მანანა მჭედლიშვილი, “ინტერპრესნიუსი”
ის შემოვიდა, მრგვალ მაგიდასთან ირაკლი ტრიპოლსკისთან ერთად ისეთივე სკამზე დაჯდა, როგორებიც დარბაზში ჟურნალისტებისთვის იდგა და ფოტოკამერებს ნახევარი წუთი მის დასაფიქსირებლად დაუთმო. ოცდაათ წამში ალბათ რამდენიმე ასეული კადრი გაკეთდა. დარბაზში ჯერ მხოლოდ ფოტოაპარატების ჩხაკუნი ისმის – ეს ქარიშხლისწინა სიმშვიდე იყო. ამას მოგვიანებით მივხვდი…
ივანიშვილის მოკლე შესავალი სიტყვა უკვე გაკეთებული განცხადებების ერთგვარი რეზიუმე იყო… და შემდეგ დაიწყო: საზოგადეობრივი მაუწყებლის პირველი არხის ჟურნალისტმა უშუალოდ კითხვით ნაწილამდე მედიის მიმართ ივანიშვილის დამოკიდებულება შეაჯამა. კოლეგებს მოთმინება არ ეყოთ:
"კითხვა დაუსვი, კითხვა!"…
ამის გამო პირველარხელ კოლეგას მცირე მღელვარება ეტყობა, ამას რესპონდენტიც ამჩნევს და ამშვიდებს:
"დამშვიდდი, ნუ ნერვიულობ. მე მინდა, რომ თქვენ არ ნერვიულობდეთ. ჩემი სურვილია, ამდენი კითხვა არ დაგავალონ, რომ თავისუფლები იყოთ", - უღიმის ივანიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს. ისიც იღიმის – "არ ვნერვიულობ", – პასუხობს, მაგრამ თავად ივანიშვილის პასუხი აშკარად არ აკმაყოფილებს და კონკრეტული დეტალების დაზუტებას ცდილობს.
კითხვა დაისვა, მიკროფონი იქვე დარჩა, ან – დაიტოვეს. მეორე კითხვა ჩემმა კოლეგამ ვასილ დაბრუნდაშვილმა დაიწყო. წინასწარი ორსაათიანი ტექნიკური მზადების მიუხედავად, აუდიოტექნიკა გამართულად მაინც ვერ მუშაობს და ვასოს მიკროფონს ხმა უწყდება. წყვეტით საზოგადოებრივი რადიოს კორესპონდენტი სარგებლობს და თავის კითხვას იწყებს. მცირე მღელვარებისა და "საქმის გარჩევის" შემდეგ ვასო მაინც ახერხებს კითხვის დასმას. კითხვა რუსეთ-საქართველოს ომის ინიციატორს ეხება.
ივანიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას და ტალიავინის კომისიის დასკვნას იხსენებს – ორივე დოკუმენტი საქართველოს ხელისუფლებამაც მოიწონა. ივანიშვილი ომის მიმდინარეობისას კახა ლომაიას როლსაც ახსენებს.
"ლევიტანივით რომ გადმოგვცემდა, ესა და ეს სოფელი ავიღეთო, ხომ ყველას ახსოვს, რომ ამის შემდეგ წამოვიდა უზარმაზარი რუსული აგრესია. ქართველ ხალხს სიმართლეს უმალავენ, ეუბნებიან, რომ ომი რუსეთმა დაიწყო და საქართველომ გაიმარჯვა", - ამბობს ივანიშვილი.
ის ღელავს – თემის სიმძიმეც ესმის, ამასთან, ეს მისი პირველი პრესკონფერენციაა, თანაც, მესამე კითხვაც უკვე "გადატენილი აქვს" საზოგადოებრივი რადიოს კორესპონდენტს. თუმცა, კითხვა "ფუჭი გასროლით" იწყება:
"თქვენ აფინანსებდით გენერალ ლებედევის საარჩევნო კამპანიას…"
"ლებედევის არა, ლებედის" – უსწორებს ივანიშვილი. კითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტს ურჩევს, ის ინტერვიუ წაიკითხოს, სადაც იგი ამ თემაზე საუბრობს და რომელ ინტერვიუსაც ეფუძნება კითხვა. დაბეჯითებითი პასუხის შემდეგ – კი, წაკითხული მაქვსო, ივანიშვილს ახალი ეჭვი უჩნდება – "რუსული იცით?".
კითხვებს პასუხობს, თუმცა, მცირედი დაძაბულობა მაინც ეტყობა – შესავალ სიტყვაში აღიარა – ეს ჩემი პირველი პრესკონფერენციაა და ცოტა ვღელავო. სკამზე მობილიზებული და ცოტა დაძაბული ზის.
მეოთხე კითხვის ბედნიერება ტელეკომპანია "თრიალეთის" კორესპონდენტმა მოიპოვა. კითხვა ქართულ მედიაზე საქართველოს ხელისუფლების ზეწოლას ეხება. ხვდება, რომ ჟურნალისტის შეფასება მის საკუთარს ემთხვევა და მცირედ ეშვება, თითქოს, ცოტა ამოისუნთქა – სკამის საზურგეს მიეყრდნო, მაგრამ მყისვე შეძლო მობილიზება და ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ამ კითხვაზე მისი პასუხიც არც ისე ძნელი მისახვედრია. მთლიანობაში ამ პრესკონფერენიაზე დასმული კითხვების უმეტესობაზე საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილია ბიზნესმენის აზრი და პოზიცია. თუმცა, რამდენიმე მარგალიტი მაინც გაკრთა ჟურნალისტების აჟიოტაჟსა და ხმაურში.
"დღეს სააკაშვილს საკუთარი დედაც კი არ მისცემს ხმას…"
"თუ შეგიძლიათ, ქართულად დასვით კითხვა და მეც ქართულად გიპასუხებთ – ამ პრესკონფერენციას საზოგადოებრივი მაუწყებლით საქართველოს მოსახლეობა უყურებს"..
"კრემლის იმედს რომ მიწოდებენ, რატომ არ გიჩნდებათ იგივე კითხვები ბენდუქიძისა და ვაშაძის მიმართ?"
კითხვები არ ჩნდება, კითხვები უკვე არის და მიკროფონთან მათ სათქმელად ბრძოლა გრძელდება. "რუსთავი-2"-ის კორესპონდენტი აღელვებული კითხულობს – კითხვის დასმის საშუალებას არ მაძლევთ?, – მისცეს მიკროფონიც და საშუალებაც..
აღელვების რიგში "იმედის" კორესპონდენტია, თუმცა, მისი მღელვარება სხვა კოლეგებზე დიდხანს გაგრძელდა – სურს, აუცილებლად შეიტყოს, რატომ აქვს ივანიშვილს პუტინის მიერ დემოკრატიული რეფორმების გატარების იმედი. ივანიშვილი ამბობს, რომ რუსეთთან ურთიერთობის დალაგების იმედი აქვს. "იმედს" პასუხი არ აკმაყოფილებს და მიზანთან მიახლოებას ფიზიკურად ცდილობს – ჟურნალისტი კოლეგებს შორის გზას მიარღვევს და უკანა რიგიდან გადმონაცვლებული საკუთარი კითხვის განსახიერებად აღემართა წინ ივანიშვილსა და ირაკლი ტრიპოლსკის.
"გარეგნულად მშვენიერი გოგონა ჩანხართ და დამშვიდდით, თუ შეიძლება", - ამშვიდებს ჟურნალისტს ტრიპოლსკი.
მომდევნო აღელვებული "რეალ-ტივია". ჟურნალისტების ნაწილმა პრესკონფერენციამდე ეჭვი (თუ იმედი) გამოთქვა, რომ დღეს "რეალ-ტივი" ამ დარბაზში სანახაობას მოაწყობდა. და აი, ამ ტელეკომპანიის კორესპონდენტს აქვს ხელში სანატრელი მიკროფონი.
"რის გამო არ გიყვართ ბეღურები"…
ივანიშვილი გახალისდა, მაგრამ მოულოდნელად ჟურნალისტს დააკონკრეტებინა, თუ რომელი ტელეარხს წარმოადგენდა.
"რაელ-ტივი"? ძალიან საინტერესოა. თქვენ ძალიან არაორდინალური ტელევიზია ხართ. ისე, არ მინდა, მკითხავებს ადგილი წავართვა. . . . ჩემმა პინგვინმა არა ბეღურა, არამედ მერცხალი გადაყლაპა"…
დარბაზში ვითარება უკვე ისე აირია, რომ ჟურნალისტები არა თუ ერთმანეთს, ივანიშვილის პასუხებსაც აღარ უსემენენ. ბიზნესმენი ცდილობს, როგორმე დაამშვიდოს ჟურნალისტთა კორპუსი, მაგრამ არ გამოსდის. მის გვერდით მჯდომი ირალი ტრიპოლსკი საკმაოდ ხმამაღლა ეხმარება ამ მიზნის მიღწევაში.
"ე ბიჭო, შენ მაინც გაჩერდი", - მიმართავს ღიმილით ივანიშვილი პრესმდივანს.
კითხვები გრძელდება, რომელთა უმეტესობაც სწორედ პრესკონფერენციამდე მომზადებულს ჰგავს – დამოუკიდებლად თუ - რედაქციის ჩარევით. აქ პასუხებს არავინ უსმენს და არც ერთი კითხვის შინაარსი არ გამომდინარეობს წინა პასუხიდან. მაგალითად, არავის გაუმახვილებია ყურადღება იმაზე, რომ საქართველოში დღეს არსებულ ყველა პრობლემაში ივანიშვილი მხოლოდ და მხოლოდ სააკაშვილს ადანაშაულებს და არა მის გუნდს, როგორც ეს ქართულ ოპოზიციაშია მიღებული.
"სააკაშვილი დღეს საქართველოში ერთადერთი მოძალადეა"…
რა არის პოლიტიკაში მოსული, მოქალაქეობაჩამორთმეული ბიზნესმენის მიზანი – სააკაშვილისთვის თანაგუნდელების ჩამოშორება თუ მათთან მომავალი თანამშრომლობისთვის გზის დატოვება? ეს არავის აინტერესებს.
არც მოქალაქეობის აღდგენის კონტექსტში ივანიშვილის მიერ საერთაშორისო თანამეგობრობის ხსენება მოხვედრია ვინმეს ყურში – არადა, სულ ორიოდე კვირის წინ მას 18 საერთაშორისო მისიის დელეგაცია სტუმრობდა. მათთან მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საკითხი ამჟამადაც, სავარაუდოდ, სწორედ მოქალაქეობის აღდგენა უნდა იყოს, რაც ივანიშვილის პოლიტიკური პარტიის დაფუძნების, დაფინასებისა და, შესაბამისად, მეტი პოლიტიკური აქტიურობის შესაძლებლობას მისცემს. ამ თემებზე კითხვები არავის დაუსვამს, რადგან არც პასუხებისთვის მიუქცევიათ ყურადღება იმ ჟურნალისტებს, რომლებმაც თითქმის, სარაგბო ილეთებით მოიპოვეს მიკროფონი. რესპონდენტის ხმას კორესპონტენტების ხმაური ფარავს, ტელეკამერებს კითხვის დასმის მსურველი ჟურნალისტების მაღლა აღმართული ხელები უშლის ხელს.
"აქეთა ფლანგზე ძალიან ვიჩაგრებით", - მესმის ჩემს ზურგსუკან "ტრიბუნას" ჟურნალისტის ხმა. ის მიზანს აღწევს, თუმცა, არც მისი კითხვის პასუხს უსმენენ კოლეგები.
თითქოს, დღევანდელი პრესკონფერენციის სტუმრების მიზანი არა კითხვებზე პასუხების მიღება, არამედ კითხვების დასმაა, მაგრამ ივანიშვილი მშვიდად აგრძელებს საუბარს. ტრიპოლსკი უკვე მესამედ ცდილობს, დაამთავროს ეს არეულობა და პრესკონფერენცია დასრულებულად გამოაცხადოს, მაგრამ ბიზნესმენს ხელით უჭირავს საკუთარი პრესმდივანი – "არა, მკითხონ, ვუპასუხებ". სწორედ ამიტომ ეს არაორდინალური კითხვა-პასუხი და შეხლა-შემოხლა საათნახევარს გრძელდება.
დარბაზში მონიტორი დგას, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში აქ მიმდინარე პრესკონფერენციაა ჩართული. აქ მყოფისთვის შედარებით ადვილი გასაგებია ვითარებაც და თუ მოინდომებ, ივანიშვილის ხმასაც გაიგებ, მაგრამ ესმის კი მყურებელს მისი პასუხები, რაც წესით, ამ პრესკონფერენციის ტრანსლირების მიზანი უნდა ყოფილიყო? ამაზე ფიქრისას, მცირე ხნის წინ ივანიშვილის მიერ მედიის თემაზე გაკეთებული განცხადება მახსენდება:
"არ მაქვს ილუზია, რომ ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდეგ "რუსთავი-2" ან "იმედი" მყისიერად შეიცვლებიან, თუმცა მაქვს განცდა, რომ ჩემი განცხადებები მაინც უკვე ყველამ გაიგო. გაჩნდა კონკურენტუნარიანი პოლიტიკური გარემო. ასეთი საშუალებებითაც კი, ჩვენ აუცილებლად მივალთ არჩევნებამდე და არჩევნების გზით გავიმარჯვებთ"…
საათნახევრიანი ბრძოლის შემდეგ ივანიშვილის პირველი პრესკონფერენცია დასრულდა, კითხვები და მაღლა აღმართული ხელები კი ისევ დარჩა.
"ეს არ არის ჩვენი ბოლო შეხვედრა. ჩვენ კიდევ გვექნება პრესკონფერენციები", - გვამშვიდებს ბიძინა ივანიშვილი და თეთრ დარბაზს ტოვებს…
693
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85