თავდაცვის მინისტრმა სამხედრო ბაზებზე გეგმიური მონიტორინგი დაიწყო

თავდაცვის მინისტრმა სამხედრო ბაზებზე გეგმიური მონიტორინგი დაიწყო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მუხროვანის სამხედრო ბაზაზე მომსახურე ჯარისკაცებს შეხვდა.

ალასანია სამუშაო რეჟიმში გაეცნო ბაზაზე არსებულ სიტუაციას და ჯარისკაცების სამუშაო გარემოს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა უმაღლესი შეფასება მისცა სპეციალური ოპერაციების ძალების მომზადების დონეს, რომლის განვითარებაც თავდაცვის სამინისტროს ახალ ხედვაში ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება.

ალასანია სამხედრო ნაწილებში არსებულ პრობლემებს შეისწავლის, რომელიც გეგმიური მონიტორინგის ფარგლებში დღეიდან დაიწყო და საქართველოში არსებულ ყველა ბაზაზე ჩატარდება.

დღესვე, თავდაცვის მინისტრმა მუხროვანის სამხედრო ბაზაზე სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური მაიორი დიმიტრი კიკნაძე წარადგინა.

თავდაცის სამინისტროს ცნობით, 2006-2008 წლებში დიმიტრი კიკნაძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების დაჯგუფების მეთაური იყო. მაიორ კიკნაძეს სავალდებულო სამხედრო სამსახური გავლილი აქვს უშიშროების სამინისტროს სადესანტო მოიერიშე ბრიგადაში. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს უშიშროების სამინისტროს ხელმძღვანელ თანამდებობებზე. დიმიტრი კიკნაძემ მონაწილეობა მიიღო 2008 წლის აგვისტოს ომში. მიღებული აქვს მედლები „საბრძოლო დამსახურებისთვის“ და „მხედრული მამაცობისთვის“.