თიკო ოსმანოვა, "რეზონანსი"
რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ქართული და რუსული მხარეები ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციებს ავრცელებენ.
"მოლაპარაკებები დასრულდა და ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ იგი ჩაიშალა, უშედეგოდ დასრულდა", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძემ, რომელიც აღნიშნულ მოლაპარაკებებში ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა.
მისივე თქმით, საქართველოს არ შეუძლია, რუსეთის მსო-ში გაწევრიანებაზე თანხმობა განაცხადოს, ვიდრე რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვაჭრობის შესახებ პოზიციას არ შეიცვლის.
რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ მედვედკოვმა კი განაცხადა, რომ ის, რასაც საქართველო რუსეთისგან ითხოვს, მსო-ის საქმიანობის სფეროში არ შედის.
კაპანაძის მტკიცებით, ეს იყო ორმხრივი მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი, რადგან, ქართული მხარე ამ მოლაპარაკებების გაგრძელების აზრს ვერ ხედავს.
თუმცა, ამავე დროს საინფორმაციო სააგენტო "როიტერი" რუსულ დელეგაციაში თავის წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ მხარეები მოლაპარაკების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ დ შემდეგი რაუნდი 17 ოქტომბერს გაიმართება.
ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთი, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, "იმ ფასის გადამხდელი არ არის", რომელსაც საქართველო ითხოვს.
"თუ ქართულ მხარეს ეს განწყობა აქვს, ჰქონდეს, მაგრამ რამდენად აქვს ქართულ მხარეს მოსალოდნელი შედეგები გათვლილი, არ ვიცი. სერიოზული ეჭვები მაქვს, იმიტომ, რომ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთის ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება არ არის რუსეთის ექსკლუზიური ინტერესი, ეს არის მთელი დანარჩენი სამყაროს ინტერესი. აქედან გამომდინარე, დეტალები სიღრმისეულად არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, რომ მოსალოდნელი შედეგი უნდა გაიაზროს ქართულმა მხარემ და, შესაბამისად, პასუხისმგებლობაც უნდა აიღოს თავის თავზე. იმედია, აიღებს, თუ რა თქმა უნდა, ესკლაციამდე არ მიჰყავს ყველაფერი.
"თუმცა, ვფიქრობ, რუსეთი უპირობოდ არ უნდა გაწევრიანდეს. უნდა მივიღოთ შესაძლებლობების მაქსიმუმი. მაგრამ ჩიხი არ არის სწორი პოზიცია. დღეის მდგომარეობით ჩვენ ვართ ჩიხში, რაც არ არის სწორი.
"რასაც ითხოვს ქართული მხარე, ცხადია, ფორმალურად ეს არის წმინდა ეკონომიკური საკითხი, მაგრამ ამ ფასის გადამხდელი რუსეთი არ არის. შესაბამისად, თუ პრინციპულად დატოვა ქართულმა მხარემ ეს პოზიცია, კრემლი ამაზე წამსვლელი არ არის. ცხადია, ჩაიშლება მოლაპარაკებები. მოლაპარაკება რომ ჩაიშლება, ამის შემდეგ რჩება ორი გზა - ერთი გზა არის ის, რომ რუსეთი არ მიიღონ ამ ორგანიზაციაში, რაც დანარჩენი სამყაროსთვის ძალიან ცუდია იმიტომ, რომ ყველა დაინტერესებულია რუსეთის მიღებით.
"მეორე გზა კი არის ის, რომ საქართველოს გარეშე მოხდეს რუსეთის გაწევრიანება, რაც წესდებით არ იკრძალება. ეს კიდევ უფრო მძიმე ვარიანტია ჩვენთვის და იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეს ვარიანტები გათვლილი აქვს.
"ვერ ვიქნები კატეგორიული იმიტომ, რომ არ ვიცი, ქართული მხარე რამდენად ღმად ითვლის ასეთ საკითხებს. არ გამორიცხავ, რომ საერთოდ არ ითვლიდეს. იმედი მაქვს, რაღაცას მაინც ითვლიან. ყოველ შემთხვევაში, უახლოეს პერიოდში ვნახავთ ამ ყველაფრის შედეგს", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბარში ხუხაშვილი.
პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის თქმით, ამ მოლაპარაკებასთან დაკავშირებით გასულ თვეებში გაკეთებული ოპტიმისტური განცხადებები უსაფუძვლო გამოდგა.
"არ გამოვრიცხავ, რომ მხარეებს შორის ეს არის ტექნიკური ტერმინოლოგიური უზუსტობა. მოლაპარაკების ის რაუნდი, რომელზეც ბატონი კაპანაძე ბრძანებს, დასრულდა. მაგრამ რადგან მათ შორის შუამავალი შვეიცარიული მხარეა, ალბათ მისი ინიციატივის რეალობა რუსული მხარისთვის ცნობილია, ქართულისთვის - ჯერ არა.
"ასეა თუ ისე, როგორც ჩანს, მხარეები არ აპირებენ, დაიძრან ურთიერთის მიმართულებით დაპირისპირებაში, რომელიც ამ მოლაპარაკებაშია წარმოშობილი. ის პერიოდული ოპტიმიზმი, რომელიც გასული თვეების განმავლობაში ისმოდა, უსაფუძვლო გამოდგა", - აცხადებს ცისკარიშვილი.
იგი ასევე არ გამორიცხავს, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას რუსეთი თავისი პოლიტიკური ელიტის დიდი ნაწილის ინტერესებიდან გამომდინარე აფერხებდეს და ორგანიზაციაში შესვლის ხელშემშლელ ფაქტორად საქართველოს განგებ ასახელებდეს.
"თუკი სადმე არის ეჭვი რუსეთის რეალური სურვილის მიმართ, რომ ის იყოს ორგანიზაციის წევრი, ეს გახლავთ თავად რუსეთი. რუსული პოლიტიკური სპექტრის საკმაოდ სოლიდური ნაწილი და თავად პუტინიც საკმაოდ ხშირად შეუბღვერს ხოლმე ამ ორგანიზაციას იმ პირობების გამო, რომელიც მას ტარიფებთან დაკავშირებით ახასიათებს. წესით, ის არ არის მენტალურად მზად ამ ორგანიზაციის წევრობისთვის.
"სახელმწიფო კაპიტალიზმის მოდელი, რომელიც დღეს რუსეთშია, პრივილეგირებულ გარემოს უქმნის გარკვეულ წარმოებას. მსო-ში გაწევრიანებისას ეს მტკივნეული საკითხი რუსულ ეკონომიკაზე, დასაქმებაზე აისახება, იმ საქონლის ხარისხიდან გამომდინარე, რომელიც რუსეთში წარმოებს.
"თუ რუსეთს სავაჭრო ორგანიზაციაში საქმიანობა სურს, ის მოახერხებს საქართველოსთან შეთანხმებასაც და მსო-ში გაწევრიანებასაც. თუ პირიქით, მას საქართველო ამ შემთხვევაში ფარად აქვს აფარებული იმ პოლიტიკოსების მიერ, რომლებსაც არ სურთ რეალური გაწევრიანება სავაჭრო ორგანიზაციაში და უნდათ სოციალისტური ტიპის სახელმწიფო კაპიტალიზმი, მაშინ ცხადია, საქართველო შესანიშნავი მიზეზია იმისა, რომ კიდევ გადადოს გაწევრიანება", - განაცხადა ცისკარიშვილმა.
896
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85