ნანა ფიცხელაური, "ქართული სიტყვა"
„სახალხოდ გაძლევ სიტყვას, შენ დაიწყე ახალი „დარდუბალას“ გაკეთება და მე დავაფინანსებ,“ - საჯაროდ შესთავაზა ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტ შალვა რამიშვილს. “ბატონო ბიძინა, ეპისტოლარულ ჟანრში არ განიხილება მსგავსი საკითხები. გამონახეთ დრო და შემხვდით,” - გამოწვევაზე გამოწვევით უპასუხა შალვამ... ივანიშვილმა დრო გამოინახა და... ბიზმესმენის რეზიდენციიდან გამოსული შალვა რამიშვილი, აშკარად, დიდი შთაბეჭდილების ქვეშ იყო...
შალვა, რამდენი ხანი დაგითმო და ძირითადად რა თემებზე ესაუბრე ტეტ-ა-ტეტ ივანიშვილს?
- შეხვედრა 30 წუთს გაგრძელდა და კონკრეტულად „დარდუბალას“ პროექტზე ვისაუბრეთ. იგი შემპირდა, რომ არ ჩაერევა პროექტის მსვლელობასა და სარედაქციო პოლიტიკაში. ასევე, ვისაუბრეთ „მაესტროზე“, ჟურნალისტიკაზე... რაღაცაში შევძელი მისი გადარწმუნება. ეს ადამიანი მოსულია ბიზნესიდან, აქვს თავისი მკაფიო წარმოდგენები, არის ძალზე ლაკონური, პრაგმატული, იღებს გადაწყვეტილებას და პატივს სცემს სხვის აზრს, თუ ის კომპეტენტურია. არ აქვს საკუთარი აზრის შეცვლის პრობლემა - თუ ჩათვლის, რომ საწინააღმდეგო აზრი მისაღებია, შეუძლია საუბრიდან აზრის გამოტანა და მოქმედების სწრაფად დაწყება. ივანიშვილი ძალიან მაღალი კლასის ბიზნესმენია, რომელსაც, როგორც შევატყვე, აქვს არა იმდენად პოლიტიკოსის ამბიციები, არამედ, მისი აზრით, ქვეყანა იღუპება და იღწვის, რომ გადაარჩინოს და სწორედ ამიტომ ჩაება პოლიტიკაში. ის არასოდეს ყოფილა საჯარო პირი და, როგორც მივხვდი, საჯარო პირად გადაქცევა გარკვეულ დისკომფორტსაც უქმნის. ეს უნდა დაძლიოს, რა თქმა უნდა.
რას იტყვი, სიტყვის კაცი ჩანს ბიძინა ივანიშვილი, ანუ შეასრულებს დადებულ პირობას?
- ესეც ვკითხე და მტკიცედ მიპასუხა, კიო.
საზოგადოებაში დანერგილი აზრის თანახმად, კარგი ოლიგარქი იმას არ ნიშნავს, რომ კარგი პოლიტიკოსიც იქნება. შენც ასე ფიქრობ?
- ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არაა, ეს იარლიყი მიხეილ სააკაშვილის მიერ კონტროლირებადმა ტელევიზიებმა მიაკერეს. ოლიგარქი ნიშნავს სახელისუფლებო გუნდთან შეზრდილ საქმოსანს, რომელიც მართავს ქვეყანას.
თქვი, მე მას ვურჩიე რაღაცეები, მან კი, მე მირჩიაო. რას გულისხმობდი?
- ეს რჩევა-დარიგების ფორმატი არ ყოფილა. უბრალოდ, მოვუყევი, თუ როგორ იმართება „მაესტრო“ და როგორია დამოუკიდებელი მედიის მართვის სტილი.
თუ შეძელი მისი გადარწმუნება იმაში, რომ “მაესტრო” არ მიეკუთვნება ფსევდოოპოზიციურ არხთა რიცხვს?
- მოისმინა ჩემი მოსაზრებები და შემდეგ შეხვედრებზე, ალბათ, აზრებს კიდევ გავცვლით.
თვითონ რა გირჩია, ესეც საინტერესოა...
- მე შემოქმედი კაცი ვარ და, როგორც გითხარი, ბიძინა ივანიშვილი ამ საკითხში არ ჩაერევა. მას აქვს იმედი, რომ ყველაფერს კარგად გავაკეთებ და ამ კუთხით არაფერი ურჩევია.
“დარდუბალას” პროექტზე რა გითხრა?
- პროექტი, ისედაც და ასედაც, მოწონებული იყო, ჩვენ რაღაც სხვა დეტალებზე ვისაუბრეთ.
სახელდობრ?
- ამას არ ვიტყვი.
თუ საჭირო გახდა, “დარდუბალაში” ბიძინა ივანიშვილსაც გავაშარჟებთო, - თქვი. ეს მისი სურვილია?
- “დარდუბალაში” ჩნდება ჩვენი დროის ყველა პოლიტიკური გმირი და, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მათგანი ივანიშვილია.
თუმცა, როგორც ირკვევა, ყველა ვერ იქნება ანიმაციის პერსონაჟი, მაგალითად, ეროსი კიწმარიშვილი. რატომ?
- ბუნებრივია, ამაზეც ვიხუმრე. ეროსი კიწმარიშვილი არაა ისეთი მაღალრეიტინგული ფიგურა, როგორიც თუნდაც, ვანო მერაბიშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ან ბიძინა ივანიშვილია. „დარდუბალა“, ალბათ, თვე-თვენახევარში გავა „მაესტროზე“.
რაც შეეხება სამუშაო ჯგუფს, ცხადია, ძველი შემადგენლობა აღარ იქნება, მაგალითად, გია ჭანტურია...
- შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტდება.
დავუბრუნდეთ ბიძინა ივანიშვილს. შენი აზრით, ფულადის გარდა, რა რესურსებით შეძლებს იგი ბოლომდე გასვლას?
- ფულადი რესურსების გარდა, ბიძინა ივანიშვილს აქვს უდიდესი ნდობა ხალხში, მეორეც, მაღალი დონის ბიზნესმენია და აქვს ფართო კავშირები - კარგად იცნობენ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში და ეს კავშირებიც, რა თქმა უნდა, მისი აქტივია. ამასთან, აქვს ინტელექტი და მის გარეშე, დამეთანხმებით, ასეთ წარმატებას ეს ადამიანი ვერ მიაღწევდა. შესაბამისად, ეს ყველაფერი “დამღუპველი კოქტეილია” მიხეილ სააკაშვილისთვის.
საუბარში უშუალოა ბიძინა ივანიშვილი?
- ძალიან, შენობით ითხოვს საუბარს.
გატყობ, წყენამ უკვე გადაგიარა...
- კი, ჩვენ ვისაუბრეთ ამ თემაზე, გავცვალეთ მოსაზრებები და, რა თქმა უნდა, წყენა აღარ არის.
1295
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85