მამია სანადირაძე:  ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ იქნება გამოძიებული და ბიზნესმენებიც ნაბიჯ-ნაბიჯ , კანონზომიერი გზით და გეგმით მივდივართ

მამია სანადირაძე: ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ იქნება გამოძიებული და ბიზნესმენებიც ნაბიჯ-ნაბიჯ , კანონზომიერი გზით და გეგმით მივდივართ

პროექტ "დააბრუნეს" ფარგლებში დღეს ბიზნესმენების პირველი შეკრება გაიმართა. შეკრებაში მონაწილეობას ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოსული ბიზნესმენები იღებდნენ, რომელთა ბიზნესის მიტაცება და მათთვის რიგი პრობლემების შექმნა, მათივე თქმით, ყოველგვარ კანონის ფარგლებს ცდება.

კონკრეტულად, რა სახის საკითხები განიხილეს შეხვედრაზე, რამდენად დიდი ჯგუფია ყოფილი მთავრობის მაღალჩინოსნებისგან დაზარალებული, რა მეთოდებით აპირებენ ბიზნესის დასაბრუნებლად ბრძოლას და შეკრებილი ბიზნესმენებისგან, რამდენად არსებობს საშიშროება იმისა, რომ "ვინმემ მღვრიე წყალში თევზის დაჭერა გადაწყვიტოს"  From.ge პროექტ "დააბრუნეს"ინიციატორს, კომპანია "კავკასუს ონლაინის" ყოფილ მფლობელს, მამია სანადირაძეს ესაუბრა.

მამია სანადირაძე: ასოციაცია ქართული ბიზნესის პროექტ "დააბრუნეს" პირველი შეკრება დღეს გაიმართა. შეხვედრაზე, ის დაზარალებული ბიზნესმენები შევიკრიბეთ, რომლებიც სამართლიანობის აღდგენასა და კუთვნილი ქონების დაბრუნებას ცდილობენ.

დღეს, საერთო სტრატეგიაზე ჩამოვყალიბდით და მოქმედების რამდენიმე მიმართულება შევიმუშავეთ. თავდაპირველად, დაზარალებული ბიზნესმენების საქმეების შეგროვება და დახარისხება მოხდება.

ზოგიერთ შემთხვევებში, ქონების ჩამოსართმევად მათთან მიმართებაში, საგადასახადო, ზოგიერთთან ბანკი, ზოგთან პოლიტიკური და კრიმინალური ზეწოლა გამოიყენებოდა. ანუ ვისაუბრეთ, თუ ვის, რა მეთოდით ჩამოართვეს ქონება და შევთანხმდით, რომ ჩამოვაყალიბებთ კომისიას, მოვიწვევთ სხვადასხვა სფეროს ექსპერტებს კრიმინალისტიკაში, საგადასახადო, ფინანსური დანაშაულის სფეროში, რათა ამ საქმეების სისტემატიზირება მოხდეს და ამის შემდგომ, სამართალდამცავ ორგანოებს მივმართავთ. ასევე ვაპირებთ, შევქმნათ ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც საკანონმდებლო ინიციატივებს ჩამოაყალიბებს და პარლამენტს, კონკრეტულად, ხიდაშელის კომისიას თავად მიაწვდის.

შეხვედრაზე პრაქტიკული გეგმებიც დავსახეთ. საქართველოს ყველა ქალაქში გაიხსნება ჩვენი ოფისი , რათა ასეთი საქმეების შეკრება და შესწავლა ადგილზევე მოხდეს. ზოგიერთ მათგანს უჭირს დედაქალაქში ჩამოსვლა და ინტერნეტით გამოგზავნა, შესაბამისად, შევეცდებით, მათ თავიანთი გასაჭირისა და პრობლემის მიტანა ადგილობრივ ოფისებში შეძლონ.

ჩამოვყალიბდით პრაქტიკულ ნაბიჯებზეც. აღვნიშნავ, რომ ძალიან დიდი რიგი და პრობლემებია საბუთების გამოთხოვაზე. ბიზნესმენები ძალიან შეშინებულნი არიან, რათა მათი დოკუმენტები განადგურებული არ იყოს. ამიტომ, ჩვენი იურისტი და კოორდინატორი, ზვიად გელაშვილი გააკეთებს განცხადებას, რომ ასეთ ქმედებებს პრევენციული ხასიათი ჰქონდეს და ამა თუ იმ საბუთის განადგურება არ მოხდეს.

ჩვენი მიზანია დავეხმაროთ ბიზნესმენებს თავიანთი პრობლემების გადაჭრასა და ქონების დაბრუნებაში.

როგორ მოხდა თქვენი დაკავშირება და შეკრება, შეხვედრაზე მყოფი ბიზნესმენები ელექტრონული მისამართის საშუალებით დაგიკავშირდნენ , თუ მათთან პირადი კონტაქტის საშუალებით შეიკრიბეთ?

-წინა კვირაში გავახმოვანეთ ჩვენი ინიციატივის შესახებ, შესაბამისად, დაზარალებულები ელექტრონული მისამართის საშუალებით დაგვიკავშირდნენ. შემდგომ შევიკრიბეთ. საკმაოდ დიდი ჯგუფია შექმნილი. ისინი თავიანთ წრეში იცნობენ ისეთ პიროვნებებს, რომელსაც აქვს ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი, ამიტომ საჭიროა ამ ინფორმაციის გადამუშავება და დახარისხება. შესაბამისად, რაიონული ოფისები ძალიან დაგვეხმარება.

ალბათ, თითოეული ბიზნესმენის საქმეს, რომლებიც დღეს პროექტ "დააბრუნეს" ფარგლებში შეიკრიბნენ, არ იცნობთ. რამდენად სარწმუნო შეიძლება იყოს მათი განცხადებები , რომ მათ მიმართ, კუთვნილი ქონების ჩამორთმევა უკანონოდ განხორციელდა?

-რა თქმა უნდა, არსებობს იმის საშიშროება, რომ ამ საქმეს ვიღაც მიეტმასნოს და მღვრიე წყალში თევზის დაჭერა გადაწყვიტონ. ჩვენ ერთადერთი რაც შეგვიძლია ისაა, რომ ამ პიროვნებებს საქმეების კლასიფიცირებაში დავეხმაროთ და ექსპერტი გამოვუყოთ. ხშირ შემთხვევაში, ეს ადამიანები ბანკების არაკეთილსინდისიერ მიდგომას უჩივიან, როცა უჭირდათ, საგადასახადო აჯარიმებდათ და სწორედ მაშინ, ბანკები მტაცებლურად ექცეოდნენ. გამოდის, რომ კოორდინირებულად "გუდავდნენ". სწორედ, ესაა გამოსაძიებელი, რადგან ბანკების არაკეთილსინდისიერი მიდგომა ამ ხალხის საბოლოო გაძარცვას განაპირობებდა. შესაბამისად, ამ საქმეებს ჩვენი კრიმინალისტები და ფინანსური დანაშაულის სპეციალისტები შეისწავლიან. დავეხმარებით ყველა ადამიანს , რომ სათანადო ორგანოში საჩივარი წარადგინონ. დანარჩენი კი, რა თქმა უნდა, გამოძიების სასამართლოს და პროკურატურის საქმეა.

რაიმე მსგავსი შიშით ჩვენ უარს არავის ვეუბნებით. ვცდილობთ, მათ შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ. აღსანიშნავია, რომ თვითონ ბიზნესმენებშიც ძალიან კარგი ტენდენცია გამოისახა. მათ აქვთ სურვილი აღნიშნულ საქმეში თავიანთი რესურსებით მონაწილეობა მიღონ. ზოგს კომპიუტერი აქვს, ზოგს ოფისი , ზოგიერთს იურისტი ჰყავს და აშ .

დღევანდელ შეკრებაში ცნობილი ბიზნესმენები მონაწილეობდნენ ?

- უმეტესად , მცირე ბიზნესმენები იყვნენ, რომლებსაც ქონება სხვადასხვა დროს აქვთ ჩამორთმეული, თუმცა გაცამტვერებულები არ არიან და დღესაც თავიანთ საქმეს აკეთებენ. ის ბოღმა და უსამართლობა ახრჩობთ , რაც მათ წინააღმდეგ განხორციელდა. სურთ სამართალმა პური ჭამოს და ამისთვის, რესურსებსა და ენერგიას არ იშურებენ.

რამდენად ოპტიმისტურად ხართ განწყობილნი და არ ფიქრობთ, რომ რიგ დაბრკოლებებსა და პრობლემებს აქაც გადააწყდებით ?

-ჩემი ვარაუდით, ჩვენ მიზანს მივაღწევთ და სამართალი პურს სჭამს . ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ ამ საქმეს. არანაირი პრობლემების არ გვეშინია. პრობლემები იმიტომაა , რომ გადაიჭრას და შესაბამისად , ყველა წარმოშობილ პრობლემას გადავჭრით.

ეს საქმე დროში გაწელვადი არა?

არა, რადგან ამ შემთხვევაში არა დიდი ჯგუფი არამედ, რაღაც პრივილეგირებული ჯგუფი მოქმედებდა. ვვარაუდობ, ეს ჯგუფი ძალიან მალე გამოიკვეთება.

მათ მხრიდან შემოხმიანება , თუნდაც მორიგების შესახებ შეთავაზება არ მიგიღიათ?

- ჩემს საქმესთან დაკავშირებით, საჩივარი პროკურატურაში შევიტანე და ახლა, ამ საქმესთან დაკავშირებით შეხმიანება და შემოხმიანება , გულახდილი საუბარი პროკურორთან მოუწევთ.

რაც შეეხება მორიგებას, ამაზე საუბარი არ ყოფილა, რადგან ისინი გაიძახიან, რომ ბიზნესის კეთილსინდისიერი მყიდველები არიან, რომელთა კეთილსინდისიერებასაც გამოძიება დაადგენს. ვნახოთ, რა იქნება და როგორ იქნება. ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ იქნება გამოძიებული და ჩვენც ნაბიჯ-ნაბიჯ , კანონზომიერი გზით და გეგმით მივდივართ.