პარტია „სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზა“ საჭიროდ მიიჩნევს პარლამენტში ცალკე საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ, განხორციელებულ დარბევებს შეისწავლის .
აღნიშნულის შესახებ, პარტია განცხადებას ავრცელებს.
განცხადების თანახმად, სააკაშვილის მმართველობის პერიოდის ერთ-ერთ დიდ შავ ლაქას წარმოადგენს მშვიდობიანი მიტინგების დარბევა და ადამიანებზე გადამეტებული ძალის გამოყენება.
პარტიაში ამის მაგალითად, 2007 წლის 7 ნოემბერი მოჰყავთ, როდესაც ხელისუფლებამ მთელი დღის განმავლობაში რამდენიმე დარბევა განახორციელა.
„საჭიროდ მიგვაჩნია პარლამენტში შეიქმნას ცალკე საგამოძიებო კომისია, ან არსებული კომისიის შემადგენლობაში ჩამოყალიბდეს ცალკე მიმართულება, რომელიც დაუყოვნებლივ დაიწყებს გამოძიებას: 7 ნოემბრის; 26 მაისის აქციების ბათუმსა და თბილისში; 15 ივნისის (ახალგაზრდული ორგანიზაციების დარბევა სამმართველოსთან და ჟურნალისტებისათვის გადაღებული მასალის წართმევა); 6 მაისის (დარბევა სამმართველოსთან, სადაც მოქალაქემ თვალი დაკარგა); მოჭიდავეების აქციის (გმირთა მოედანზე) კაფე მარჯანოვში პრეზიდენტის ვიზიტისას მოქალაქეებისა და ჟურნალისტების დარბევის ფაქტებს“, - ნათქვამია „საქართველოს გზის“ განცხადებაში.
პარტიის მიერ, გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ქვეყნის გამოყვანა კრიზისული მდგომარეობიდან ნელ-ნელა მიმდინარეობს და სამართლიანობის დამკვიდრების პირველი ნაბიჯი კი, ტელეკომპანია „იმედის“ დაბრუნებაა.