ელისო ჩაფიძე, "რეზონანსი"
რაზე შეთანხმდა თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია ბიძინა ივანიშვილთან, არის თუ არა ივანიშვილი პრორუსული პოლიტიკოსი და როგორ აპირებენ ისინი ერთად ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას? ამაზე "რეზონანსი" გუშინ ირაკლი ალასანიას ესაუბრა.
"რეზონანსი": ბუნებრივია, გკითხავთ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით. თქვენ თქვით, რომ გარკვეული შეთანხმება შედგა თქვენს შორის თანამშრომლობასთან დაკავშირებით. რამდენად გაქვთ იმედი, რომ არჩევნების გზით შეიძლება ხელისუფლების შეცვლა? ბიძინა ივანიშვილი ია ანთაძესთან ინტერვიუში ამბობს, რომ მისთვის სიტყვა "რევოლუციაც" კი მიუღებელია.
ირაკლი ალასანია: პირველ რიგში მე მის მიმართ მაქვს განწყობა, რომ ეს არის შემცვლელი ვითარების, ტექტონური ცვლილების შემომტანი ქართულ საჯარო პოლიტიკაში. მისი გადმოსვლა ბიზნესიდან საჯარო პოლიტიკაში არის გაბედული ნაბიჯი.
"რ": ელოდებოდით მისგან ამ ნაბიჯს?
ი. ა: არა, არ ველოდებოდი. მე მასთან შეხვედრისას დავინახე, რომ ეს არის კაცი, ადამიანი, რომლის სიტყვას შეიძლება, ენდო და პატივი სცე. ის არის ღია, პირდაპირი ადამიანი, მე მისი პარტნიორობის მხრიდან ჩემი მხრითაც მაქვს ძალიან კეთილი განწყობა.მთავარია, მხიბლავს მისი ბიზნეს-გამოცდილება, მისი გამოცდილება, შეიქმნას სამუშაო ადგილები და მხარი დაუჭიროს საშუალო და წვრილ ბიზნესს, შექმნას კონკურენტუნარიანი გარემო. ამ მხრივ მასში არის ის, რაც მე არა მაქვს. მას აქვს ეს გამოცდილება, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ ქვეყნის მშენებლობისათვის უნდა გამოიყენოს. მე მაქვს სხვა ტიპის პოლიტიკური თუ საგარეო ურთიერთობების გამოცდილება, რაც მას არა აქვს.
"რ": ამბობენ, რომ ის კარგი მენეჯერია...
ი. ა: და აქვს სამუშაო ადგილების შექმნის გამოცდილება, რაც ჩვენთვის არის უნიშვნელოვანესი, რადგან ჩვენს ქვეყანაში დღეს ეს არის მთავარი პრობლემა. სააკაშვილმა ისეთი მონოპოლისტური გარემო შექმნა ბიზნესშიც, პოლიტკაშიც, მედიაშიც, ხელისუფლებაშიც, რომ ადამიანები ვერ ახერხებენ საკუთარი თავის და შესაძლებლობების რეალიზაციას, თუ არა ხარ ერთგული მხოლოდ და მხოლოდ და მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის და სააკაშვილის. არადა, ჩვენი ყველა თანამოქალაქე უნდა გავხადოთ თანამონაწილე ახალი, ეროვნული სახელმწიფოს შექმნის. სააკაშვილმა ყველას ეს სივრცე ჩაუკეტა და მათ შორის ისეთ დიდ ბიზნესმენს, როგორიც არის ბიძინა ივანიშვილი. ჩვენი აზრთა თანხვედრა გამოიხატა იმაშიც, რომ სოფლის მეურნეობა ორივეს მიგვაჩნია, რომ უნდა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი დარგი ჩვენს ქვეყანაში.
"რ": თქვენ ამ ზაფხულს ძირითადად რეგიონებში ატარებდით შეხვედრებს. არის მართლაც ისეთი მდგომარეობა რეგიონებში, როგორსაც ხელისუფლება ხატავს, ანუ იქ ყველანი მისი მომხრეები არიან?
ი. ა: აბსოლუტურად არა. იქ ძალიან ფრთხილია ადამიანი იმიტომ, რომ ძალიან ნათლად და ხელშესახებად გრძნობს ამ ავტორიტარულ რეჟიმს. ყველა პრობლემა საბოლოოდ მიდის რიგით, უბრალო მოქალაქემდე. მასზე ახდენს ზეწოლას.
"რ": ოპოზიციის ბევრი ლიდერი ამის გამო მოსახლეობას აკრიტიკებს. თქვენ თუ ბრაზდებით მოქალაქეებზე, თუკი ისინი ღიად ვერ უჭერენ მხარს ოპოზიციას?
ი. ა: არა, არ ვბრაზდები და არც ვთხოვ არავის ასეთ გმირობას. მე მათ ვცდილობ, გავაგებინო მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, რატომ არის, რომ მოსახლეობის 90% ცხოვრობს მძიმე სოციალურ პირობებში. რატომ არის მოსახლეობის 80% ხელმისაწვდომი ჯანდაცვის გარეშე, რატომ ვერ იღებენ მათი შვილები სრულფასოვან განათლებას. ღმერთის რისხვა კი არ არის საქართველოს თავზე, ეს არის სააკაშვილის არასწორი, არაკომპეტენტური პოლიტიკის შედეგი და ერთადერთი გზა, რომ ჩვენ რეალურად ჩამოვიცილოთ ეს წინაღობა, რომელიც ქვეყნის განვითარებას ხელს უშლის, არის სააკაშვილის ხელისუფლებიდან ჩამოცილებაა არჩევნების გზით.
თქვენ ბრძანეთ, რამდენად შეიძლება, ეს განხორციელდეს რევოლუციისა და ძალადობის გარეშეო. ჩვენი დეკლარირებული მიზანი და ამოცანა არის ეს. რადიკალიზმს ქვეყნისთვის არასოდეს მოუტანია სიკეთე.
"რ": მაგრამ სააკაშვილი და მისი გარემოცვა გამუდმებით ამტკიცებენ, რომ ისინი ხელისუფლებაში დარჩენას გეგმავენ 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგაც და ახლა მსჯელობა იმაზე მიმდინარეობს, სააკაშვილი საპრეზიდენტო პოსტს უფრო გიგი უგულავას ანდობს თუ დავით ბაქრაძეს...
ი. ა: ეს შიგნით რაზე მსჯელობენ და განიხილავენ, მე ამაში არც ჩავერევი და არც მაქვს კონკრეტული ინფორმაცია. მე მჯერა, რომ საქართველომ უნდა მოძებნოს ბალანსი და საკუთარი ადგილი დიდ გეოპოლიტიკურ მოთამაშეებს: რუსეთსა და ამერიკას შორის. ეს შესაძლებელია იმ გამოცდილებით, რომელიც მე მაქვს საგარეო პოლიტიკურ სფეროში, იმ გამოცდილებით, რომელიც ბატონ ბიძინა ივანიშვილს აქვს რუსეთსა თუ მსოფლიოს ბიზნეს-წრეებთან ურთიერთობის თვალსაზრისით...
"რ": ბიძინა ივანიშვილი სახელისუფლებო არხებმა უკვე პუტინის და პრორუსულ პროექტად გამოაცხადეს. თქვენ როგორ ფიქრობთ, შეიძლება, მისი პოლიტიკაში მოსვლა რაიმე თვალსაზრისით შეთანხმებული იყოს რუსეთის მმართველ წრეებთან?
ი. ა: მეც მიწოდეს ასე რუსული პროექტი.
"რ": თუ კარგად მახსოვს, მიუნხენში ლავროვთან შემთხვევით შეხვედრის შემდეგ, არა?
ი. ა: ეს არის ჩვეულებრივი პიარი, პროპაგანდის ნაწილი. მოდით, ნუ მოვტყუვდებით. ლავროვთან შეხვედრა მექნებოდა თუ არა, ამას მაინც იტყოდნენ. იმისათვის, რომ ხალხი სურთ, დაარწმუნონ, რომ ბიძინა, ყველა, ვინც წინააღმდეგია სააკაშვილის ან განსხვავებულად აზროვნებს, არის რუსეთის აგენტი. ეს არა მხოლოდ პოლიტიკური ფიგურების მიმართ ხორციელდება. ადამიანი, ჩვეულებრივი მოქალაქე სერგო თეთრაძე მოკლეს ციხეში. ის შპიონაჟის ანუ ჯაშუშობის ბრალდებით დაიჭირეს, არც ადვოკატი, არც რეალური დამსწრეები არ ჰყოლია მის დაკავებას. შემდეგ ის ციხეში გარდაიცვალა ცემის შედეგად. გამოძიებას მე ვაწარმოებ პირადად, ვხვდები ყველა შესაძლო ინფორმაციის მატარებელს. მე მოვითხოვე, რომ პენიტენციალურმა სისტემამ და თავდაცვის სამინისტრომ ობიექტურად და გამჭვირვალედ ჩაატაროს გამოძიება.
"რ": თავდაცვის სამინისტრო რატომ ატარებს გამოძიებას, ცემაში გარდაცვლილი პატიმარი სამხედრო პირი იყო?
ი. ა: თქვენც გიკვირთ, არა? არ იყო. ჩვენთან ხომ ყველაფერი აღრეულია. სააკაშვილს განუზომელი ძალაუფლება აქვს მიცემული იგივე მინისტრი ახალაიასთვის, ასევე სამხედრო პოლიციის ხელმძღვანელი ვინმე მეგისი ქარდავასთვის, რომელიც არის კრიმინალი. ანუ ეს ადამიანები არიან, რაზეც დგას სააკაშვილის ხელისუფლება და არა - საზოგადოებისა და ხალხის მხარდაჭერა. ამიტომაც არის, რომ რაც არ უნდა ჩაიდინონ მისმა უშუალო ხელქვეითებმა და ფავორიტებმა, ისინი ამაზე პასუხს არ აგებენ. აღსრულების მექანიზმებიც აღარა აქვთ, რადგან ხალხი უკვე მეორე-მესამე ეშელონებში არ ენდობა საკუთარ მინისტრებსაც კი, რადგან იციან, რომ მათ აქვთ პოლიტიკური დაკვეთა და არა - ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.
ამიტომ რთული პერიოდი გველოდება წინ, მაგრამ უკან დახევის უფლება არა გვაქვს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი ქვეყანის მომავალი ჩვენზეა დამოკიდებული. ხალხმა თვითრწმენა უნდა დაიბრუნოს. ბიძინა ივანიშვილმა ახალი სიო შემოიტანა და ახალი რეალობა გააჩინა ქვეყანაში. მან იმედი გააჩინა.
"რ": როგორ ფიქრობთ, მოქალაქეობა ხომ არ ჩამოართვეს სწორედ იმის გამო, რომ მან ვეღარ შეძლოს პოლიტიკური პარტიის დაფინანსება, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქემ? პარალელურად, პარლამენტმა სასწრაფოდ გაამკაცრა კანონი მოქალაქეთა მოსყიდვაზე წინასაარჩევნოდ...
ი. ა: არა, ეგ არ არის მთავარი. რა თქმა უნდა, მოქალაქეობა იმიტომ ჩამოართვეს, რომ ხელი შეუშალონ, მაგრამ მას შეუძლია, ძალიან საინტერესო საზოგადოებრივი საქმიანობა გასწიოს, მას შეუძლია, ჩამოაყალიბოს ფონდები, რომლებიც დააფინანსებს საგამოძიებო ჟურნალისტიკას, დააფინანსებს რეალურად სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობას, რაც რეალურად არანაკლებია, თუ მეტი არა, ვიდრე პოლიტიკური აქტიურობა.
"რ": ცნობილია, რომ თქვენ გაქვთ ძალიან კარგი კონტაქტები დასავლურ წრეებში. დასავლეთიდან თუ აქვს მხარდაჭერა ბიძინა ივანიშვილს ანდა თუ არის მოსალოდნელი ისეთი რეალობის განმეორების ალბათობა, რაც 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მოხდა, როცა დასავლეთმა აშკარად დაუჭირა მხარი სააკაშვილს? მომწიფდა გადაწყვეტილება, რომ სააკაშვილის ხელისუფლება უნდა წავიდეს?
ი. ა: მომწიფდა და ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს ჰილარი კლინტონის მოადგილის განცხადება, რომელიც მან ამ დღეებში გააკეთა საქართველოში, რომ ამერიკა ელის, რომ საქართველოში არჩევნების შემდეგ ხელისუფლება შეიცვლება. ეს თქვა თავად ჰილარი კლინტომაც 6 თვის წინათ. ამერიკაც, ევროპაც, ისევე, როგორც ქართული საზოგადოება, ითხოვს სააკაშვილის წასვლას. ეს არის გუშინდელი დღის პოლიტიკოსი. ის საქართველოს მომავალში ვერ წაიყვანს, საქართველო მომავალში ჩვენ, ამ ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ უნდა წავიყვანოთ.
ჩვენ უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენშია ძალა და არა - ვაშინგტონში, მოსკოვში ან ბრიუსელში. საგარეო პოლიტიკური მოთამაშეები ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ინტერესების შესაბამისად. ჩვენი და ბატონი ბიძინას ხედვა სწორედ იმით განსხვავდება დღევანდელი ხელისუფლების ხედვებისაგან, რომ ჩვენ ჯერ ჩვენი ინტერესები უნდა ჩამოვაყალიბოთ, რა გვინდა და შემდეგ ამ პლატფორმიდან ვესაუბროთ ამერიკასაც, რუსეთსაც და ევროკავშირსაც. ჩვენ აქამდე ყოველთვის ვერგებოდით სხვის ინტერესებს. ეს დამოკიდებულება ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეიცვალოს.
886
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85