინ ლუკმა-პურის მიტანას შეძლებენ. ამიტომ, ხელისუფლებას ისღა დარჩენია, რომ კონტროლირებადი ტელევიზიებით დეზინფორმაცია ავრცელოს, ირაკლი ალასანია რუსეთის აგენტი და პუტინის კაციაო. ხალხი ყველაზე მეტად ინფორმირებული თბილისშია, მაგრამ სამთავრობო ტელევიზიებს რაიონებში უყურებენ და დიდი ალბათობაა, რომ რეგიონის მოსახლეობა ამ ზეგავლენის ქვეშ მოექცეს.

ამიტომ, ხალხთან მეტი კომუნიკაციაა საჭირო. არ მეთანხმებით?
- დღე არ გავა, რომ ირაკლი ალასანია ხალხს არ შეხვდეს. სხვა რა ვქნათ? - არ გვაქვს ტელევიზია. ე.წ. ნაციონალურ არხებზე ჩემი გათავისუფლების ამბავი ბოლო სიუჟეტად აჩვენეს, რაც, წესით, დღის მთავარი თემა უნდა ყოფილიყო. მე და ვიქტორ დოლიძე ათასობით ადამიანის პრობლემების განხილვით ვიყავით და შეძლებისდაგვარად ვეხმარებოდით კიდეც. უამრავი სოციალური პრობლემიდან ყველაზე აქტუალური დასუფთავების, ტრანსპორტის, ბაღებისა და კომუნალური გადასახდების გაძვირებაა... საკრებულოს შესასვლელში მუდამ დგანან ადამიანები, რომლებიც ხელისუფლების წარმომადგნელების კაბინეტებამდე ვერ აღწევენ - “ნაციონალთა” კარი მათთვის მუდამ დაკეტილია. ხალხისთვის მხოლოდ ოპოზიციონერთა კაბინეტები იღება.

“ნაციონალებმა” განაცხადეს, აბაშიძე და დოლიძე თანამდებობებს არამიზნობრივად იყენებდნენო...
- ამაზე კომენტარის გაკეთება მეუხერხულება. ეს ადამიანები საკრებულოში “ნაციონალთა” სიით იმიტომ სხედან, რომ სააკაშვილისა და მერაბიშვილისგან რამე დავალება მიიღონ, შეასრულონ და მათ წინაშე პირნათელნი იყვნენ, ანუ დაანახონ, თუ როგორი ერთგულები არიან. თანამდებობებიდან ჩვენი მოხსნით ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ თვითონვე ამთავრებს მოღვაწეობას! იონათამიშვილი უტიფრად ამტკიცებს, ზურაბ აბაშიძეს არასოდეს მიუმართავს იმ ადამიანებისთვის, ვინც დასუფთავების სფეროს კურირებსო. დასუფთავების საქალაქო სამსახურის უფროს ტარიელ ხიზანიშვილთან წერილი წერილზე მაქვს გაგზავნილი, მაგრამ პირდაპირ ვამბობ: ეს ადამიანი ყაჩაღია და მოსახლეობას ძარცვავს! ამიტომაც, მერიასთან მივედი და მისი თანამდებობიდან გათავისუფლება მოვითხოვე. თორნიკე შიოლაშვილს, რომელიც “თბილსერვისს” მართავს, ეტყობა, დროის განცდა არ აქვს და არც ის იცის, რომ ზამთრობით დღე მოკლდება, შესაბამისად, მეტ ელექტროენერგიას მოვიხმართ, ელექტროენერგიის გადასახადი კი, ნაგვის გადასახადზეა მიბმული. საქმე აბსოლუტურად არასერიოზულ ადამიანებთან გვაქვს. ამიტომ, მათგან აღარაფერი მიკვირს. დროა, ეს ადამიანები ხელისუფლებას ჩამოშორდნენ და ისეთი ხალხი მოვიდეს, რომელსაც პასუხისმგებლობის ელემენტარული გრძნობა აქვს.
მართალია, ამ ეტაპზე აქციებს არ ვგეგმავთ, მაგრამ ხალხმა ისეთ ხელისუფალს, რომლსაც ყურები აქვს დახშული და არაფრის გაგონება აღარ უნდა, თავისი ხმა უნდა მიაწვდინოს. საერთოდ, აქციები კარგად უნდა იყოს მობილიზებული, რომ ხელისუფლებამ თავის სასარგებლოდ არ გამოიყენოს, ანუ არ გამოგვაცხადოს რადიკალურ ოპოზიციად, რომ თითქოს რაღაცის დამხობას ვაპირებთ და არაკანონიერ ქმედებას ჩავდივართ. ჩვენ გამარჯვებას არჩევნებში მივაღწევთ! - ესაა ჩვენი მთავარი გზავნილი ყველა მოქალაქის მიმართ. დიახ, ეს ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვლება!

თუმცა, არჩევნებამდე ერთი წელია დარჩენილი. სოციალური პრობლემები კი, ყოველდღიურად მწვავდება...
- გეთანხმებით... პირველ რიგში, უნდა ავღნიშნო, რომ ქვეყანაში საპენსიო პოლიტიკა არ არსებობს... ხალხი შიმშილობის ზღვარზეა... სხვათა შორის, საკრებულოს სარევიზიო კომისია არაფერს აკეთებს, ანუ მკვდარი ორგანოა. ამ კომისიის ხელმძღვანელი ვინმე ბაჩილავაა, რომელიც თბილისის ბიუჯეტიდან თანხების გახარჯვას უნდა ამოწმებდეს, მაგრამ ეს არ კეთდება. გონივრული ხელისუფლება რომ გვყავდეს, მის ინტერესებში უნდა შედიოდეს იმის კონტროლი, თუ როგორ იხარჯება თითოეული თეთრი.. ხალხს ცხოვრებას ყოველდღიურად რომ უძვირებ, იმაზე რატომ ფიქრობ, ადამიანები სოციალურად დაცულები არიან თუ არა, მაგრამ ეს ხელისუფლებას არ აინტერესებს და მხოლოდ ერთი დღით ცხოვრობს. ამიტომ, სწორედ ერთ დღეში დაამთავრებენ “ნაციონალები” თავიანთ მოღვაწეობას და ეს გარდაუვალია!