ორი ქართული პროექტი კოტბუსის კინოფესტივალზე

ორი ქართული პროექტი კოტბუსის კინოფესტივალზე

როგორც, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ორი ქართული პროექტი  კოტბუსის ფესტივალზე მიემგზავრება.

ქართულ-ესპანური კოპროდუქცია „ჩაიკა” სან სებასტიანის ფესტივალის კონკურსის შემდეგ, კოტბუსის 22-ე ფესტივალის სექციაში Global East მოხვდა.

მიგელ ანხელ ხიმენესის ნამუშევარს, რომლის პროდიუსერიც ზურა მაღალაშვილია, მიღებული აქვს ევრიმაჟის დაფინანსება. ფილმის სიუჟეტი მოგვითხრობს გოგონას ისტორიას, რომელიც თევზსაჭერ გემზე ახალგაზრდა კაცთან ერთად იწყებს ხანგრძლივ მოგზაურობას. მამაკაცი მეზღვაურია, რომელიც სახლში, ყოფილი საბჭოთა კავშირის ცივ სტეპებში ბრუნდება.

მონაწილეობენ: ბაჩი ლეჟავა, გიორგი გაბუნია, სალომე დემურია.

რაც შეეხება, მეორე პროექტს, ეს არის „სინეტეკის” პროექტი „სხვების სახლი” (House of Others) რომელიც მოხვდაკოტბუსის ფესტივალის Connecting Cottbus აღმოსავლეთ-დასავლეთის კოპროდუქციის ბაზრობაზე სექციაში CoCo Pitch .  ფილმის  რეჟისორია - რუსუდან გლურჯიძე, პროდიუსერები - რუსუდან გლურჯიძე და ზურა მაღალაშვილი, სცენარის ავტორები - დავით ჩუბინიშვილი, რუსუდან გლურჯიძე. პროექტის თემაა უსახლკარო, ომგამოვლილი ადამიანები როგორ იბრძვიან გადარჩენისთვის და იდენტობის აღდგენისთვის. მოქმედება ხდება მიტოვებული სოფლის სახლში. მობინადრეებმა უნდა გადაწყვიტონ, რჩებიან თუ არა სახლში, რომელიც დამარცხებულებმა მიატოვეს.