ივანიშვილმა ტელეეთერში გამოსვლისას რაც არ უნდა გააკეთოს, მაინც სიურპრიზი იქნება

ივანიშვილმა ტელეეთერში გამოსვლისას რაც არ უნდა გააკეთოს, მაინც სიურპრიზი იქნება


ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვლის პოლიტიკაში გამოჩენის მიზეზებსა და სავარაუდო შედეგებზე, ასევე, რა სიურპრიზი ელოდება საზოგადოებას ივანიშვილის ტელეეთერში გამოჩენისას, "ინტერპრესნიუსი" ექსპერტს ეკონომიკურ საკითხებში, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.

- ბატონო ალექსანდრე, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში გამოჩენამ საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეეთერში მის გამოჩენასთან დაკავშირებით მოლოდინები დიდია. თქვენმა კოლეგამ გია ხუხაშვილმა, რომელსაც ივანიშვილთან ჰქონდა შეხვედრა, ბრძანა, რომ ივანიშვილის ეთერში გამოჩენით საზოგადოებას დიდი სიურპრიზი ელოდება. თქვენი მოლოდინი როგორია და თქვენ რა ტიპის სიურპრიზის მოლოდინი გაქვთ ივანიშვილისაგან პოლიტიკაში გამოჩენისაგან?

- ბატონი ბიძინა ივანიშვილი იმდენად დახურული და ჰერმეტული პიროვნებაა, რომ წარმოდგენა არა მაქვს, რა მოლოდინი შეიძლება გვქონდეს მასთან დაკავშირებით. არ ვიცი მისი ორიენტაცია, მემარცხენეა თუ უფრო მემარჯვენე. იგი ხომ საზოგადოების წინაშე თითქმის არ ჩნდება. ერთადერთი, რაც ვიცი ბატონ ივანიშვილის შესახებ, ძალიან უყვარს თეატრი. სამწუხაროდ, სხვა ინფორმაცია არავითარი არა მაქვს. ჩემი აზრით, ერთ-ორ თვეში გამოჩნდება მისი მრწამსი და შესაძლებლობები. ნათქვამი ერთია, ქმედებები - მეორე. ამიტომ ვამბობ, მე წარმოდგენა არა მაქვს, შეძლებს თუ არა ივანიშვილი თავის გარშემო ხალხის მობილიზებას და მოახერხებს თუ არა რეალური პოლიტიკური ძალის დაფუძნებას. 

- ოპოზიციურმა ფლანგმა ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ საზოგადოებას პრაქტიკულად ვერაფერი ახალი ვერ შესთავაზა, მეტიც, ოპოზიცია დაიქსაქსა და ოპოზიციური ველი პრაქტიკულად ცარიელია, ამას ხომ არ უკავშირდება ის მოჭარბებული მოლოდინები, რომელიც ივანიშვილის პოლიტიკაში მონაწილეობის განცხადებას მოჰყვა? 

- რასაკვირველია, ეს ასეა. ქართული საზოგადოება ყველაფერ ახალს მიესალმება. ჩვენ გვახსოვს აჟიოტაჟი, როცა გამოჩნდა პოლიტიკურ არენაზე ბატონი ალასანია. დრომ აჩვენა, რომ ჩვენი მოლოდინები ოდნავ ყოველთვის გადაჭარბებულია. 

- ივანიშვილის სავარაუდო პოლიტიკურ პარტნიორებთან დაკავშირებით რა შეიძლება თქვათ?
- არ ვიცი, თუ ვისთან მეგობრობს იგი და ვინ არიან მისი გუნდის წევრები. ერთადერთი რაც ვიცი, ის არის, რომ ბანკ "ქართუს" ფლობს. ვიცი, რომ ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას, სამწუხაროდ, სხვა არავითარი ინფორმაცია მე მის შესახებ არა მაქვს. 

- პოლიტიკურ არენაზე ივანიშვილის გამოჩენამ, აჟიოტაჟის გარდა, შეშფოთება გამოიწვია არა მარტო სახელისუფლო წრეებში, არამედ ოპოზიციურ ფლანგზეც. აშკარაა, რომ ივანიშვილის ფინანსური შესაძლებლობების ადამიანის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენა ძალთა ბალანსში ცვლილებებს შეიტანს, მაგრამ ჯერ უცნობია, ვის სასარგებლოდ. თქვენ როგორ შეაფასებდით ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენას?

- მხოლოდ დადებითად - რაც მეტი ადამიანი იქნება პოლიტიკურ სარბიელზე, მით უფრო მაღალი იქნება ქართული დემოკრატიის ხარისხი. როგორი შედეგიც არ უნდა ჰქონდეს ივანიშვილის პოლიტიკურ გააქტიურებას, მისი პოლიტიკაში გამოჩენა დადებითი იქნება. მისი შეხედულებები სუპერექსტრემისტულიც რომ იყოს, მაინც დადებითი იქნება. 

- თქვენი აზრით, რაზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ არა ივანიშვილი ძლიერი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებას?

- ეს დამოკიდებულია მის პოლიტიკურ გამჭრიახობაზე; თუ რა გუნდს შეკრავს და როგორი მრჩევლები ეყოლება. მის გუნდზე წარმოდგენა არა მაქვს, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ მან უკვე იცის, თუ ვინ შეიძლება მოიაზრებოდეს მის გუნდში. ახლა ყველაფერი იმდენად ბურუსით არის მოცული, რომ ამ თემაზე მსჯელობა ნაადრევია. 

- თქვენ როგორ შეაფასებდით ივანიშვილის მიერ გაზეთებში გავრცელებულ პირველ პოლიტიკურ განცხადებას? 

- საქმე იმაშია, რომ მე უკვე დიდი ხანია, ასეთ საჯარო განცხადებებს ყურადღებებს აღარ ვაქცევ. ჩემთვის მნიშვნელოვანია ქმედებები - რა პროგრამას წარმოადგენს, როგორი იქნება მისი გუნდი. პრინციპში, ბევრი რამ ამაზეა დამოკიდებული. ასეთი ტიპს განცხადებებს ბევრი კი აკეთებს, მაგარამ შემდეგ ისინი, ვინც ერთმანეთს აგინებს, რესტორნებში ერთად სხედან და ქეიფობენ. 

- მინდა, ისევ ბატონ გია ხუხაშვილის ნათქვამს დავუბრუნდე - იგი ამბობს, რომ საზოგადოებას ბიძინა ივანიშვილის ეთერში გამოჩენით სიურპრიზი ელოდება. თქვენთვის სიურპრიზი რა იქნებოდა?

- საქმე იმაშია, რომ ბატონმა ივანიშვილმა ტელეეთერში გამოსვლისას რაც არ უნდა გააკეთოს, მაინც სიურპრიზი იქნება. არ ვიცი, ბატონმა გიამ რა იგულისხმა სიურპრიზში, მაგრამ მის გამონათქვამს ასეთ ინტერპრეტაციას ვაძლევ. მოდით, დაველოდოთ და თავად ვნახავთ, რა სიურპრიზზეა საუბარი.