დამსაქმებელთა და დასაქმებულთა შორის,  არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით კომისია შეიქმნება

დამსაქმებელთა და დასაქმებულთა შორის, არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით კომისია შეიქმნება

ქვეყანაში მიმდინარე გაფიცვებით გამოწვეული პრობლემების მოგვარების მიზნით,  სამთავრობო კომისია სახელწოდებით, „შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური დიალოგის საკითხთა კომისია“ შეიქმნება.  მას პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.

აღნიშნულის შესახებ განცხადებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრის დავალებით ავრცელებს.

განცხადების თანახმად, კომისიის მიზანი დამსაქმებელთა და დასაქმებულთა შორის დღესდღეობით არსებული პრობლემების გადაწყვეტისა და მხარეთა მორიგების ხელშეწყობა იქნება

„ბოლო პერიოდში,  საქართველოს რამდენიმე  რეგიონში, მათ შორის დედაქალაქშიც,  ადგილი აქვს გაფიცვებს. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა შექმნილი ფოთის პორტში, სადაც ნავსადგურის ფუნქციონირება ამ დრომდე პარალიზებულია. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, იქმნება სამთავრობო კომისია, რომელსაც თავად ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.

 გადაწყდა,  რომ კომისიას ეწოდოს „შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური დიალოგის საკითხთა კომისია“. მისი შექმნის მიზანი დამსაქმებელთა და დასაქმებულთა შორის დღესდღეობით არსებული პრობლემების გადაწყვეტისა და მხარეთა მორიგების ხელშეწყობა იქნება. მინდა,  გაფიცულებს გადავცე ბიძინა ივანიშვილის ადამიანური თანადგომა და მისი სურვილი, პორტის თანამშრომელთა პრობლემებში პირადად გაერკვეს. მივმართავ ფოთის პორტის ხელმძღვანელობას, სიტუაციის გამოსასწორებლად ყველა ძალისხმევა იხმაროს - გაფიცვის ყოველი დღე ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. ქვეყნისათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტვირთების შემოსვლა შეფერხებულია. ამიტომ გაფიცულებს ვთხოვ,  გაფიცვა შეწყვიტონ და სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 მისივე თქმით,  საქართველოს მთავრობა პირობას დებს, რომ კომისია ყველაფერს იღონებს, რათა საქართველოს თითოეული მოქალაქის შრომითი და სოციალური უფლებების დაცვის საკითხი  უმოკლეს ვადებში გამოსწორდეს.