ქართველი უტოპისტები - ქობალია და სააკაშვილი

ქართველი უტოპისტები - ქობალია და სააკაშვილი


წლის ბოლომდე 3 თვე რჩება და სააკაშვილის ფავორიტი მდგრადი მინისტრი საოცარ დაპირებას იძლევა. ვერა ქობალია ირწმუნება, რომ წლის ბოლომდე მილიარდიან საინვესტიციო გეგმას შეასრულებს, ანუ დარჩენილ 3 თვეში 727 მილიონის დოლარის კაპიტალს შემოუძღვება.  და ეს მაშინ, როცა 6 თვეში 273 მილიონის მიჯნას ვერ გადავაბიჯეთ, ხოლო შარშან მთელი წელი 659 მლნ დოლარის მოგროვებას მოვუნდით.


 


ვერა ქობალია უცხოურ გამოცემებთან ინტერვიუში ირწმუნება, რომ საინვესტიციო მიზნის მიღწევა შესაძლებელია, რადგან ინვესტიციების გააქტიურება მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალშია მოსალოდნელი. მინისტრის თქმით, სამინისტრო ცდილობს ინვესტიციები ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის და საემიროების გარდა, სხვა ქვეყნებიდანაც მოიპოვოს.


 


ჩვენ ვცდილობთ მრვალფეროვანი გავხდეთ და ინვესტიციებისთვის აზიასაც შევხედოთ. ჩინეთი, ინდოეთი და სამხრეთ კორეა ჩვენი სამიზნე ქვეყნებია, - აცხადებს ვერა ქობალია.


 


2010 წელს მთავრობის საინვესტიციო გეგმა 1 მილიარდი დოლარია, „საქსტატის“ ცნობით კი წლის პირველ ნახევარში 273 მილიონის ინვესტიცია შემოვიდა. თუმცა, წლიური ინვესტიციების შესახებ სხვადასხვა „შეკვეთები“ მზადებოდა. მაგალითად, სააკაშვილს სურდა, რომ შემოდინებულ უცხოურ კაპიტალს 2 მილიარდისთვის მიეღწია, მთავრობა 1,2 მილიარდზე ყაბულს იყო, სავალუტო ფონდი 750 მილიონსაც არ იწუნებდა.


 


თუმცა, ორი კვარტლის მონაცემებითაც უკვე ცხადი ხდება, რომ არცერთი ზემოხსენებული პროგნოზი არ გამართლდება და ამას ლოგიკური მიზეზი აქვს, რომელიც ახალბედა, მაგრამ მდგრადი მინისტრისთვის ცნობილი არ არის. საქმე ისაა, რომ საყოველთაო ტენდენციით ძირითადი ინვეტირება წლის პირველ ნახევარში ხდება, წლის ბოლოსკენ მხოლოდ მცირე თანხა შემოდის და აქტივობაც დაბალია.


მონიტორინგის, შეფასებისა და დაგეგმვის მონაცემთა ანალიზის და განვითარების კონსულტანტი ნოდარ კაპანაძე აცხადებს, რომ წლის ბოლომდე ინვესტიციების დაგეგმილი მოცულობით შემოსვლა წარმოუდგენელია.


 


„ის, რომ პირველ კვარტალთან შედარებით მეორე კვარტალში ორჯერ მეტი კაპიტალი შემოვიდა თავისთავად კარგია, მაგრამ ეს დადებით შედეგად მაინც არ აღიქმება. წლის პირველ ნახევარში განხორციელებული ინვესტიციების რაოდენობა მაქსიმალურ მოცულობასთან ახლოსაც ვერ მიდის. საერთოდ, ინვესტიციებს ასეთი ციკლი ახასიათებთ, ძირითადი ნაწილი წლის პირველ ნახევარზე მოდის, რეალური ინვესტირება ამ პერიოდში ხორციელდება. იმ მოცულობით, რაც ჩვენ გვაქვს, მილიარდიან ინვესტიციას პირი არ უჩანს. მეორე და მესამე კვარტალში გაზრდილ მაჩვენებელს არ უნდა ველოდოთ. მთავრობა, უბრალოდ, თავს იმშვიდებს, ვიდრე რაღაც რეალურ პროექტებზე საუბრობს. იმედი, რომ ინვესტორები გააქტიურდებიან, ნაკლებად მაქვს“, - აცხადებს ნოდარ კაპანაძე.


 


ექსპერტების აზრით, ინვესტიციების წლევანდელმა მოცულობამ, შესაძლოა, ჯამურად შარშანდელ მაჩვენებელს გადააჭარბოს, მაგრამ ეს არ არის არსებითი. ამ საკითხს მეტობის თვალსაზრისით არ უნდა შევხედოთ. საგულისხმოა ის, თუ რამდენად ნაკლებია წლის განმავლობაში განხორციელებული ინვესტიცია იმ 2 მილიარდზე, რომელიც ნორმალური ცხოვრებისთვის გვჭირდება.