კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მათი საქმის ცალკე განხილვას ითხოვენ

კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მათი საქმის ცალკე განხილვას ითხოვენ

მუხროვანის ამბოხისთვის მსჯავრდებულები კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მათი საქმის ცალკე განხილვას ითხოვენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, პოლიტპატიმართა სიაში მყოფმა ამირიძემ და ოთანაძემ ციხიდან წერილი გაავრცელეს.

„ე.წ „მუხროვანის ამბოხი", რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ვანო მერაბიშვილთან ერთად დაგეგმა და ბრწიყინვალედაც შეასრულა, ქართველი ხალხის დაშინებას, პროფესიონალი სამხედროების დისკრედიტაციას და განადგურებას ისახავდა მიზნად. მათ პროფესიონალი მეთაურების მოშორება და ციხეში გამოკეტვა შეძლეს. მე, კობა ოთანაძე, ლევან ამირიძე და გია კრიალაშვილი ავტომობილში ჩაგვცხრილეს. ამ სპეცოპერაციის დროს გია კრიალაშვილი გარდაიცვალა, ჩვენ კი მძიმედ დავიჭერით, მაგრამ უფლის წყალობით ცოცხლები გადავრჩით, თუმცა სასჯელად 28-29 წელი მოგვისაჯეს. ბედნიერები ვიქნებოდით, ჩვენი მეგობარი და თანამებრძოლი გია კრიალაშვილიც ცოცოხალი გადარჩენილიყო და ჩვენთან ერთად გამოსულიყო ციხიდან. ამ ხროვამ ბევრი ოჯახი დაღუპა და დაანგრია, ამაზე მათ პასუხი უნდა აგონ! როდესაც რეჟიმს ეწირება ჩვენი უახლოესი მეგობარი გია კრიალაშვილი, რომელიც ეროვნულ გმირად უნდა იქნას აღიარებული, სამარცხვინო იქნება ღვალაძისნაირი ადამიანების გვერდით იქნეს მოხსენიებული, როგორც პოლიტიკურად რეპრესირებული. ვფიქრობ, ის ადამიანები, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით არიან დაკავებულები და არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ არიან აღიარებულნი პოლიტიკურ პატიმრებად, ვაჭრობის საგანი არ უნდა გახდეს" - ნათქვამია კობა ოთანაძის წერილში.

ლევან ამირიძის განცხადებით კი, ობიექტურად უნდა იქნას შესწავლილი და განხილული ყველა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული და დევნილი პირის საქმე.

„ვფიქრობ და მიმაჩნია, რომ ის პირები, ვინც ღიად დაუპირისპირდნენ „ნაციონალურ მოძრაობას", აწ უკვე პოლიტიკურ მოუსავლეთში წასულ რეჟიმს, ადამიანები, რომელთა ოჯახებიც გახდნენ პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლნი, არ უნდა ხდებოდნენ გაურკვეველი ვაჭრობის საგანი. მე, ლევან ამირიძეს უხერხულადაც კი მიმაჩნია ჩემ პირად საქმეზე საუბარი, როდესაც რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას ჩემი უახლოესი მეგობარი გია კრიალაშვილი შეეწირა. ვთვლი, რომ იგი ეროვნულ გმირად უნდა იქნეს შერაცხული. ვფიქრობ ნამდვილად სამარცხვინო იქნება ღვალაძისნაირი ხალხის გვერდით მოიხსენიებოდეს, როგორც პოლიტიკურად რეპრესირებული. გამოდის, რომ პატიმრობის პერიოდში ვიღაცას ეშინოდა რეჟიმის ზეწოლის და ვიღაცას არა?! მე არ შემიძლია, რა ვქნას პრინციპი, ანუ, ვიღაც თავის მატარებელს ელოდებოდა როდის ჩამოივლიდა? ყოველივე აქედან გამომდინარე ღირსების პრინციპით თუ ვიხელმძღვანელებთ, მართებულად მიმაჩნია პოლიტპატიმარ მერაბ რატიშვილის მოთხოვნა, რასაც ვეთანხმები და მხარს ვუჭერ" - აცხადებს ამირიძე.

მსჯავრდებულები ადამიანის უფლებათა ცენტრს მათი წერილების გაცნობის თხოვნით მიმართავენ.

„გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს განცხადებას და გაითვალისწინოთ ზემოთ აღნიშნული. იმ შემთხვევაში თუ მერაბ რატიშვილის საქმე ცალკე იქნება განხილული, მაშინ ჩვენი საქმეც მასთან ერთად იქნეს გატანილი პარლამენტის სხდომაზე" - აცხადებს წერილში ოთანაძე.

ადამიანის უფლებათა ცენტრი გუშინ პოლიტპატიმარ მერაბ რატიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას", „კონსტიტუციის 42-ე მუხლს" და ადამიანის უფლებათა ცენტრს მიმართა თხოვნით, მისი საკითხი „ცალკე გაიტანონ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე განსახილველად". საქმის საფუძვლიან შესწავლამდე კი მერაბ რატიშვილი პოლიტპატიმართა არსებული სიიდან მისი სახელისა და გვარის ამოღებას ითხოვს.

მუხროვანის სატანკო ნაწილში ამბოხება 2009 წლის 5 მაისს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს კობა ოთანაძეზე, გია კრიალაშვილსა და ლევან ამირიძეზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. კობა ოთანაძის შესახებ ინფორმაციაზე შს სამინისტრომ 200 ათასი ლარის ჯილდო დააწესა, კრიალაშვილსა და ამირიძეზე კი - 50 ათასი ლარი. 20 მაისს თიანეთის გზატკეცილზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, გია კრიალაშვილი დაიღუპა.