გიგა ბოკერია: ბაჩო ახალაიას, გიორგი კალანდაძისა და ზურაბ შამათავას დაკავება ქვეყნისთვის საგანგაშო მოვლენაა

გიგა ბოკერია: ბაჩო ახალაიას, გიორგი კალანდაძისა და ზურაბ შამათავას დაკავება ქვეყნისთვის საგანგაშო მოვლენაა

უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია ხელისუფლებას ბაჩო ახალაიას, გიორგი კალანდაძისა და ზურაბ შამათავას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ურჩევს.

 ბოკერიას თქმით, ეს ერთადერთი გზაა, რომელმაც შეიძლება ხელისუფლებას პასუხისმგებლობა შეუმსუბუქოს.

 უშიშროების საბჭოს მდივანმა ბაჩო ახალაიას, გიორგი კალანდაძისა და ზურაბ შამათავას დაკავებას ქვეყნისთვის საგანგაშო მოვლენა უწოდა.

 „სახეზეა პროკურატურის პოლიტიკური მიზნით გამოყენების ყველა ნიშანი. კალანდაძის შემთხვევაში სახეზე გვქონდა გაცხადებული ამოცანა, რომ ის უნდა ჩანაცვლებულიყო კაპანაძით, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის პრეზიდენტის პრეროგატივა. ამაზე როდესაც უარი მიიღეს, ვნახეთ, რომ სისხლის სამართლებრივი დევნით მოხდა 2008 წლის ომის გმირის ჩამოცილება და დაკავება. ბაჩო ახალაიას შემთხვევაში, იგი თავად ჩამოვიდა საქართველოში და თავისი ფეხით მივიდა პროკურატურაში. მათი დაკავების არანაირი საფუძველი არ არსებობდა. ამ ნაბიჯებმა საქართველოს, დემოკრატიული პროცესის თვალსაზრისით, უკვე მიაყენა დარტყმა ქვეყნის შიგნით, ხოლო ქვეყნის გარეთ - რეპუტაციის თვალსაზრისით, განსაკუთრებით ნატო-ს მომავალი სამიტის კონტექსტში“ - განაცხადა ბოკერიამ და დასძინა, რომ ერთადერთი ნაბიჯი, რომელმაც შეიძლება ხელისუფლების ბრალეულობა შეამსუბუქოს, ყველა ამ პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლებაა, იმ პირობებში, როდესაც ყველა მათგანი მზად არის, გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

 სამართალდამცველებმა შს ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, გაერთიანებული შტაბის უფროსი გიორგი კალანდაძე და მეოთხე ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავა თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააკავეს.