რადიო

რადიო "ჰერეთი" მთ "ცხელი შოკოლადი"


რადიოკომპანია "ჰერეთის" ხელმძღვანელობა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა და სასამართლოში სარჩელს შეიტანს. როგორც "ინტერპრესნიუსის" პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე რადიო "ჰერეთის" დამფუძნებელმა და დირექტორმა რამაზ სამხარაძემ განაცხადა, კომისია ტენდენციური იყო და თბილისზე რადიომაუწყებლის ლიცენზია "მედია ჰაუზ დეკომსს", ანუ "ცხელ შოკოლადს" ტენდენციურად მიანიჭა. 

"ცხელი შოკოლადის" გამომცემელი შორენა შავერდაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ სამხარაძის ბრალდებები ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.

შავერდაშვილის განცხადებით, ორივე კომპანიის სამაუწყებლო კონცეფცია საჯაროა და საზოგადოებას თავად შეუძლია გააკეთოს დასკვნა, ვის ეკუთვნოდა ლიცენზია. ის ასევე სამხარაძეს მოუწოდებს უსაფუძვლო ბრალდებებს შეეშვას და ამბობს, რომ რადიო "ჰერეთის" გულშემატკივარია.

"ვვარაუდობ, რომ ეს არის დიდი ფული. შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ წინასწარ იყო ცნობილი, ლიცენზიას "მედია ჰაუს დეკომი" მიიღებდა. ეს იყო უკანონო გადაწყვეტილება. ჩვენ მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, სასამართლოს და მოვითხოვთ ჩვენი უფლებების დაცვას," - აღნიშნა რამაზ სამხარაძემ პრესკონფერენციაზე.

რადიო "ჰერეთის" ჟურნალისტის, ხათუნა გოგაშვილის განცხადებით, "ჰერეთს" 13-წლიანი გამოცდილება გააჩნია და მარეგულირებელი კომისიის წინაშე წარდგენილი კონცეფცია სრულად აკმაყოფილებდა მოთხოვნებს, რათა "ჰერეთს" თბილისზე მაუწყებლობის ლიცენზია მოეპოვებინა.

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გუშინდელი გადაწყვეტილებით თბილისში რადიომაუწყებლობის ლიცენზია "მედია ჰაუზ დეკომსმა" ანუ ჟურნალი "ცხელმა შოკოლადმა" მიიღო, რომელიც თბილისში ფმ 98.5 ტალღაზე დაიწყებს მაუწყებლობას. 

ახალი მაუწყებელი ეთერში გასვლას 2012 წლის მარტის თვიდან გეგმავს და მსმენელს ახალი ამბებს, საზოგადოებრივ პოლიტიკური გადაცემებს, საგანმანათლებლო-შემეცნებითი გადაცემებს, ახალგაზრდულ, საბავშვო, გასართობ და სპორტული გადაცემებს შესთავაზებს, ამბობენ მარეგულირებელ კომისიაში.

რამაზ სამხარაძე: კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ამ ქვეყანაში ობიექტური მედია არავის უნდა. კომისიამ ტენდენციური და არაიობიექტური გადაწყვეტილება მიიღო. 

"რ": რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს? მითუმეტს ლიცენზია მიიღო ისეთმა მედიასაშაულებამ, როგორიც არის "ცხელი შოკოლადი", რომელიც პროსამთავრობო მედია არ არის.

რ.ს: ეს კიდევ საკითხავია, სად არის სამთავრობო კვალი და სად ოპოზიციის... არ ვიცი, ვინ დგას მათი ბიზნესის უკან. ძალიან თვალნათლივ გამოჩნდა სხდომაზე, რომ საქმე გვქონდა დიდ გარიგებასთან. ჩემი ვარაუდით, კომისია წინასწარ იყო მომზადებული იმისთვის, რომ "მედია ჰაუს დეკომსითვის" მიეცათ ლიცენზია, ვინაიდან მათ მიერ წარმოდგენილი კონცეფცია აბსოლუტურად შეუსაბამოა ბი-სი-ჯის კვლევასთან, რომელიც რამდენიმე თვის წინ მარეგულირებელმა კომიასიამ წარმოადგინა და რომლის მიხედვითაც უნდა მოგვემზადებინა კონცეფციები. როგორ? "ჰერეთისთვის" ლიცენზიის არ მიცემის მიზეზად შეიძლება მოიყვანო ის, რომ საზოგადოებას რეგიონალური ინფორმაცია არ აინტერესებს? ეს არის სისულელე, იმიტომ, რომ სწორედ ამ კვლევაში წერია, რომ მოსახლეობა განიცდის რეგიონალური ინფორმაციის ნაკლებობას.

ჩვენ გავაკეთეთ აქცენტი რეგიონებზე, პროგრამულ მრავაფეროვნებაზე, 85% იყო გართობა კონცეფციაში და 15% იყო საინფორმაციო გამოშვებები და თოქ-შოუები. "მედია ჰაუზმა" გათვლა დიასპორაზე გააკეთა. ჩვენი აზრით, ეს აბსოლუტურად შეუსაბამოა ბი-სი-ჯის კვლევასთან. ჩვენი აქცენტი იყო ქართულ საზოგადოებაზე და აბსოლუტურად გაუგებარია, რა უნდა "მედია ჰაუზს". 

ეს კომპანია 8 აგვისტოს დარეგისტრირდა, კონკურსის ამოწურვამდე 21 დღით ადრე. ჩვენ 6 წელია ამ ლიცენზიას ვითხოვთ. ასევე ამ კომპანიას არ აქვს არანაირი გამოცდილება რადიო ბიზნესში, მაშინ როცა ჩვენ ამდენი წელია ამ ბიზნესაში ვართ.

კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც ლიცენზია არ მოგვცეს, იყო ის, რომ რადიო "თავისუფლება", რომელიც 8 წელია ჩვენი პარტნიორია, უკვე მაუწყებლობს თბილისში და თურმე არ გვქონდა უფლება, რომ "თავისუფლების" გადაცემების გაშვება ჩაგვედო ამ კონცეფციაში.

... მიმაჩნია რომ ჰერეთი დღეს გამარჯვებულია. ძალიან თვალნათლივ დაინახა იქ საზოგადოებამ, როგორი აგრესიული ტონი ჰქონდათ კომისიის წევრებს ჩვენ მიმართ. არ მომეცა საშუალება, რომ კონკურენტისთვის შეკითხვები დამესვა. რამდენჯერაც დავიწყე საუაბრი იმაზე, თუ როგორ მოაგვარებდნენ ისინი ფინანსურ საკითხებს, იმდენჯერ არ მაცადეს საუბარი და კომისიის წევრებმა განაცხადეს, რომ ეს არ აინტერესებთ.

არადა, კონკურსის პირობებით იყო მოთხოვნა, რომ კონცეფციაში ჩადებულიყო, როგორი გადაცემები გაკეთდებოდა, ანუ დაკონკრეტებულიყო, როგორი საინფორმაციო გადაცემებით შემოდიხარ ბაზარზე, როგორი გადაცემები გექნება. მათ კონცეფციაში ამაზე არაფერი იყო ნათქვამი. ჩვენი კონკურენტის კონცეფციაში წერია მხოლოდ გადაცემის სათაურები, მეტი არაფერი...

"რ": ამბობთ, სიხშირე არ მოგცეს იმიტომ, რომ "ჰერეთის" მიმართ არის ნეგატიური დამოკიდებულება, თუ იმიტომ, რომ "მედია ჰაუზის" ლოიალური დამოკიდებულება?

რ.ს: აქამდე ასეთი განწყობა არ ჰქონია კომისიას და ძალიან ობიექტურად მიდოდა ყველაფერი. დღეს გაოცებულები დავრჩით. აქ იგრძნობა დიდი ფულის სუნი. ვინ დგას ამ ფულის უკან, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, ჩვენს კონკურენტებს აქვთ გათვლა, რომ წინასაარჩევნოდ გავიდნენ ეთერში, იმიტომ, რომ 2012 წლის მარტიდან გეგმავენ ეთერში გასვლას. როგორ, 5 წევრიდან ერთმაც არ მისცა "ჰერეთს" ხმა? ეს გამორიცხულია. ნუთუ არავის მოეწონა ეს კონცეფცია? ეს აბსურდია.

მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, პირველ რიგში ევროკავშირს, რადგან ევროკავშირმა აიღო თავის თავზე საქართველოში ლიცენზიების გამარტივების პროცესი. ასევე მივმართავთ სასამართლოს და ჩვენი კანონიერი უფლებების დაცვას მოვითხოვთ."

შორენა შავერდაშვილი: მიუხედავად იმისა, რომ კონკურენციის პირობებში ადამიანები ყველანაირად ცდილობენ რაღაცნაირად გაზარდონ თავისი წარმატების შანსები, ძალიან გულდასაწყვეტია სამხარაძის ასეთი განცხადებები. მთელი ამ პროცესის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ჩვენ და რადიო "ჰერეთი" კონკურენტები ვართ, რამაზი ნეგატიურ კამპანიას ეწევა ჩვენს წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბოლო წუთამდე გულწრფელად ვრჩებით რადიო "ჰერეთის" გულშემატკივრად.

"ლიბერალს" არაერთხელ დაუწერია რადიო "ჰერეთის" შესახებ, მათი ლიცენზიასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ. სამხარაძის განცხადებები იმ ნეგატიური კამპანიის ნაწილია, რომელიც არანაირ ფაქტებს არ ეყრდნობა და ამიტომაც მე აქამდე არ გამოვხმაურებივარ მის ბრალდებებს.

რამდენად ტედენცური იყო თუ არ იყო მარეგულირებელი კომისია, ამის გარკვევა მარტივად შეიძლება. ორივე განაცხადი საჯარო დოკუმენტია და ყველა მსურველს შეუძლა გაეცნოს ჩვენი სამაუწყებლო კონცეფციები და გვეკუთნოდა თუ არა ეს ლიცენზია.

რა გარიგებაზე და ფულზეა საუბარი? მხოლოდ იმაზე, რომ ჩვენს გამომცემლობას, ჟურნალ "ცხელ შოკოლადს" ჰყავს პარტნიორი გერმანული კომპანიის სახით, რომელთან ერთადაც დაავარსეთ ახალი კომპანია "მედია ჰაუზ დეკომი" და სწორედ ამ კომპანიის მიერ იქნა შეტანილი განაცხადი მარეგულირებელ კომისიაში ლიცენზიაზე.

ჩვენი გამომცემლობა მართლაც დამოუკიდებელია, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ ასეთი ბრალდებები წამოეყენებინა სამხარაძეს. შესაძლოა მასაც მოუწიოს პასუხი აგოს თავის ბრალდებებზე. ვეცდები საქმე აქამდე არ მივიდეს, მაგრამ თუ გააგრძელებს ჩვენზე ასეთ საუბარს, მოუწევს პასუხისგებაც. მე აქამდე ვცდილობ შევინარჩუნო კეთილგანწყობა, მას თანამშრომლობაც კი შევთავაზე იმის მიუხედავად, ვინ მიიღებდა ლიცენზიას."