გიორგი გვახარია "თავისუფლება"
თსუ-ს ყოფილი თანამშრომელი: “ანზორ ხელაშვილმა რამოდენიმე წლის წინ კათედრაზე გვაჩვენა საპატრიარქოს მიერ გამოცემული წიგნი, სადაც პატრიარქი პირადაპირ წერს, რომ ფიზიკის, მათემატიკის, ქიმიის ნაცვლად სკოლაში უნდა ისწავლებოდეს რელიგიური საგნები.”
დღევანდელი თსუ-ს პროფესორი: “აა, ფიზიკოსი ბრძანდებით? გასაგებია თქვენი პოზიცია.”
დიალოგი ფეისბუკზე
”შაბათს” - ალექსანდრე მინდაძის ფილმი ჩერნობილის ტრაგედიაზე - ბერლინის კინოფესტივალზე ვნახე თებერვალში. არ ვიცი, მას შემდეგ რამდენჯერ ვახსენე ეს სურათი ჩემს წერილებში და გადაცემებში. აგერ ბათუმის კინოფესტივალზეც აჩვენეს. გული დამწყდა, ახალგაზრდებს რომ არ მოეწონათ. არადამაჯერებლად ჩათვალეს. გული დამწყდა და გამიხარდა კიდეც - როგორც ჩანს, მართლაც მოდის თაობა, რომელმაც არ იცის, რა არის საბჭოთა კავშირი; ვერ იჯერებს, რომ ადამიანები იმ დღეს, 1986 წლის აპრილის ბოლოს წითელი ღვინის სმით ცდილობდნენ თავის დაცვას რადიაციისგან, იდგნენ და უყურებდნენ ცეცხლმოკიდებულ ჩერნობილის რეაქტორს, ან იქვე, რესტორანში ქეიფობდნენ (შაბათი დღე იყო); ვერ იჯერებს, რომ ავარიიდან რამდენიმე დღეში კიევში ხალხი საპირველმაისო დემონსტრაციაზე გამოიყვანეს და ”ვრემიაში” ათქმევინეს, ჩვენს ქალაქში ყველაზე სუფთა ჰაერია მსოფლიოშიო.
გავიდა კიდევ რამდენიმე დღე და ამ ხალხმა გაიაზრა, რაოდენ საშიშია უმეცრება. საშიშია სიცოცხლისთვის. არ იცი, ინფორმაცია არ გაქვს, წითელი ღვინით ებრძვი ”რადიაციას” და იღუპები.
შენთან ერთად იღუპებიან შენი ახლობლები, შენი შვილები, იღუპება მთელი პლანეტა. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ არ იცი.
ძალიან ძნელია ახალგაზრდები დააჯერო, რომ ჩვენ მართლაც ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობდით.
მაგრამ საქართველოში ისე მიდის საქმე, არ არის გამორიცხული, საბჭოთა ჯოჯოხეთის აღწერას დიდი ძალისხმევა არ დასჭირდეს. პრინციპში, ასეთ სურათებს თითქმის ყოველდღიურად გვთავაზობენ ნაციონალური ტელეარხები - პრეზიდენტის ”შეხვედრები მშრომელებთან” უამრავ ასოციაციას ქმნის. ამაზე შეიძლება ვიცინოთ, შეიძლება გავბრაზდეთ, შეიძლება დავეჭვდეთ ”მშრომელთა” გულწრფელობაში, შეიძლება ვამტკიცოთ, რომ ”ხალხი ავტობუსებით მიიყვანეს” (ამბობენ, რომ პრეზიდენტ სარკოზის შესახვედრადაც ამზადებენ საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებით სავსე ავტობუსებს)... მაგრამ ასეთი ”მოდელირებული სამოთხე” მაინც არ მგონია საბჭოთა კავშირში დაბრუნების საშიშროებას ქმნიდეს. ბოლოს და ბოლოს თუ არ მოგვწონს ეს ხელისუფლება, უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ჩვენი ხმა არ დაიკარგოს მომავალ არჩევნებში.
აი, უმეცრება კი საშიშია. უმეცრებას არა მარტო საბჭოთა ჯოჯოხეთის აღდგენა შეუძლია. უმეცრება კლავს!
“საუკეთესო დრო იყო ყველაფერი ექსტრავაგანტულისთვის, რომელსაც ტვინი ვერ აკონტროლებსო” - წერდა შტეფან ცვაიგი ეპოქაზე, როცა გერმანიაში ნაცისტები მოვიდნენ ხელისუფლების დასაწყისში. თეოსოფია, სპირიტიზმი, ოკულტიზმი, სომნამბულიზმი, ანთროპოსოფია... ანტირაციონალიზმის ეს ტალღა ბუნებრივად დაგვირგვინდა ფაშიზმშიო... ეს ერთი საშიშროება, რომელიც უმეცრებამ შეიძლება შექმნას და რომლის ნიშნები უხვად გვაქვს საქართველოში. მაგრამ არის კიდევ მეორე საშიშროება - სხვათა შორის, საშიშროება თავად დღევანდელი ხელისუფლებისთვის - იუნესკოს მოხსენებაში არაბეთის ქვეყნებში არეულობების მთავარ მიზეზად განათლების სისტემის კრიზისი სახელდება - მაღალი გადასახადი და სწავლების დაბალი დონე.
უნივერსიტეტის სტუდენტთა ერთი ჯგუფის აქცია, რომელიც 3 ოქტომბერს გაიმართა, მაშინ, როდესაც თსუ-ს განათლების მინისტრი, დიმიტრი შაშკინი სტუმრობდა, ერთ-ერთი პირველი აქციაა დღევანდელ საქართველოში სწორედაც რომ უმეცრების წინააღმდეგ. არა იმის წინააღმდეგ, რომ ”ეკლესიებს გვინგრევენ”, რომ ”სტურუა მოხსნეს”, არამედ აქცია ”საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ” განათლების სისტემაში.
საბჭოთა კავშირია, აბა რა არის, როცა სახელმწიფო ჩინოვნიკი სასწავლო წლის დაწყებას ”ესწრება” უმაღლეს სასწავლებელში... როცა სტუდკავშირის აქტივისტები ეფარებიან რექტორს და როგორც იქ თქვეს, ”ისტერიული” სტუდენტი გოგონებისგან იცავენ.
საბჭოთა კავშირია მთელი ეს სტუდენტური თვითმართველობები და მათ მიერ ორგანიზებული შეხვედრები ხან პოეტ-არტისტ გივი სიხარულიძესთან, ხანაც პროგრესის სიძულვილით აღსავსე ”მღვდელმთავრებთან”. საბჭოთა კავშირია, როცა საბჭოთა კავშირში გამოწრთობილი პრორექტორი სტუდენტ გოგონას ეტყვის ”დაიკარგე აქედან!” მხოლოდ იმიტომ, რომ გოგონამ უნივერსიტეტის წინ გამართული საბჭოთა სურათის გადაღება მოინდომა... საბჭოთა კავშირია რექტორიც, რომელსაც ურჩევნია ითანამშრომლოს სტუდკავშირელებთან, თავიანთი გივი სიხარულიძითა და ეთერ კაკულიათი. ხოლო ისინი, ვისაც უკეთესი სწავლა უნდა, გაისტუმროს ლოზუნგით ”თუ არ მოგწონს, წადი.”
ვიღაცები მართლაც მიდიან, ან ოცნებობენ, რომ რაც შეიძლება მალე წავიდნენ აქედან. ქვეყანაში რჩება მორჩილი ყმაწვილების არმია, რომელმაც ისე შეიძლება დაამთავროს უნივერსიტეტი, რომ ეგონოს, შავკანიანი ცოდვების გამო დაიბადა ”ზანგად”... ასე ეგონოს და ყველას, ვინც ეჭვს გამოთქვამს განათლების სისტემის მიმართ, ვინც პროტესტს გამოხატავს სწავლის არანორმალურად მაღალი გადასახადის, არეული ცხრილების, გაუმართავი ინფრასტრუქტურის, უხარისხო სახელმძღვანელოების მიმართ, აი ასე გაუსწორდნენ.
ჰოდა, ყველა რომ წავა ამ ქვეყნიდან დავრჩებით ასე აღდგენილ საბჭოთა კავშირში. დავიჯერებთ, რომ ყველაფერი, რასაც ტელევიზორში ამბობენ, სიმართლეა, რომ ქუთაისი (ან ბათუმი, ან მესტია) მართლაც ყველაზე ევროპული ქალაქია და რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საუკეთესო უმაღლესი სასწავლებელია. უფრო მეტიც, შეიძლება ისევ დავიჯეროთ, რომ წითელი ღვინო რადიაციას ”კლავს” და ასე, ქეიფ-ქეიფით, ლოცვა-ლოცვით, დავიხოცოთ.
გგონიათ, რამეს ვაჭარბებ, მეგობრებო? აი, ეს კლიპი ნახეთ და მერე გავაგრძელოთ საბჭოთა კავშირზე მსჯელობა.
1170
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85