5-დღიანი ომიდან სამი წლის შემდეგ

5-დღიანი ომიდან სამი წლის შემდეგ


მას ხან რუსულ-ქართული ცეცხლის შეწყვეტისთვის უხდიან მადლობას, ხან - მისტრალის გამო აკრიტიკებენ და საყვედურობენ. დღეს ნიკლა სარკოზი 5-დღიანი ომიდან სამი წლის შემდეგ პირველად მივა თავისუფლების მოედანზე და საქართველოს დედაქალაქის ცენტრში შეკრებილ ქართველებს მიმართავს. 

2008 წლის 12 აგვისტოს ის ქართული და რუსული ნიუსების მთავარი გმირი იყო. "ინტერპრესნიუსი" იმ დღეს სარკოზიზე ახალ ამბავს თითქმის ყოველ საათში წერდა. დღის ბოლოს მან თბილისში მოსკოვიდან შეთანხმებული ექვსი პუნქტი ჩამოიტანა. მაშინ სარკოზიმ მედვედევთან შეთანხმებული გეგმა დადებითად შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ ამ შეთანხმებას შედეგი მოჰყვებოდა. 

რუსეთ-საქართელოს მთავარი შუამავალი იმაშიც დარწმუნებული იყო, რომ "ხედავდა რუსეთის მზადყოფნას საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემისა". 

სარკოზის მიერ ექვსი პუნქტის შეთანხმებას პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ცეცხლის შეწყვეტიდან ორ კვირაში, გამოცემა "ლიბერასიონთან" საუბარში "გადარჩენის ოპერაცია" უწოდა.

"პირადად მე მისი მადლიერი ვარ. დღეს რომ ევროკავშირისთვის რომელიმე პატარა სახელმწიფოს ეხელმძღვანელა ან სარკოზი შვებულებაში გამგზავრებულიყო, შესაძლებელია, დღეს რუსული ტანკები თბილისშიც ყოფილიყვნენ. სარკოზი პირველი იყო, ვინც დასახმარებლად მოვიდა და მკვეთრი განცხადებები გააკეთა.

პირველი სამი დღის განმავლობაში ჩვენ ვახერხებდით რუსული ჯარების შეკავებას. შემდეგ საქართველოში ჩრდილოეთიდან დამატებით 500 ტანკი შემოვიდა. იძულებულები გავხდით, უკან დაგვეხია და სწორედ ამ დროს ჩამოვიდა სარკოზი, რამაც გადაჯგუფებისთვის დრო მოგვცა. ეს იყო მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც მას შეეძლო", - თქვა სააკაშვილმა 2008 წლის 25 აგვისტოს. 

თუმცა, ცეცხლის შეწყვეტიდან მალევე გამოჩნდა, რომ კრემლი არც ამ შეთანხმების ყველა პუნქტის შესრულებას აპირებდა და არც საქართველოს სუვერენიტეტს სცემდა პატივს. 

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსული ჯარების დარჩენა და ამ რეგიონებში ევროკავშირის დამკვირვებლების დაუშვებლობა სარკოზის პირად დამცირებად და შეურაცხყოფადაც კი შეფასდა, მაგრამ მან მაშინვე – ჯერ კიდევ ომის ცეცხლიც რომ არ იყო განელებული, განაცხადა, როგორც ევროკავშრის თავმჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტის როლს სხვადასხვა პოზიციებზე მყოფი მხარეების დაკავშირებაში ხედავდა. 

სარკოზის მიერ "გადებული ხიდი" რუსულმა მხარემ მხოლოდ იმ დოზით გამოიყნა, რა დოზითაც მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის სჭირდებოდა, თუმცა ამას რუსულ-ფრანგულ ურთიერთობებში არანაირი გამწვავება არ გამოუწვევია, არც ავიამზიდ "მისტრალის" მიყიდვის მოლაპარაკებები შეუფერხებია და არც - ჩრდილოეთ კავკასიის კურორტებში ფრანგული 10 მილიარდი ევროს ჩადების შესახებ სარკოზი-მედვედევის შეთანხმება. 

თავის მხრივ, არც ამ შეთანხმებებს ამოუღია დღის წესრიგიდან რუსეთის მიერ ექვსივე პუნქტის შესრულების საკითხი. და კიდევ ერთი - "თავის მხრივ" – არც ამ პერმანენტულ მოთხოვნას მოუტანია საქართველოს ტერიოტრიიდან რუსული ჯარების გაყვანა.

თუმცა, ეს ყველაფერი ნაწილობრივ ისტორია და - ნაწილობრივ შესაძლოა, საკმაოდ შორეული მომავლიც. დღეს საღამოს კი, ანუ უახლოეს მომავალში სარკოზის ხმა კიდევ ერთხელ მისწვდება ქართველ ხალხს და პირიქით– ქართველი ხალხის ხმა სარკოზის. ეს უკანასკნელი ალბათ, სულ ერთი სიტყვით "სარკო"-თი შემოიფარგლება ან იქნებ, "სარკოს" "მიშა" და "საქართველოც" დაემატოს.

ვიდრე ხალხის რეაქცია გამოჩნდებოდეს, ქართველმა და რუსმა ექსპერტებმა მოსაზრებები უკვე დააფიქსირეს. 
ვიზიტის მნიშვნელობაზე ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი მსჯელობს და ამბობს, რომ ვიზიტის შემდეგ რაიმე განსაკუთრებული წინსვლა არ იქნება. იგი საზოგადოებას ახსენებს, რომ სარკოზის ვიზიტი არ არის მხოლოდ საქართველოში ვიზიტი.

"არ შეიძლება, ითქვას, რომ სარკოზი თბილისში კონკრეტული მიზნის განსახორციელებლად და საქართველოს ხელისუფლებასთან რაღაცაზე შესათანხმებლად ჩამოდის. მიუხედავად, ამისა, ჩვენ შეიძლება, ეს ვიზიტი ისეთნაირად გამოვიყენოთ, რომ კიდევ უფრო გავააქტიუროთ საფრანგეთის მთავრობა, რათა საბოლოო ჯამში მოახერხოს რუსეთთან 12 აგვისტოს ვალდებულებების შესასრულებლად გარკვეული პერსპექტივების გახსნა, რომელიც ჯერჯერობით ჩაკეტილია", - ამბობს კახა გოგოლაშვილი.

მისივე აზრით, თუ ექვსი პუნქტის შესრულების დაპირება სარკოზის წინასაარჩევნო დაპირებების კონტექსტშიც შევა, როგორც მისი საერთაშორისო ასპარეზზე ერთ-ერთი აქტიურობის გეგმის ნაწილი, საქართველოსთვის "მთლად კარგი იქნება" და "კარგ მუხტს მისცემს პრეზიდენტ სარკოზის, რომ თავისი პრეზიდენტობის დარჩენილი 2-3 წლის განმავლობაში 2008 წლის აგვისტოში დაწყებული საქმე როგორღაც ბოლომდე მიიყვანოს". 

იმას, რომ კრემლმა ვალდებულებების შეუსრულებლობით სარკოზის ავტორიტეტს დარტყმა მიაყენა, რუსი ექსპერტი, რუსეთის პრეზიდენტის საზოგადოებრივი საბჭოს წევრი დიმიტრი ორეშკინიც აღიარებს. 
"აშკარაა, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე, სარკოზის პოლიტიკური იმიჯი რუსეთმა შელახა. ამიტომაც არის, რომ კემერონისგან განსხვავებით, სარკოზი რუსეთში ვიზიტებისგან თავს იკავებს და ცხადია, მოსკოვში კარგა ხანს არ ჩამოვა", - ამბობს ორეშკინი.

იგი აქვე დასძენს, რომ სარკოზის, სხვა ევროპელ ლიდერთა მსგავსად, რუსეთთან ურთიერთობების გაფუჭება არ სურს, არ უნდა რუსეთისგან შეკვეთების დაკარგვა, რადგან ამაზე რამდენიმე ათასი საფრანგეთის მოქალაქის დასაქმებაა დამოკიდებული.

"მაგრამ, მეორე მხრივ, იგი იძულებულია, რუსეთის ქმედებებს როგორღაც გამოეხმაუროს. სარკოზი რომ თბილისში დეკორატიულ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას, აბსოლუტურად გასაგებია. დეკორატიული აქცია თბილისში კი გაიმართება, მაგრამ თბილისში სარკოზის მიერ რუსეთის მისამართით გაკეთებული დიპლომატიური განცხადებები მკვეთრი არ იქნება", - ვარაუდობს ორეშკინი.

მოსკოვის კარნეგის ცენტრის წამყვან მეცნიერ-თანამშრომელი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, აშშ-სა და ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორი ლილია შევცოვა კი ფიქრობს, რომ 2008 წელს რუსული ტანკები არა სარკოზიმ, არამედ ვაშინგტონის მოქმედებებმა გააჩერეს. მას, ასევე, ვერ გაუგია, როგორ უნდა დაიცვას სარკოზიმ საქართველოს სუვერენიტეტი, როცა რუსეთთან თავად აქვს მჭიდრო ეკონომიკური ურთიერობები. მისივე აზრით, ის, რომ სარკოზის ინიციატივით გაფორმებული 12 აგვისტოს შეთანხმება დღემდე შეუსრულებელია, რუსეთის მხრიდან საფრანგეთის პრეზიდენტისათვის სახეში სილის გაწვნის ტოლფასია. 
"სარკოზი, ისევე როგორც გერმანიის კანცლერი მერკელი, ცნობილი არიან როგორც კრემლთან რეალპოლიტიკის გატარების აქტიური მხარდამჭერები, რაც პრაქტიკულად კრემლის მკლავებში აღმოჩენას ნიშნავს. გითხრათ სიმართლე, მე არ მესმის, როგორ უნდა დაიცვას სარკოზიმ საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტი, როცა მას რუსეთთან თავად აქვს მჭიდრო ეკონომიკური ურთიერობები. საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ ეკონომიკურ სფეროში კრემლთან თანამშრომლობა პარიზის საგარეო პოლიტიკის საკვანძო ასპექტია. დანარჩენი ყველაფერი, მათ შორის ისიც, თუ რას იტყვის თბილისში სარკოზი რუსეთთან მიმართებაში, მეორეხარისხოვანია", - ამბობს ლილია შევცოვა.

მიუხედავად სამი წლის განმავლობაში გაკეთებული და მომავალი შეფასებებისა, თბილისი სარკოზის დასახვედრად ემზადება, იმაზე მეტი გულმოდგინებითაც, ვიდრე სამი წლის წინ ელოდა - ცენტრალური ქუჩები გადაკეტილია, არაცენტრალურებზე კი "სარკოზის სახელობის" საცობები თვალსა და ხელს შუა იზრდება, ხალხი ერთმანეთს, "თბილისობის" ნაცვლად "სარკოზობას" ულოცავს. . . მე დღეის საჩუქარი დილითვე მივიღე – სარკოზის ვიზიტზე აკრედიტაცია.

. . . სადაც დღეს სარკოზის მზერა მისწვდება, ყველაფერი სუფთა, ახალგალესილი და ახალშეღებილია, თავისუფლების მოედანზე წმინდა გიორგის ძეგლი ახლად დადგმულივით ბზინავს. 

. . . მაგრამ, სარკოზის მზერა ვერც ცხინვალისა და აფხაზეთის რუსულ ბაზებს მისწვდება და ვერც - გრძელ რიგებად გადაჭიმულ დევნილთა სახლებს. . .