თავისუფალი ჭიდაობა

თავისუფალი ჭიდაობა "პრეზიდენტობისათვის"


ორი განუხორციელებელი შტურმი და დაჭერილი "საპრეზიდენტო კანდიდატი" - 13 ნოემბრის სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად ცხინვალში სიტუაცია უფრო და უფრო იძაბება. "პრეზიდენტობის" სურვილით 29 ადამიანი დარეგისტრირდა. მათგან ერთი-ერთი - პარტია "ერთობის" კანდიდატი ალან კოჩიევი ერთი კვირის წინ მომხდარ ჩხუბში მონაწილეობის გამო დააკავეს. დაპატიმრებული "საპრეზიდენტო კანდიდატი" ჩხუბში მონაწილეობას უარყოფს და პროტესტის ნიშნად ციხეში შიმშილობს. 

პრეზიდენტობის 30-ე მსურველს, თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ძამბოლატ თედეევს კი პარასკევს კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი უთხრეს იმ მიზეზით, რომ ის ბოლო წლებია, ცხინვალში მუდმივად არ ცხოვრობს და ერთ თვეზე მეტი ხნით ტოვებს "რესპუბლიკას".

კოკოითის დე ფაქტო ადმინისტრაციის ცნობით, უარის გამო თედეევის 300-მდე მომხრემ ლამის შეიარაღებული შტურმით აიღო ცესკოს შენობა. თედეევის განცხადებით, მისმა მხარდამჭერებმა რეგისტრაციის გატარების მოთხოვნით შენობაში შესვლა კი სცადეს, მაგრამ ამის იქით საქმე არ წასულა. ისინი "ხელისუფლების" პროვოკაციას არ აჰყვნენ, თორემ შეიძლებოდა სისხლიც დაღვრილიყოო. 

თედეევისვე ცნობით, საღამოს ის საკუთარ სახლში იყო ჩაკეტილი და ოსური ომონი აპირებდა შტურმს. საბოლოოდ, შტურმირების ორივე მცდელობა განუხორციელებელი დარჩა.

"საპრეზიდენტო" მარათონი პიკს აღწევს. კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ მედვედევის ადმინისტრაციისა და კოკოითის ფავორიტი დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამსამხურის უფროსი ანატოლი ბიბილოვია. 

ბიბილოვის უპირატესობაზე კოკოითის ხელისუფლებაშიც ღიად საუბრობდნენ. თუმცა არეშიძე იმასაც დასძენს, რომ თედეევისათვის კენჭისყრის უფლება რომ მიეცათ, ის ცხინვალს და მის შემოგარენ ოსურ სოფლებს აუცილებლად მოიგებდა, მაგრამ თედეევის გამარჯვების შემთხვევაში კოკოითს არა პოლიტიკური არენიდან ჩამოშორების, არამე სიცოცხლის საფრთხეც შეექმნება და ამიტომაც მიმდინარეობს სპორტსმენის მიმართ ასეთი შეუპოვარი დაპირისპირება.

მამუკა არეშიძე: "თედეევი საკმაოდ გავლენიანი ადამიანია. თანაც, სამაოდ დიდი გვარის წარმომადგენელია. მთავარია ისიც, რომ კოკოითი თავის დროზე თედეევების სპორტულმა კლანმა მოიყვანა ხელისუფლებაში. ომის წლებში კოკოითი კლანის ერთი რიგითი წევრი იყო და მაშინ მასზე შეაჩერეს არჩვანი. 

"შემდეგ კოკოითმა უგანა თედეევებს და ცხინვალიდან გამოყარა, ძამბოლატის ძმა, იბრაგიმი კი მოაკვლევინა კიდეც. სწორედ ამიტომაც, კოკოითმა იცის, რომ თუ თედეევი კენჭს იყრის და მოიგებს, არა თუ პოლიტიკაში დარჩენის შანსი აღარ ექნება, არამედ მის ქონებას და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და ყველა ხერხით ცდილობს მის ჩამოშორებას".

ოპოზიციური ოსური საინფორმაციო საიტი "ოსეთია-კვაისა" წერს, რომ კოკოითის პირადმა და ცვალებადმა სიმპათიებმა საზოგადოებისათვის საშიში, ანტსიხელმწიფოებრივი და უკანონო ფორმები მიიღო. ყველას, ვინც კი ძამბოლატ თედეევის მხარდამჭერია, ცხინვალში შესვლა ეკრძალება. 

ცხინვალის "შავ სიაში" თედეევთან ერთად მოხვდნენ დე ფაქტო თავდაცვის ექსმინისტრი და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ანატოლი ბარანკევიჩი, რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი მიხაილ მამიაშვილი, "ფე-ეს-ბეს" ავიაციის ყოფილი ხელმძღვანელი ნიკოლაი გავრილოვი და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში არტურ ტაიმაზოვი, რომელსაც 2008 წელს პეკინის ოლიმპიადაზე გამარჯვებისთვის კოკოითმა გმირი უწოდა და ღირსების ორდენით დააჯილდოვა. "რესპუბლიკის" ხელისუფლების ბრძანებით ცხინვალში შესვლის ნება არ დართეს ასევე მის მეგობრებს ბესიკ ხუდუკოვსა და ხაჯიმურად გაცალოვს.

ძამბოლატ თედეევი "ვზგლიად"-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ მისი მომხრეები ცესკოს შენობაში არ შეჭრილან. "ხელისუფლება" ცდილობდა, ინციდენტის პროვოცირება მოეხდინა, მაგრამ კარგია, რომ ამ პროვოკაციას არ აჰყვნენ, თორემ შეიძლებოდა სისხლიც დაღვრილიყო. მისი თქმით, იმ პერიოდში, როცა მისი დოკუმენტების განხილვა მიდიოდა, ის და მისი მომხრეები შენობაში დაცვამ არ შეუშვა, სამაგიეროდ მთვარალი გენპროკურორი მოვარდა გინებით და სხდომათა დაბაზში შეიჭრა. თედეევისვე ცნობით, შენობის წინ მობილიზებული იყო მთელი სამართალდამცავი ორგანოები - შსს, სამხრეთ ოსეთის "კაგებე" და სახელმწიფო დაცვა. რეგისტრაციაში არგატარების გამო თედეევი დე ფაქტო უზენაეს სასამართლოში ჩივილს აპირებს. ცნობისთვის, "სამხრეთ ოსეთის კონსტიტუციის" მიხედვით, "საპრეზიდენტო არჩევნებში" მხოლოდ იმას აქვს კანდიდატად მონაწილეობის უფლება, ვისაც ბოლო 10 წლის განმავლობაში სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე უცხოვრია.

თედეევი ამბობს, რომ განსახლების ცენზის მიხედვით მას ყველაფერი წესრიგში აქვს, ცესკოში მიტანა დოკუმენტი მეზობლების დასტურით, რომ ის ცხინვალში ცხოვრობს და მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის გამო მიემგზავრება ხან მოსკოვში და ხან საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყნებში.

"ნახეს, რომ ყველა დოკუმენტი წესრიგში მქონდა, რის მერეც ჩემთან პრეზიდენტის დაცვის უფროსი მოვიდა და გამაფრთხილა - თუ სამხრეთ ოსეთიდან მეგობრულად არ წახვალ, გაგაძევებთო. ახლა საარჩევნო კანონის შეცვლაც დაიწყეს. მაგალიად, მითხრეს, რომ თუ პირი წელიწადის განმავლობაში ერთი თვე ქვეყანაში არ იმყოფებოდა, მას კენჭისყრის უფლება არ აქვსო", - ამბობს თედეევი რუსულ მედიასთან ინტერვიუში.

მამუკა არეშიძე ამბობს, რომ თედეევი გაიბრძოლებს და მისი მომხრეების მხრიდან სიტუაციის არევის ალბათობა არსებობს, მაგრამ მთავარია იქნება, მიიღებს თუ არა ის მოსკოვიდან მხარდაჭერას.

მამუკა არეშიძე: "თედეევი ავტორიტეტული ფიგურაა - ცხინვალშიც ეხმარებოდა მეზობლებს, საკმაოდ ცნობილია მოსკოვის პოლიტიკურ წრეებშიც. მოკლედ, კარგი სახელი აქვს. თუკი მას არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ დართეს, მაშინ გამარჯვებული ანატოლი ბიბილოვი იქნება. 

"მოსკოვი გამოკვეთილად არც ერთ კანდიდატს არ უჭერს მხარს. მაგალითად, ცხინვალში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნარიშკინი იყო ჩასული და მან პირდაპირ გამოაცხადა, რომ ბიბილოვი მისი ფავორიტია. თუმცა თედეევი პუტინის გუნდთან არის დაახლოებული და ის პრეზიდენტობაზე ბრძოლას ისე არ დაიწყებდა, საქმის კურსში რომ არ ჩაეყენებინა ეს გუნდი. 

"მაგრამ აქ შიდა ბრძოლაც მიდის. კოკოითმა იცის, რომ თედეევის გმარჯვების შემთხვევაში მას დიდი საფრთხე ემუქრება და ამიტომაც იბრძვის. მაგრამ თუკი თედეევმა დაძაბულობის საშიშროების გამო მოსკოვიდან კატეგორიული უარი მიიღო, ყოველგვარი ექსცესების გარეშე უკან გაბრუნდება".