დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ ბაჩო ახალაიას საქმე ახალი ხელისუფლების სერიოზული ტესტი და გამოწვევაა

დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ ბაჩო ახალაიას საქმე ახალი ხელისუფლების სერიოზული ტესტი და გამოწვევაა

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ ბაჩო ახალაიას საქმე ახალი ხელისუფლების სერიოზული ტესტი და გამოწვევაა.

როგორც ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამ კუთხით უმნიშვნელოვანესია, ახალი ხელისუფლება დაადგება პოლიტიკური ანგარიშსწორების გზას, თუ აირჩევს სამართლებრივ სივრცეში მოქმედებიას და სამართლებრივი პროცედურების მიმართულებას.

ბაქრაძის თქმით, დაკავებასთან დაკავშირებით პირადად მას აქვს კითხვები და ეჭვები და მისთვის გაუგებარია, თუ რატომ მოხდა ბაჩო ახალაიას დაკავება პროკურატურაში პირველივე დაბარებისას, როდესაც ის საკუთარი ფეხით დაბრუნდა საქართველოში და მზაობა გამოაცხადა ეთანამშრომლა გამოძიებასთან. მისივე თქმით, ასევე ჯერჯერობით გაუგებარია ბრალდების შინაარსი.

„როგორც ჩანს, ბრალდების მხარე მოუმზადებელი იყო" - განაცხადა მან.

სამართალდამცველებმა შს ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, გაერთიანებული შტაბის უფროსი გიორგი კალანდაძე და მეოთხე ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავა უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააკავეს.