მოუსავლიანობის ფონზე შიდამიგრაცია კიდევ გაძლიერდება

მოუსავლიანობის ფონზე შიდამიგრაცია კიდევ გაძლიერდება

„ეკონომიკურად ძალიან გვიჭირს, ჩვენი პატრონი არავინაა, ამიტომაც გადავწყვიტე, რომ თბილისში სავაჭროდ ჩამოვსულიყავი და ვაჭრობა დამეწყო. როდესაც გარევაჭრობა აკრძალეს, თავიდან ძალიან გამიჭირდა, მერე როგორც იქნა ადგილი ვიშოვე და ისევ ვაჭრობას დავუბრუნდი. აბა სოფელში რომ წავიდე რა უნდა გავაკეთო? არც არაფერი“, - გვითხრა 55 წლის თამარ ტაბატაძემ, რომელიც მაღალმთიანი იმერეთიდან თბილისში სავაჭროდ დაახლოებით 10 წლის წინ ჩამოვიდა და მას შემდეგ მისი მთავარი სამუშაოც სწორედ ეს პროფესია იქცა.

 

ანალოგიური განცხადებას რეგიონებიდან თბილისში სავაჭროდ ჩამოსული თითქმის ყველა ადამიანი აკეთებს და მთავარ მიზეზად ეკონომიკურ მდგომარეობას ასახელებს. მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას კი არა მარტო საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში, არამედ ბარში მცხოვრები ადამიანებიც უჩივიან. თანაც წლეულს, როდესაც გვალვამ მოსავლის თითქმის ნახევარი გაანადგურა, სოფლებში ხალხს ფინანსურად უფრო მეტად გაუჭირდა, ვიდრე ოდესმე.  ყოველ შემთხვევაში, მათი თქმით, მომავალი ზამთრის გადატანა ძალიან გაუძნელდებათ.

 

სოფლებში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ის სტატისტიკური მონაცემებიც მეტყველებს, რომლის მიხედვითაც ბოლო ერთ წელიწადში ქალაქის მოსახლეობა 41 ათასით გაზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 4436,4 ათასი კაცი შეადგინა, რაც 2009 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 51 ათასი კაცით, ანუ 1,2 პროცენტით მეტია. ასევე 2010 წლის პირველი იანვრის მონაცემებით, 2350,5 ათასი კაცი ქალაქად, ხოლო 2085,9 ათასი კაცი სოფლად ცხოვრობს.

 

რაც შეეხება წინა წლების სტატისტიკას, ასე გამოიყურება: 2009 წლის პირველი იანვრის მონაცემებით ქალაქში 2 309,1 ათასიადამიანი ცხოვრობდა, სოფლად კი 2 076,3 ათასი კაცი. 2008 წელს,როდესაც ქვეყნის მოსახლეობის საერთო რაოდენობამ 4 382,1 ათასი კაცი შეადგინა, ქალაქში 2 303,8 ათასი კაცი ცხოვრობდა, სოფლად კი 2 078,3 ათასი კაცი.

ცხადია, რომ მოსახლეობის ზრდის მაჩვენებელი თავად სოფლად და ქალაქად მცხოვრებთა რაოდენობის საერთო სტატისტიკაზეც აისახებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში, უფრო ზუსტად კი ეკონომიკური კრიზისის ფონზე, თბილისიდან სოფელს რამდენიმე ათეული ადამიანი დაუბრუნდა. მართალია, ასეთი ადამიანების რიცხვი მცირეა, თუმცა ფაქტია, რომ სამეურნეო და აგრარულ წარმოებაში მუშახელის რაოდენობა მეტ-ნაკლებად გაიზარდა.

 

სტატისტიკური მონაცემები იმასთან დაკავშირებით, თუ მოსახლეობის რა რაოდენობაა მთიდან ბარში ჩამოსული, არ არსებობს. მიზეზი ის არის, რომ ჩვენთან არ მოქმედებს ჩაწერის ინსტიტუტი. თუმცა, ექსპერტების ვარაუდით ეს ციფრი მოსახლეობის, დაახლოებით, 20%-ია, რაც ჩვენი ქვეყნისთვის არც ისე დაბალია.

 

ზოგადად საქართველოში აქტიური შიდამიგრაციული პროცესები გასული საუკუნის 50-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო, როდესაც მთის ზონიდან მოსახლეობა ბარის ზონაში იმ მიზეზით ჩამოიყვანეს, რომ მძიმე მრეწველობის განვითარება ბევრ მუშახელს მოითხოვდა. მაშინ ამ მხრივ საქმეში ჩაერთო მთელი საბჭოთა პროპაგანდა - კინო, პრესა, მწერლობა. პრაქტიკულად მაშინ დაიცალა მთელი მთიანი რეგიონი. აღმოჩნდა, რომ მთაში ხალხი ფუნქციის გარეშე დარჩა, მისი პროდუქცია არავის სჭირდებოდა.

 

უკვე დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ კი შიდამიგრციულმა პროცესებმა ისევ გააქტიურება დაიწყო. ამჯერად არა მთიანი საქართველოდან, არამედ ბარიდანაც კი დაიწყო ქალაქებში მოსახლეობამ ჩასახლება და აქ ვაჭრობით ლუკმა-პურის შოვნა.

 

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ნოდარ კაპანაძე იხსენებს, რომ დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, დაახლოებით, 2-3 წელში შიდამიგრაციული პროცესი ისევ გააქტიურდა და მაშინ ამის მიზეზი შიმშილი და გაჭირვება გახდა.

 

1992-93 წლებში ხალხს ისე მოშივდა, რომ გადაწყვიტეს სოფელს დაბრუნებოდნენ და თავი სოფლის მეურნეობით ერჩინათ. 1993 წელს ძალიან ბევრი ადამიანი ვაჟკაცურად მიწასთან მუშაობდა. მაშინ ხალხი შიმშილის ზღვარზე იყო და ამიტომ გადაწყვიტეს სოფლებში დაბრუნება. დღეს, მიუხედავად კრიზისისა, ასეთი რამ აღარ მოხდება, ასე მასიურად სოფელს აღარავინ დაუბრუნდება. რაც შეეხება ზოგად მონაცემებს, ანუ მოსახლეობის მცირედით ზრდას სოფელში და ასევე ქალაქში, ეს გამოიწვია შობადობის მატებამ. სხვა შემთხვევაში 5-ათასიანი ზრდა 2 მილიონიან მოსახლეობაში არაფერი არაა და რაიმე სახის ტენდენციაზე საუბარი ზედმეტია. თანაც, ვიმეორებ, უკუმიგრაციის ძლიერ ტალღას აღარც უნდა ველოდოთ. ადამიანთა სოფლისკენ მიბრუნებას სჭირდება კარგად მომზადებული სტრატეგია, რაც რეალურად არ არსებობს. ამ სტრატეგიის დამუშავება კი 1-2 წელიწადში ვერ მოხდება, -განაცხადა ნოდარ კაპანაძემ.