კიდევ რომელ მინისტრს მოხსნიან

კიდევ რომელ მინისტრს მოხსნიან


სულ რამდენიმე დღის წინ ხელისუფლებაში კატეგორიულად უარყოფდნენ იმ ინფორმაციას, რომ მთავრობაში საკადრო ცვლილებები და კონკრეტულად კვეზერელის მოხსნა იგეგმებოდა. მაგრამ ფაქტია, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია გამართლდა. ხელისუფლება დღესაც ამბობს, რომ ცვლილებები აღარ არის მოსალოდნელი, მაგრამ ჯერჯერობით ისევ არაოფიციალურად, იმაზე მიდის საუბარი, რომ სააკაშვილი რამდენიმე მინისტრის და ასევე პრემიერ-მინისტრის მოხსნას გეგმავს.

პირველი ცვლილება კი, ცხადია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თანამდებობის დაკავებას უკავშირდება და ეს ოფიციალურადაც პრეზიდენტის პრეროგატივაა.

შეგახსენებთ, რომ გუბერნატორს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს პრეზიდენტი და ვიდრე პრემიერი გოროზიას სოფლის მეურნეობის მინისტრად დანიშვნის შესახებ გააკეთებდა განცხადებას, პრეზიდენტს უნდა გაეკეთებინა განცხადება, რომ გუბერნატორს ცვლიდა.

ამ სუბორდინაციის დაცვას, შესაძლოა, დიდი მნიშვნელობაც არ ჰქონდეს, მით უმეტეს, რომ გოროზიას შემცვლელი ყველა ვარიანტში პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს და გავრცელებული ინფორმაციით, ამ თანამდებობას სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ მისაბიშვილი დაიკავებს. თუმცა ამ ინფორმაციას პარლამენტში ჯერჯერობით არავინ ადასტურებს. უფრო სწორად, ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არავის სურს და მათ შორის გურამ მისაბიშვილს.

ხელისუფლებასთან დაახლოებული წყაროები კი იმასაც ამაბობენ, რომ გოროზიას თავდაცვის ამჟამინდელი მინისტრი ბაჩო ახალაია შეცვლის.

არაოფიციალური ინფორმაციით, პრეზიდენტი ახალაიას შეცვლას ორი მიზეზით გეგმავს. ერთი, ეს არის ის უკმაყოფილება, რაც მისი მინისტრობის გამო თავდაცვის სფეროში არსებობს და მეორე, სამეგრელოში "ნაციონალების" დაკარგული რეიტინგი. საარჩევნოდ კი ხელისუფლებას, ცხადია, სამეგრელოში "მძიმე" ხელი დასჭირდება და ამიტომაც, თუ სამეგრელოში ახალაიების გავლენას გავითვალისწინებთ, შესაძლოა, გოროზია მისაბიშვილმა კი არა, სწორედ ბაჩო ახალაიამ შეცვალოს.

ასევე საუბარია იმაზეც, რომ შეიცვლება კულტურის მინისტრიც. აღსანიშნავია, რომ რურუას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გავრეცელებული ინფორმაცია ახალი არ არის და შარშან ზაფხულიდან მოყოლებული ელოდებოდნენ, რომ მას ვინმე ჩაანაცვლებდა. რურუას შესაძლო მოხსნას კი ხელისუფლების შიგნით არსებულ დაპირისპირებას უკავშირებდნენ.

მართალია, რურუა დღემდე მინისტრია, მაგრამ "რეზონანსის" წყაროს ინფორმაციით, რომელიც ხელისუფლებასთან არის დაახლოებული, რურუას მინისტრობიდან მოხსნის საკითხი ისევ აქტუალურია. ოღონოდ ახლა საუბარია იმაზე, რომ მის ელჩად გაშვებას აპირებენ. ამავე წყაროს ინფორმაციით, რურუას ელჩობა საფრანგეთში სურს, მაგრამ სხადასხვა პრობლემის გამო საფრანგეთი იტალიით შეიცვალა.

შეგახსენებთ, რომ იტალიაში საქართველოს ელჩი კოტე გაბაშვილია.

გარდა ამისა, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები იმასაც ამბობენ, რომ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრის შეცვლასაც გეგმავს, ამ ინფორმაციით, გილაურის ჩანაცვლებას კეზერაშვილით გეგმავენ. გილაურის მოხსნის მიზეზი კი ბიუჯეტის პროექტი გახდება.

საქმე ის არის, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ ხელისუფლება იმდენად არის შეშფოთებული, რომ ცდილობს, რამენაირად მოახერხოს საზოგადოების გულის მოგება. სწორედ ამ კონტექსტში მოხდა უგულავას მიერ მოსახლეობისთვის 5-5 ლარის დარიგება, მაგრამ ამან უკურექცია გამოიწვია, მიუხედავად იმისა, რომ ამ ვაუჩერის აღებაზე უარი არავის უთქვამს.

თუმცა, როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ არის და სააკაშვილი მთავრობისგან რეალურად ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვს.

დღევანდელი ბიუჯეტის პროექტი კი ამ მიზნებს რომ ვერ მოერგება, ცხადია, და ამიტომაც გასაკვირი ის არის, რომ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე გუშინ დაჟინებით იმეორებდა, რომ ბიუჯეტი სოციალურ საკითხებზე იქნება ორიენტირებულიო.

არადა, ფაქტია, დღეს არსებული პროექტით ამის თქმა შეუძლებელია. ეს პროექტი, ექსპერტთა შეფასებით, საკმაოდ გაუგებრად არის დაწერილი და რაც მთავარია, აქცენტი არც სოციალურ საკითხებზე კეთდება, არც ჯანდაცვაზე და არც სოფლის მეურნეობის განვითარებაზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ გუშინდლამდე ეს პროექტი არავის გახსენებია და დღევანდელი განხილვაც მოულოდნელად მას შემდეგ დაინიშნა, რაც პრესაში გაჩნდა მოსაზრება, რომ ხელისუფება ბიუჯეტის ჩასაგდებად ემზადება.

ბიუჯეტის ჩაგდებას სააკაშვილი როგორ გამოიყენებს, ძნელი სათქმელია. მას ასეთ შემთხვევაში მთავრობის დათხოვნაც შეუძლია და პარლამენტისაც. სააკაშვილს თუ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა დასჭირდა, მაშინ პარლამენტს ბიუჯეტის პროექტს ჩააგდებინებს და ასეთ შემთხვევაში ან მთავრობა უნდა დაითხოვოს ან პარლამენტი.

იმ შემთხვევაში კი, თუ ვითარების შეცვლა მთავრობის დათხოვნით გადაწყვიტა, მაშინ სცენარის ამ კუთხიდან განვითარებას ელოდებიან და არც ის იქნება გასკვირი, რომ ბიუჯეტის უვარგისობაზე პასუხი სწორედ გილაურს აგებინოს.

გუშინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილი რამდენიმე კვირაში გილაურის ადგილზე კეზერაშვილს დანიშნავს. საუბარია თავდაცვის ყოფილ მინისტრზე, რომელიც დღემდე ლატარიის კომპანიის მფლობელი და ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია. მის საკეთილდღეოდ და მისი კომპანიის მოგების გაზრდისთვის კი ხელისუფლება განსაკუთრებით ბოლო პერიოდში კანონმდებლობას ყოველ კვირას ცვლის.

ასეა თუ ისე, ხელისფლებაში ცვლილებებს კიდევ ელოდებიან და, როგორც ამბობენ, ყველაფერი რამდენიმე კვირაში გაირკვევა. შეგახსენებთ, რომ ბიუჯეტის დამტკიცება 31 დეკემბრამდე უნდა მოხდეს. პროექტის რადიკალური ცვლილებისთვის კი, ცხადია, გარკვეული დროა საჭირო. ამიტომაც, თუკი გილაურს ბიუჯეტის პროექტის საბაბით შეცვლიან, ეს მაქსიმუმ ერთ თვეში მაინც უნდა მოხდეს.

ექსპერტები კი არ გამორიცხავენ, რომ მთავრობაში კიდევ რამდენიმე ცვლილება განხორციელდეს.

"მოსალოდნელი, რა თქმა უნდა, არის, რადგან კრიზისის დროს ბევრი ხელისუფლება მიმართავს მთავრობის კაბინეტის შეცვლის მეთოდს იმისთვის, რომ უკან დარჩეს უფრო მნიშვნელოვანი საკითხი. ის ზღაპარი ხომ გახსოვთ, მელა ჩიტს რომ ეუბნება, ერთი ბარტყი გადმომიგდე, თორემ შენც შეგჭამ და შენს შვილსაცო, კრიზისი დაახლოებით ასეთი რამაა და ხელისუფლება იწყებს ბარტყების გადაგდებას, რომ ის არ შეჭამოს. ბარტყები, ცხადია, მინისტრები არიან," - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე და იმასაც აღნიშნავს, რომ დღეს ხელისუფლების ქმედებებში კრიზისის ნიშნები ნამდვილად შეინიშნება.

ამ შემთხვევაში კი საინტერესო ის არის, გილაურის "ბუდიდან გადაგდება" ვითარებას სააკაშვილის სასიკეთოდ განმუხტავს თუ არა.

"ესეც კარგი კითხვაა იმ მხრივ, რომ დღევანდელ ვითარებაში ვინმეს მოხსნა უკვე აღარ არის რაიმეს მომტანი. კრიზისულ ვითარებებში, როდესაც საზოგადოების პროტესტი, სამართლიანად თუ უსამართლოდ, მიმართულია პირველი პირისკენ, დანარჩენი ყველა ცვლილება, მით უმეტეს, რომ ეს ცვლილება კვლავ კარუსელის პრინციპით ხორციელდება, რისი მხილველებიც დღეს გავხდით, არაფრის მომტანი არ არის.

"ანუ, როდესაც ხელისუფლება თავისივე გუნდის ერთი წევრით ანაცვლებს მეორეს, ეს მოსახლეობის მიერ არ აღიქმება როგორც ხელისუფლების ისეთი პოლიტიკა, რომელიც მას მომავალში რაიმე ხეირს მოუტანს. დღეს მოსახლეობა ამ პოლიტიკური გუნდით მთლიანად უკმაყოფილოა. ხელისუფლებას თუნდაც კვეზერელის ადგილას პროფესიონალური რომ დაენიშნა და არა პოლიტიკური გუნდის წევრი, ამას, შესაძლოა, განწყობებში რაღაცა ცვლილებები შეეტანა, მაგრამ ისევ "ნაცმოძრაობის" წარმომადგენელთა გადაადგილება არაფერს შეცვლის," - აცხადებს საყვარელიძე.

საინტერესოა ისიც,ხელისუფლებამ კვეზერელის გადაყენება "მთავრობის სამოქმედო სტრატეგიას" დაუკავშირა და ამიტომ არც ის იქნება გასაკვირი, რომ ამ სტარტეგიაში სხვა მინისტრები და თავად პრემიერმინისტრიც აღმოჩნდეს.