კახა ჭეიშვილი: სახელმწიფო უნივერსიტეტებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი უნდა დაუბრუნდეს

კახა ჭეიშვილი: სახელმწიფო უნივერსიტეტებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი უნდა დაუბრუნდეს

"პროფესორთა ლიგის" წევრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი კახა ჭეიშვილი მიიჩნევს, რომ ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ნგრევა ფაქტობრივად, მას შემდეგ დაიწყო, რაც გია ხუბუა თავის გუნდით ამ სტრუქტურაში მოვიდა.

ჭეიშვილის განცხადებით, ამ პერიოდში ძალიან ბევრი ადამიანი განსხვავებული პოლიტიკური და იდეური შეხედულებების გამო, უნივერსიტეტს მიღმა აღმოჩნდა და აღნიშნავს, რომ უნივერსიტეტიდან ადამიანების გაძევება მოხდა.

შესაბამისად, ჭეიშვილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ეს პროფესორ-მასწავლებლები ისევ უნივერსიტეტებში დაბრუნდნენ, თუმცა აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენა არა ვიღაცის ხარჯზე არამედ, სამართლებრივი გზებით უნდა მოხდეს.

აღნიშნულის შესახებ, მან დღეს for.ge - ის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ჭეიშვილის თქმით, ძალიან ბევრმა პროფესორმა პროტესტის ნიშნად, კონკურსში მონაწილეობა არ მიიღო და განმარტავს, რომ კახა ლომაიას განათლების მინისტრობის დროს, სია მოვიდა უნივერსიტეტში, რომელშიც მითითებული იყო, რომ ესა და ეს ადამიანები უნივერსიტეტებიდან "გაიტანეთო".

"ამ ყველაფერს მოჰყვა ის პროცესი, რომ ახალგაზრდობა განათლების მიღების პერქპსეტივის გარეშე დარჩა. უნივერსიტეტი ჭეშმარიტების ძიების იდეაა და ეს არა ადგილი, სადაც შეიძლება ადამიანმა მხოლოდ გამოყენებითი უნარ-ჩვევების შეძენა შეძლოს. უნივერსიტეტებში განათლების ხარისხი დაეცა, სწორედ, იმ მმართველობის გამო და იმ პრინციპებიდან გამომდინარე, რაც საუნივერსიტეტო ცხოვრებაში შემოიღეს. ეს პრობლემები სწორედ, რექტორის და კანცლერის გადასაწყვეტია. შესაბამისად, ამჟამინდელმა რექტორებმა თავიანთ თავში უნდა ჩაიხედონ. საინტერესოა, რამდენად აქვთ ზნეობრივი და მორალური პასუხისმგებლობა უმაღლესი სასწავლებლების მართვა გააგრძელონ. ამ პრობლემებთან დაკავშირებით, აუცილებლად ვითანამშრომლებთ განათლების სამინისტროსთან. ჯერ-ჯერობით მათ დროს ვაძლევთ, რადგან აუცილებელია ისინიც ჩამოყალიბდნენ, მათაც უნდა შეისწავლონ საკითხი, რადგან ეს ძალიან მტკივნეული პროცესი იქნება", - განაცხადა ჭეიშვილმა.

ჭეიშვილის თქმითვე, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი უმაღლესი განათლების ორგანიზაციული და იურიდიული საკითხებია.

მისი განმარტებით, დაახლოებით, ერთი წლი წინ, ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტი არასამეწარმეო , არაკომერციული , იურიდიული პირები გახდნენ.

მისი თქმით, აქამდე უნივერსიტეტები საჯარო სამართლის იურიდიული პირები იყვნენ და აცხადებს, რომ აუცილებელია, ეს სტატუსი უნივერსიტეტებს ისევ დაუბრუნდეს.

"უნივერსიტეტებისთვის არასამეწარმეო , არაკომერციული , იურიდიული პირის სტატუსის მინიჭება ბევრ საფრთხეებთანაა დაკავშირებული. ეს ნიშნავს, რომ უნივერსიტეტის რეგენტთა საბჭოს ერთპიროვნულად შეუძლია განკარგოს ქონება, გაასხვისოს, იჯარით გასცეს და აშ . შესაბამისად, სახელმწიფო უნივერსიტეტებს პირვანდელი სტატუსი უნდა დაუბრუნდეთ და მიგვაჩნია, რომ სახელმწიფომ უნდა აიღოს ვალდებულება და პასუხისმგებლობა მიხედოს უმაღლესი განათლების სისტემას", - განაცხადა ჭეიშვილმა.