რის სათქმელად ჩამოვიდა სარკოზი საქართველოში?

რის სათქმელად ჩამოვიდა სარკოზი საქართველოში?


7 ოქტომბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეკრებილი ათასობით ადამიანის წინაშე ერთად წარდგნენ საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტები. მათ არაერთხელ ახსენეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, მოვლენა, რომელმაც სამუდამოდ დაუკავშირა ნიკოლა სარკოზის სახელი საქართველოს. ომის შესაჩერებლად გამოჩენილი ძალისხმევისთვის საფრანგეთის პრეზიდენტმა ქართველი კოლეგისგან კიდევ ერთხელ მიიღო გულითადი მადლობა. რას ფიქრობს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებზე საფრანგეთის პრეზიდენტი და რის სათქმელად ჩამოვიდა ის საქართველოში?

არაერთდღიანი ვარაუდების, პროგნოზებისა და კამათის შემდეგ, 7 ოქტომბერს საღამოს, დაახლოებით 6-ის ნახევარზე, საქართველოს მოქალაქეებმა თავისი ყურით მოისმინეს, თუ რის სათქმელად ჩამოვიდა საქართველოში საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი

თუკი მოკლედ ვიტყვით, შეიძლება ითქვას, რომ მას ახალი და განსაკუთრებული არაფერი უთქვამს, მაგრამ თავისუფლების მოედანზე ათასობით ადამიანის წინაშე სიტყვით გამოსვლისას ნიკოლა სარკოზიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა - მაგალითად, ის, რომ საფრანგეთი და მთელი ევროპა მტკიცედ ერთგული რჩება საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და მისმა ამ სიტყვებმა ხალხში განსაკუთრებული რეაქცია გამოიწვია.

ნიკოლა სარკოზიმ თქვა ისიც, რომ საქართველომ თავად უნდა აირჩიოს მოკავშირეები და რომ ამ ქვეყანას თავისუფლად შეუძლია გამოხატოს ნატოში გაწევრიანების მისწრაფებები. არ გამართლდა საზოგადოებაში არსებული მოლოდინი იმის შესახებ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს შესაძლოა რაიმე კონკრეტული ეთქვა საქართველოს მხარდაჭერაზე ნატოში ინტეგრაციის კონტექსტში, თუმცა მან ზოგადად ბევრჯერ გაიმეორა, რომ საქართველოს მეგობარი საფრანგეთი მხარში ამოუდგება საქართველოს, თავად აირჩიოს მოკავშირეები და დაუახლოვდეს ევროპას. ამისათვის კი საქართველომ, რომელმაც ბევრს მიაღწია ვარდების რევოლუციის შემდეგ, კიდევ ბევრი გამოწვევის დაძლევა მოეთხოვება და მათ შორის ერთ-ერთ მთავარ ადგილს დემოკრატიული განვითარების გაგრძელება იკავებს. 

​​საფრანგეთის პრეზიდენტი, ცხადია, იხსენებს 2008 წელს, როდესაც ის, როგორც ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტი, პირადად იყო ჩართული ცეცხლის შეწყვეტის 6-პუნქტიანი გეგმის შემუშავებაში და მოგვიანებით მის დაზუსტებაში, 8 სექტემბრის დოკუმენტის სახით. გავიხსენოთ, რომ 2008 წლის აგვისტოსა და სექტემბერში ნიკოლა სარკოზი ორჯერ იმყოფებოდა საქართველოში, მაგრამ, დიდი მოლოდინის მიუხედავად, ის არც ერთხელ გამოსულა ქართველ ხალხთან შესახვედრად, როგორც ეს იმ პერიოდში სხვა ქვეყნების არაერთმა ლიდერმა გააკეთა.

თუმცა ქართველი ხალხის და სარკოზის შეხვედრა 3 წლის შემდეგ მაინც შედგა იმ რეალობის ფონზე, რომ რუსეთი ჯერ ისევ არ ასრულებს 6-პუნქტიან შეთანხმებას. რა პასუხი აქვს ამაზე ნიკოლა სარკოზის? ის ამბობს, რომ ყველა ხელმომწერმა უნდა შეასრულოს შეთანხმებებში აღწერილი ვალდებულებები და რომ მისაბაძია საქართველოს პრეზიდენტის შარშანდელი მაგალითი:

”საქართველომ აჩვენა თავისი ნება, როდესაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ევროპარლამენტის წინაშე საზეიმოდ აიღო ვალდებულება, რომ არასოდეს გამოიყენებს ძალას საქართველოს სუვერენიტეტის აღსადგენად ორივე წართმეულ რეგიონში. და 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმებების ხელმომწერმა ყველა ქვეყანამ უნდა იგრძნოს და იკისროს ეს ვალდებულება.”

თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას ნიკოლა სარკოზიმ კიდევ ერთხელ გაიხსენა ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის როლი მშვიდობის შენარჩუნებაში და თქვა, რომ ევროპელ დამკვირვებლებს უნდა შეეძლოთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შესვლა. ითქვა, რომ ნდობის აღდგენისა და პრობლემების დაძლევის მიზნით მხარეებმა უფრო ”აქტიურად და გულწრფელად უნდა იმონაწილეონ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში”,
ხოლო იძულებით გადაადგილებულ პირებს უნდა მიეცეთ საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლება.

​​სარკოზიმ უთხრა ქართველ ხალხს, რომ ესმის, რა ძლიერია ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის ”წართმევით” გამოწვეული ტკივილი.

”ყოველგვარი სტრატეგიული ლოგიკის საწინააღმდეგოდ, ნაკისრი ვალდებულების უგულებელყოფით, მნიშვნელოვანი სამხედრო ძალები არა თუ დარჩა, არამედ გაძლიერდა თქვენს კართან, გამყოფი ხაზის გადაღმა”, - ამბობს საფრანგეთის პრეზიდენტი, მაგრამ ამ კონტექსტში ის არ ასახელებს, თუ რომელი ქვეყანა არ გადის საქართველოს ტერიტორიიდან ანდა რა ჰქვია ამ ყველაფერს. 

რუსეთი მან მხოლოდ რამდენიმე ადგილას ახსენა და ისიც დადებით კონტექსტში - მაგალითად, თქვა, რომ საფრანგეთი რუსეთს სტრატეგიულ პარტნიორად განიხილავს და რომ ევროპელები და რუსები ერთობლივად უზრუნველყოფენ თავიანთი ხალხების ”მდგრად კეთილდღეობას”.

შერიგებისა და მეგობრობისკენ ნიკოლა სარკოზი რუსეთსა და საქართველოსაც მოუწოდებს და რუსეთ-საქართველოს შერიგების თემა შეიძლება განვიხილოთ მისი გამოსვლის ერთ-ერთ მთავარ მესიჯად, რადგანაც ის ორჯერ დაუბრუნდა ამ საკითხს. ერთ-ერთ ფრაგმენტში მან ორ ქვეყანას ერთგვარი კონკრეტული რეცეპტიც შესთავაზე:

”ნდობის აღსადგენად დაპირისპირების რიტორიკა უნდა შეწყდეს და უპირატესობა დიალოგს უნდა მიენიჭოს. ნდობის აღსადგენად უნდა დასრულდეს დაშინება, მუქარა და დესტაბილიზაციის მცდელობები. ეს მიუღებელია. ნდობის აღდგენის მიზნით თითოეულმა უნდა ჩათვალოს, რომ საბჭოთა კავშირი წარსულს ჩაბარდა და რომ მას გავლენის სფეროების პოლიტიკა ვერანაირად ვერ ჩაენაცვლება.”

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ფრანგ კოლეგას 2008 წლის აგვისტოში გაწეული ღვაწლისთვის და თქვა, რომ ევროპული დემოკრატიის გზაზე შემდგარი საქართველო, რომელმაც ვარდების რევოლუციის შემდეგ უზარმაზარ წარმატებებს მიაღწია, მარტო აღარ არის და რომ საქართველოს ევროპულ არჩევანს ალტერნატივა არ აქვს:

”ნებისმიერი, ყველაზე გავლენიანი უცხოური ძალის მარიონეტიც, ვერც ერთი ქვეყნის უცხო ჯარი, ვერც ერთი მეხუთე კოლონა ვერ შეძლებს ამ გზიდან ჩვენ აცდენას. და ჩვენი გზა, ჩვენი საბოლოო მიზანი ნათელია. ეს არის ევროპა. ამას გვავალებს ჩვენი წარსული და ამას მოითხოვს ჩვენი მომავალი.”

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, არ არსებობს ძალა, რომელიც ევროპულ საქართველოს საბჭოთა კავშირში დააბრუნებს. ”ჩვენ ყველანი ქართველები ვართ და, მაშასადამე, ჩვენ ყველანი ევროპელები ვართ”, - საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას სიტყვების ერთგვარი ინტერპრეტაციით დაასრულა თავისი გამოსვლა მიხეილ სააკაშვილმა.

თავისუფლების მოედანზე შეკრებილი ათასობით ადამიანი, რომელთა ერთი ნაწილიც რეგიონებიდან სპეციალური ავტობუსებითა და სამარშრუტო ტაქსებით ჩამოიყვანეს დედაქალაქში, საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტებს დაახლოებით 40 წუთის მანძილზე უსმენდნენ.

ნიკოლა სარკოზიმ თავისი კავკასიური ტურნეს ბოლო ქვეყანა - საქართველო - 7 ოქტომბერს, ჩამოფრენიდან რამდენიმე საათში დატოვა.