მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" 17 სექტემბერს გეგუთის #14 საპყრობილეში პატიმრის, ნუგზარ შარიქაძის გარდაცვალების საეჭვო გარემოებებზე ინფორმაციას ავრცელებს.
მოძრაობის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ ეს უკვე მერამდენე შემთხვევაა ციხეში გარდაცვალების ფაქტზე და თან, ერთ-ერთი მძიმე შემთხვევაც.
სახალხო დამცველის ხელთ არსებული ინფორმაციით, 2011 წელს პირველ ნახევარში 77 პატიმარია გარდაცვლილი, როცა გასული წლის ამავე პერიოდში 59 პატიმარი იყო გარდაცვლილი. ამ მაჩვენებლით წლევანდელმა სურათმა სტატისტიკის მიხედვით ბოლო წლების განმავლობაში პატიმრების ყველაზე მაღალი სიკვდილიანობით აღნიშნულ შარშანდელ მაჩვენებელს გადააჭარბა.
როგორც "რეზონანსთან" სუბრისას ეკა ბესელია აღნიშნავს, ქსანისა და გლდანის საპყრობილეებში არის ყველაზე მძიმე მდგომარეობა, თუმცა, ბოლო პერიოდში ყველაზე ბევრი სიკვდილიანობის შემთხვევა რუსთავის მე-6 დაწესებულებაში დაფიქსირდა, სადაც გადაცვლილებზე წამების კვალი იყო.
მისივე განმარტებით, გარდაცვალების ძირითადი მიზეზი სასჯელაღსრულების დაწესებულების, მინისტრისა და მისი ხელქვეითების მიერ პატიმრების მიმართ დანაშაულებრივი დამოკიდებულება - წამება, არაადამიანური მოპყრობა და სამედიცინო დახმარების აღმოუჩენლობაა.
დღეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს წინ საგანგებო ბრიფინგიც გაიმართება, სადაც არასამთავრობო უფლებადამცველებთან ერთად გეგუთის ციხეში გარდაცვლილი შარიქაძის ოჯახის წევრებიც იქნებიან. ასევე ბრიფინგზე გეგუთის ციხეში მომხდარი კიდევ ერთი პატიმრის გარდაცვალების მიზეზებზე იქნება საუბარი.
ეკა ბესელია: "ნუგზარ შარიქაძე ორ თვეში, დეკემბერში უკვე თავისუფლდებოდა, იყო სამჯერ ინფარქტგადატანილი, პატიმრობის პერიოდში ტუბერკულოზით დაავადდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. 16 სექტემბერს აცნობეს ოჯახს, რომ პატიმარი ცუდად გახდა, მაგრამ როგორც ჩანს, მაინც არ გადაიყვანეს საავადმყოფოში და 17-ში გარდაიცვალა. ოფიციალურად გარდაცვალების მიზეზი ინსულტი გახდა, თუმცა ოჯახს ამ დროისთვის არ აქვს სამედიცინო ესქპერტიზის დასკვნა და საეჭვო გარემოებად ასახელებენ იმას, რომ გარდაცვლილს ორგანოები მთლიანად ამოცლილი და თავის ქალა ახდილი ჰქონდა.
"ამის გარდა, დღეს კიდევ ერთი გარდაცვალების ფაქტის შესახებ შევიტყვეთ. ისევ გეგუთის კოლონიაში პირველ სექტემბერს გარდაიცვალა პატიმარი, რომელსაც, წინა პატიმრის მსგავსად, სასჯელის ვადა ეწურებოდა, თან 1 კვირაში. ამ შემთხვევაში არ ვიცი, რა იყო გარდაცვალების მიზეზი, ოჯახი ამბობს, რომ ის დაავადებული არ ყოფილა, ოჯახს მხოლოდ ბოლო დღეებში შეატყობინეს მისი ავადმყოფობა და მისი გარდაცვალება მათთვის მოულოდნელი იყო.
"ექსპერტიზის დასკვნა არც ამ ოჯახს აქვს გადაცემული. ოჯახი წევრები ჯერჯეროით ამაზე საჯაროდ საუბარს ერიდებიან, თუმცა ჩვენ ინფორმაცია მათი ახლობლებისგან გვაქვს".
სახალხო დამცველის ხელთ არსებული ინფორმაციით, 2010 წლის პირველ ნახევარში 59 პატიმარია გარდაცვლილი. 2011 წელს კი ამავე პერიოდში 77 პატიმარი.
ომბუდსმენის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო ერემაშვილის თქმით, "ამჟამად პრევენციის ეროვნული მექანიზმი ამზადებს ანგარიშს, რომელშიც ასახული იქნება სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული მდგომარეობა 2011 პირველ ნახევარში, თუმცა ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარდაცვალების უმთავრეს მიზეზსს, ისევე როგორც 2010 წელს, ტუბერკულოზი წარმოადგენს.
"პატიმართა მოპყრობის მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა არის გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ნაკლები საჩივარი სწორედ ამ დაწესებულებიდან შემოდის. ასევე, პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის შემთხვევები გვხვდება მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებასა თუ ქუთაისის მე-2 დაწესებულებაში".
ადვოკატების მტკიცებით, მოხშირებული გარდაცვალების ფაქტები ტუბერკულოზით დაავადების გარდა პატიმართა წამებაცაა და ამ უკანასკნელმა ამ ბოლო პერიოდში სერიოზული ხასიათი მიიღო.
"სოლიდარობა უკანონო პატიმრების" ადვოკატი ვლადიმერ მაჭარაშვილი ამბობს, რომ ქსნის ციხეში მისი დაცვის ქვეშ მყოფს ილია ჭიჭიბოშვილს შეხვდა, რომელიც მასთან სასტიკად ნაცემი მიიყვანეს. ადვოკატის განმარტებით, პატიმარს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა.
"ჭიჭიბოშვილმა განაცხადა, რომ 26 სექტემბერს, საღამოს, ქსნის ციხის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა დიმიტრი ჩხეიძემ საკნიდან გაიყვანა, მისთვის უცნობ საკანში შეიყვანა და გაურკვეველი მიზეზით სამმა-ოთხმა ადამიანმა ცემა. პატიმარმა აღნიშნა, რომ სპეციალური ხელთათმანებით სცემდნენ, რომელიც მეტ ტკივილს იწვევდა.
ადვოკატი პატიმრის ცემას რამდენიმე დღის წინ აღნიშნულ ციხეში მომხდარი ინციდენტის გახმაურებას უკავშირებს. მაჭარაშვილის თქმით, რამდენიმე დღის წინ გახმაურებული სამი პატიმრის - ილია ჭიჭიბოშვილის, ნუგზარ ხმალაძის და იმედა დვალიშვილის ცემასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, თუმცა პარალელურად პატიმარზე მუქარები და ზეწოლა ხორციელდება.
მაშინ ეკა ბესელიამ ქსნის #15-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრების ცემაში მონაწილე პირებიც დაასახელა.
მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ოფისში ქსნის #15 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან შევიდა განცხადება, რომელსაც ხელს აწერს 4 მსჯავრდებული. მათი განმარტებით, 2011 წლის 3 სექტემბერს სასჯელაღსრულების #15 დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, დაახლოებით 15-20-მა თანამშრომელმა სრულიად უმიზეზოდ პლასტმასის ხელკეთებით უმოწყალოდ ცემა პატიმრები, რის შედეგად სხეულის უმძიმესი დაზიანებები მიიღო რამდენიმე მსჯავრდებულმა. მათ დაკარგეს მხედველობა, მიიღეს თავის ქალის მძიმე დაზიანებები. ორგანიზაციის ინფორმაციით, აღნიშნული მსჯავრდებულები ითხოვენ სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას და დაუყოვნებლივ რეაგირებას. ასევე, ისინი ასახელებენ კონკრეტულ თანამდებობის პირებს, ვინც მონაწილოებას იღებდა მათ წამებასა და ცემაში.
"მსჯავრდებულები განმარტავენ, რომ ცემის პროცესში უშუალოდ მონაწილეობდნენ კონკრეტული თანამდებობის პირები და მათი მითითებით ხდებოდა პატიმართა წამება. მსჯავრდებულებს ადმინისტრაცია დაემუქრა, რომ ფაქტის გახმაურების შემთხვევაში დაუპატიმრებენ ოჯახის წევრებს, ხოლო მათ 10-15 წელს დაუმატებენ სხვადასხვა ბრალდებით", - განაცხადეს ორგანიზაციაში.
ბოლო პერიოდში ციხეებში საეჭვო მდგომარეობაში გარდაცვლილი პატიმრების ფაქტებთან და პატიმრების სიკვდილიანობის ზრდასთან დაკავშირებით ბესელია სასჯელაღსრულების მინისტრის, რუსთავის #6 და გლდანის #8 დაწესებულებების ხელმძღვანელების პასუხისმგებლობის საკითხსაც აყენებდა.
"რეზონანსი" გუშინ უშედეგოდ ცდილობდა სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადენლებთან დაკავშირების და მათგან ამ საკითხებზე ოფიციალური ინფორმაციის მიღებას.
1066
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85