მთავრობამ პარლამენტი კოდექსის გამო დაამცირა

მთავრობამ პარლამენტი კოდექსის გამო დაამცირა



ახალი საგადასახადო კოდექსის მიღებიდან სულ რამდენიმე დღე გავიდა, მაგრამ ხელისუფლება უკვე იმაზე საუბრობს, რომ ამ კოდექსზე მუშაობა კვლავ გაგრძელდება და არც ის არის გამორიცხული, რომ გარკვეული ცვლილებები ამ „რევოლუციურ პროექტშიც“ შევიდეს. ძნელი სათქმელია, მომავალში რა და როგორ შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ფაქტია, რომ მთავრობამ ახლა ისიც კი არ შეცვალა, რის შეცვლასაც პარლამენტი ითხოვდა.


 


ახლადმიღებულ საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესაძლო შეტანის შესახებ განცხადება პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა გააკეთა.


ეს არ არის კოდექსი, სადაც ცვლილება აღარ შევა. ჩვენ დაველოდებით მის ამუშავებას, გავაგრძელებთ მუშაობას მის დახვეწაზე და რაც საჭირო იქნება, შეიცვლება, - განაცხადა მაჭავარიანმა.


 


მას არ დაუკონკრეტებია, თუ რა საკითხი შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ, თუკი ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში არსებულ შენიშვნებს გავითვალისწინებთ, შესაძლოა, კოდექსი თავიდან დასაწერიც კი გახდეს.


 


საქმე ის არის, რომ პარლამენტს და არა საპარლამენტო ოპოზიციას ამ კოდექსთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი შენიშვნა ჰქონდა. ითქვა, რომ მთავრობამ პარლამენტის შენიშვნები გაითვალისწინა, მაგრამ ფაქტია, რომ მთავრობას ეს პირობა არც კი გახსენებია. როგორც მოსალოდნელი იყო, თავად უმრავლესობა ამ საკითხზე ხმას არ იღებს.


 


ბოლო წუთებამდე არსებობდა მოლოდინი, რომ გათვალისწინებული იქნებოდა უმრავლესობის მოთხოვნა, რომ ნორმები და ფუნქციები კანონით იყოს განსაზღვრული და არა მთავრობის რომელიმე წევრის დადგენილებითო. ასევე გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო სოფლის მეურნეობის საგადასახადო შეღავათის საკითხი, ქრონომეტრაჟის პრინციპი და მასთან დაკავშირებული ჯარიმების რაოდენობა, დაუბეგრავი მინიმუმის ცნება, საშემოსავლო გადასახადის რაოდენობა, განათლებასა და ჯანდაცვასთან დაკავშირებული საკითხები და ა.შ.


 


როგორც აღმოჩნდა, მთავრობამ შეთანხმების პირობა მხოლოდ განათლებასა და ჯანდაცვასთან დაკავშირებით შეასრულა. დანარჩენი საკითხები კი, უბრალოდ, გააპარეს. საერთოდ, ცალკე თემაა ის, რომ მცირე ბიზნესის დეფინიცია უცვლელი დარჩებოდა, ვინაიდან ამ კოდექსის ე.წ. რევოლუციურობის პრინციპი სწორედ იმას უკავშირდებოდა, რომ მცირე ბიზნესის დეფინიცია 100 ათასი დარიდან 200 ათასამდე აიწევდა. უფრო უცნაური კი ის არის, რომ პარლამენტში ამ ყველაფერზე ხმას არავინ იღებს და კომენტარს არავინ აკეთებს.


 


პირველ რიგში, შეიძლება განხილული იქნას ის საკითხები, რაც მოქმედ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ამ კონტექსტში სახელდება ის ფაქტი, რომ ფინანსთა მინისტრის და მთავრობის პრეროგატივა ხდება ბევრი ისეთი საკითხი, რასაც მხოლოდ კანონი უნდა განსაზღვრავდეს.


 


საქმე ის არის, რომ მოქმედი კონსტიტუციის 94-ე მუხლში წერია, რომ ყველა გადასახადის დადგენა, ოდენობის განსაზღვრა, გადახდა, გადახდისგან გათავისუფლება ხდება მხოლოდ კანონით. ამ კოდექსში კი არის უამრავი მუხლი, სადაც წერია, რომ ამა თუ იმ გადასახადის განსაზღვრას, მიკრობიზნესის განსაზღვრას, მისთვის ფუნქციების დაწესებას თუ შეზღუდვას, ამ ყველაფრის უფლებას საგადასახადო კოდექსი აძლევს ფინანსთა მინისტრს.


 


ახალი კოდექსით, მიკრობიზნესის სტატუსის მინიჭება, გაუქმება და სერტიფიკატის


გაცემა ხდება ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით. ეს მოთხოვნა, რომ გარკვეული საკითხების რეგულირება მოხდეს კანონით და არა ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით, საპარლამენტო კომიტეტების მიერ მომზადებულ შენიშვნებშიც ფიგურირებს. რაც მთავარია, როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ბუცხრიკიძე აცხადებდა, საკითხის მეორე მოსმენით განხილვამდე არსებობდა მთავრობის პირობა, რომ ეს შენიშვნა გათვალისწინებული იქნებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, პირობა პირობად დარჩა. ისევე როგორც, საგადასახადო ომბუდსმენთან დაკავშირებით.


 


პარლამენტს შენიშვნები ჰქონდა საგადასახადო ომბუდსმენთან დაკავშირებითაც, რათა მისი ფუნქციები განესაზღვრა კანონს. ზურაბ ბუცხრიკიძის თქმით, კანონში ჩაიწერებოდა ომბუდსმენის ფუნქციები და ამასთან იქნებოდა ის ჩანაწერიც, რომ იგი ანგარიშს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს წარუდგენდა. დანიშვნა კი პარლამენტთან შეთანხმებით მოხდებოდა, მაგრამ ესეც ტყუილი დაპირება აღმოჩნდა.


 


ერთ-ერთი არსებითი ხასიათის შენიშვნა კი ეხებოდა საშემოსავლო გადასახადს და დაუბეგრავი მინიმუმის ცნებას. საშემოსავლო განაკვეთი დღეს განსაზღვრულია 20%-ით, მაგრამ ამასთან დაკავშირებით, დღეს მოქმედ კოდექსში არის ჩანაწერი, რომ 2011 წლიდან უნდა გახდეს 18% და 2015 წლიდან კი - 15%. ახალ კოდექსში კი პირველი ვადა გადაწეულია 2014 წლამდე, მეორე ვადაზე კი საერთოდ არაფერი არ არის ნათქვამი.


ეს კი პარლამენტში საკმაოდ მწვავედ გააკრიტიკეს. სხვათაშორის, საპარლამენტო უმრავლესობა მთლიანად პირობის შესრულებას კი არა, მეორე ვადის კანონით განსაზღვრას ითხოვდა და მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება ამაზეც არსებობდა, არც ეს საკითხი იქნა გათვალისწინებული.


 


ასევე არსებობდა მთავრობის პირობა, რომ მოხდებოდა დაუბეგრავი მინიმუმის რაოდენობის გადახედვაც. აქ არის საუბარი ადამიანების კონკრეტულ კატეგორიაზე, როგორებიც არიან ინვალიდები, მეორე მსოფლიო ომის და ტერიტორიული მთლიანობის ვეტერანები, მარტოხელა დედები, პირები, რომლებმაც ბავშვი იშვილეს, ან მინდობით ზრდიან და ა.შ. ეს კატეგორია გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან იმ შემთხვევაში, თუკი მათი შემოსავალი წელიწადში არის 3 ათას ლარამდე.დაუბეგრავი მინიმუმის თემაც ფუჭი დაპირება აღმოჩნდა.


 


ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კი სოფლის მეურნეობის საკითხია. როგორც ბუცხრიკიძე აცხადებდა, არსებობდა მთავრობის პირობა, რომ სოფლის მეურნეობის პირველად მიწოდებასთან მიმართებაში, საგადასახადო კანონდმებლობა უფრო ლიბერალური იქნებოდა. მისი თქმით, გადაწყდა, რომ გადასახადისგან გათავისუფლებისთვის შემოსავლის მაქსიმალური ზღვარი გაორმაგდებოდა.


დღეს მოქმედი ნორმით, საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდება სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული ფიზიკური პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული შემოსავალი და დაქირავებული ფიზიკური პირისათვის გაცემული ანაზღაურება, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ამ ფიზიკური პირის მიერ აღნიშნული მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი, 100 000 ლარს არ აღემატება. ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტით კი ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.


 


ამას გარდა, აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით ცვლილება საგადასახადო კოდექსში ყოველწლიურად შედიოდა. სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირების გადასახადისგან გათავისუფლების ნორმა ყოველ წელს, მხოლოდ ერთი წლით მიიღებოდა ხოლმე და შემდეგ, მისი გადავადება ხდებოდა. ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტით კი, კანონმდებლობაში ვადასთან დაკავშირებით დათქმა აღარ იქნება და სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული ფიზიკური პირის მიერ წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული შემოსავალი და დაქირავებულისთვის მიცემული ანაზღაურება, საშემოსავლო გადასახადისგან, უვადოდ გათავისუფლდება.


 


რასაკვირველია ესეც ძალიან დიდი ტყუილი აღმოჩნდა და საბოლოოდ ის ვარიანტი იქნა მიღებული, სადაც ამ საკითხთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ გადასახადისგან გათავისუფლებულნი იქნებიან არა უვადოდ, არამედ 2014 წლამდე.


როგორც ჩანს, მომავალში შესაცვლელი მართლაც საკმაოდ ბევრი საკითხია და გამორიცხული არ არის, რომ ახალ საგადასახადო კოდექსში ცვლილებები მის ამოქმედებამდეც კი შევიდეს. ახალი საგადასახადო კოდექსი კი ძალაში 2011 წლის 1-ლი იანვრიდან შედის.