მიხეილ სააკაშვილი: ჩვენი ხალხი დაპირებების შესრულებას ელოდება

მიხეილ სააკაშვილი: ჩვენი ხალხი დაპირებების შესრულებას ელოდება

ჩვენი ხალხი დაპირებების შესრულებას ელოდება - ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს საღამოს გაკეთებულ საგანგებო განცხადებაში აღნიშნა, რითაც ბოლო პერიოდის მოვლენებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, არჩევნების თავისუფლად ჩატარება საქართველოსთვის დიდი მიღწევა იყო, თუმცა ახლა უკვე დაპირებების შესრულების დრო დგება.

„ჩვენი ხალხი ამას ელოდება. იყო გაცემული უამრავი სოციალური დაპირება, რომელიც ეხებოდა უფასო ჯანდაცვას, უფასო სწავლას, კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთის, ასევე ტარიფების შემცირებას და ა.შ. ხალხი ელოდება, რომ უახლოეს პერიოდში ამ ყველაფრის განხორციელება დაიწყება" - აღნიშნა მან.

ამასთან, პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ცივილიზებული დიალოგის ფარგლებში ქვეყნის შემდგომი განვითარების შენარჩუნება მოხერხდება.

„სულ ახლახან საქართველომ თავის ისტორიაში პირველად ერთი მთავრობის მეორედ ჩანაცვლების მშვიდობიანი, კონსტიტუციური საპარლამენტო პროცესი განახორციელა. მე, როგორც კონსტიტუციის გარანტი, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ვიყავი და ვარ ამ პროცესის მონაწილე. ჩემი სურვილი იყო და არის, რომ შევძლოთ ცივილიზებული დიალოგის ფარგლებში საქართველოს შემდგომი განვითარების შენარჩუნება" - განაცხადა სააკაშვილმა.