ანდრო ბარნოვი ირაკლი ალასანიას ღია წერილით მიმართავს

ანდრო ბარნოვი ირაკლი ალასანიას ღია წერილით მიმართავს

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე და საქართველოს თავდაცვის აკადემიის ყოფილი რექტორი ანდრო ბარნოვი თავდაცვის ახალ მინისტრს, ირაკლი ალასანიას ღია წერილით მიმართავს და გამოთქვამს მზადყოფნას, სამინისტროში განხორციელებული და დაუსრულებელი რეფორმების შესახებ ახალ მინისტრს დამატებითი განმარტებები მისცეს.

მიმართის თანახმად, ბარნოვი 2010 წლის 29 ნოემბრიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას, ხოლო 2011 წლის 9 ივლისს დაინიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილედ და მის საკურაციო სფეროში შევიდა წრთვნებისა და სამხედრო განათლების სისტემა, ანალიტიკური დეპარტამენტი და საკადრო პოლიტიკა. ეს უკანასკნელი გულისხმობდა არა კონკრეტული ადამიანების დანიშვნა-გათავისუფლებას, არამედ სფეროში პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტებისა და პროგრამების შემუშავებას.

როგორც ბარნოვი ღია მიმართვაში აღნიშნავს,  ის ამავდროულად, პარალელურად ასრულებდა თავდაცვის აკადემიის რექტორის მოვალეობას 2012 წლის 2 ივლისამდე, ანუ იმ დრომდე, როდესაც მას ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელების საშუალება აღარ მიეცა.

„ამ პერიოდში საშუალება გვქონდა, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადაგვედგა სამივე სფეროში, მაგრამ აუცილებელია,  რომ ყველა მიმართულებით საქმე ბოლომდე მივიდეს. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად,  სხვა მნიშვნელოვანი პასუხიმგებლობა მაკისრია უნივერსიტეტში, კარგად მესმის, რომ ჩემი პასუხისმგებლობაა, ფართო საზოგადოებამ თუ სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ იცოდეს იმ უმნიშვნელოვანესი ცვლილებების შესახებ, რისი გაკეთებაც მოხერხდა ბოლო ორი წლის მანძილზე და რაც,  ჩემი ღრმა რწმენით, უნდა გაგრძელდეს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში არსებობდეს სწორი ხედვა იმ პრობლემებისა თუ პროცესების მიმართ, რაც შეიარაღებულ ძალებში მიმდინარეობს. ამიტომ,  გადავწყვიტე, გამომენახა დრო და მომემართა ამ ღია წერილით. ცალკე საკითხია ანალიტიკური მიმართულება, სადაც ასევე უმნიშვნელოვანესი ცვლილებები განხორციელდა და ასევე ბოლომდეა მისაყვანი, თუმცა ამ წერილში ძირითადად სამხედრო პროფესიული განვითარების პრობლემატიკით შემოვიფარგლები“,- ნათქვამია ანდრო ბარნოვის თავდაცვის მინისტრისადმი მიმართვაში.

ანდრო ბარნოვი იმედს გამოთქვმას, რომ თავდაცვის მინისტრი ინტერესით მოეკიდება ამ წერილს და ასევე ბარნოვი მზადყოფნას გამოთქვამს დამატებითი განმარტებების მიცემაზე.