ვანო ოსაძე: გაუგებარია, რის საფუძველზე განისაზღვრა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლის საფასური 2250 ლარით და რა გაანგარიშებას ეყრდნობა ის

ვანო ოსაძე: გაუგებარია, რის საფუძველზე განისაზღვრა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლის საფასური 2250 ლარით და რა გაანგარიშებას ეყრდნობა ის

"პროფესორთა დაცვის ლიგის“ წევრი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ვანო ოსაძე საგანმანათლებლო სისტემაში ყველაზე მტიკვნეულ საკითხად სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის გადახდის პრობლემას მიიჩნევს.

ამის შესახებ მან for.ge-ს პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

პროფესორი ფიქრობს, რომ ეს სოციალური პრობლემაა, თუმცა გარკვეულწილად, მას პოლიტიკური შეფერილობა აქვს.

 „თუ სტუდენტს არ აქვს სწავლის საფასურის გახადის უფლება, ვერ ისწავლის. ფაქტობრივად, მას ერთმევა კონსტიტუციური უფლება - მიიღოს უმაღლესი განათლება, რაც დამიანის ფუნდამეტური უფლებაა“ - განაცხადა ვანო ოსაძემ.

 ამასთან, მისივე თქმით, გაუგებარია, რის საფუძველზე განისაზღვრა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლის საფასური 2250 ლარით და რა გაანგარიშებას ეყრდნობა ის. როგორც ვანო ოსაძემ აღნიშნა, ეს სისიტემა უნდა გადაიხედოს და შეიცვალოს.

 „არის ძალინ ბევრი სოციალურად დაუცველი, რომელსაც არ შეუძლია იმდენი გადაიხადოს, რამდენიც ფინანსურად უზრუნველყოფილმა ოჯახის შვილმა. საუბარია წარჩინებულ სტუდენტებზეც, რადგან პრეზიდენტის სტიპენდიანტი სტუდენტებიც იხდიან სწავლის ქირას“ - განაცხადა ვანო ოსაძემ და დასძინა, რომ სტიპენდიანტებმა სწავლის საფასური არ უნდა გადაიხადონ.

მისივე თქმით, აღნიშნული პრივილეგია მაგალითი და სტიმული იქნება დანარჩენი სტუდენტებისათვის.

გარდა ამისა, „პროფესორთა დაცვის ლიგაში“ მიაჩნიათ, რომ სტიპენდიები ხშირ შემთხვევაში არასამართლიანად ნაწილდებოდა და იგი ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს ენიშნებოდათ.

ამასთან, „პროფესორთა დაცვის ლიგაში“ აცხადებენ, რომ უნდა გაუქმდეს პრეზიდენტის სტიპენდია და აღდგეს ნიკო ნიკოლაძის, ილია ჭავჭავაძის, ივანე ჯავახიშვილის და სხვა სახელოვან პირთა სახელობის სტიპენდიები.