...წყვილი პირველ შვილს ელოდება. პისტი ლეჩხუმელია. ავდიდი ქართულ ტრადიციას არ ღალატობს და ცოლს სამშობიაროდ ლეჩხუმში აგზავნის... 1931 წლის 30 სექტემბერს ბიჭი იბადება, ჯანსუღს არქმევენ... პისტისა და ავდიდს კიდევ ორი შვილი შეეძინებათ - ლუიზა და ჯიმშერი და ორივე, ჯანსუღის მსგავსად, 30 სექტემბერს დაიბადება... სხვათა შორის, პისტის სამივეჯერ ბებიაქალი აღათი (აღათიონი) ამშობიარებს... მერე, დრო რომ გავა, უკვე საქვეყნოდ ცნობილი და პოპულარული პოეტი ამ ისტორიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს უამბობს. აბა, ვნახოთ, ამ დღეს რა ხდებაო, - იტყვის უწმინდესი და წმინდანთა წიგნს გადაშლის... დამთხვევა, მართლაც, ღვთიურია - 30 სექტემბერი წმიდა სოფიოსა და მისი ქალიშვილების - პისტის, ელპიდისა და აღათის ხსენების დღეა.
მოკლედ, 30 სექტემბერს ჯანსუღ ჩარკვიანი 80 წლის ხდება... მინდოდა, იუბილე ორიგინალურად მიმელოცა - განსხვავებული ინტერვიუ ჩამწერა. დამთანხმდა, მაგრამ თან ორჭოფობდა, ხალხი რას იტყვის, ჯანსუღი საკუთარ გაზეთში საკუთარ ინტერვიუს ბეჭდავსო. საერთოდ, ასეთია: საკუთარ დამსახურებებსა თუ ღირსებაზე ლაპარაკს გაურბის. არადა, სათქმელი უნდა ითქვას. უნდა ითქვას, მაგალითად, ის, რომ მე-20 საუკუნის 70-იან წლებში საბჭოთა «მერვე პოლკმა» ჟურნალ «ცისკრის» ერთ-ერთი ნომრის მთელი ტირაჟი იმიტომ დახვრიტა (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით), რომ ჯანსუღ ჩარკვიანმა გაბედა და საკავშირო პრესაში ატეხილი ანტიქართული კამპანიის საპასუხოდ, მცხეთის ჯვარი სომხურიაო, «ცისკარში» წერილი გამოაქვეყნა. მართალია, “ცისკრის” ამ ნომერმა დღის სინათლე ვერ ნახა, მაგრამ სტამბის თანამშრომელთა დახმარებით, რამდენიმე ეგზემპლარი გადარჩა და... რუსული ხიშტებით დახეული ქართული სული დღესაც რამდენიმე ბიბლიოთეკასა და ოჯახში ინახება...
“ცისკარში” “დათა თუთაშხიას” გამოქვეყნებაც, რასაკვირველია, დიდი რისკი იყო. აჟიოტაჟი გურამ ფანჯიკიძის “თვალი პატიოსანის” დასტამბვასაც მოჰყოლია - ნაწარმოების ავტორი და ჯანსუღ ჩარკვიანი ცეკა-ში ცალ-ცალკე დაუბარებიათ.
- ჯანსუღი რა შუაშია, რომანი ჩემია და მე დამსაჯეთო, - უთქვამს გურამ ფანჯიკიძეს.
- გურამი რა შუაშია, “ცისკარში” “თვალი პატიოსანი” მე გამოვაქვეყნე და თუ დასჯაა, მე დამსაჯეთო, - უთქვამს ჯანსუღ ჩარკვიანს.
- თქვენთან ვერაფერს გავხდებითო, - ხელი ჩაუქნევიათ ცეკა-ში...
...ჯანსუღ ჩარკვიანი ზვიად გამსახურდიას ბავშვობიდან იცნობდა - ჯაფარიძის ქუჩაზე მეზობლები იყვნენ. რატომ არ უყვარდა გამსახურდიას ჯანსუღი? - ამის ახნსა ძნელია, თუმცა ფაქტია: თავის დროზე ზვიად გამსახურდიას მწერალთა კავშირიდან გარიცხვის წინააღმდეგი მხოლოდ ჯანსუღ ჩარკვიანი იყო!.. ერთხელ, ჩემი მეგობრის 12 წლის გოგონამ თქვა, სიკეთე დასჯადიაო. მართლაც, ასეა - ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობისას “დასაჭერთა სია” შედგა, რომელშიც «საპატიო ადგილი» ჯანსუღ ჩარკვიანს ეჭირა. მსგავსი “შავი სიები”, როგორც წესი, “პირველის” ნებართვს გარეშე არ იქმნება... ისე, იმაზეც მეცინება, “ზვადისტი” დიაცები რომ ირწმუნებიან ხოლმე, 1991-92 წლების მოვლენების დროს ჩარკვიანი რუსთაველზე ავტომატით დარბოდაო.
ორი წელია, ჯანსუღ ჩარკვიანთან ყოველდღური ურთიერთობა მაქვს და ამ ორი წლის განმავლობაში ყოველ ხუთშაბათს, თათბირზე ერთიდაიგვე მეორდება - თუკი ჟურნალისტს შენიშნვნას მივცემ, ჯანსუღი მაშინვე სუტუაციის განუხტვას იწყებს. ჰოდა, სად ავტომატი და სად - ჯანსუღ ჩარკვიანი?! ისე, ერთხელ, აკაკი ასათიანის ინტერვიუ წავიკითხე, სადაც ამბობდა, სუფრაზე ზვიად გამსახურდია ჯანსუღის ლექსებს კითხულობდაო... საერთოდ, პოლიტკოსებს ურჩევიათ, გვერდით მედროვე მაამებლები ჰყავდეთ და არა - ჭეშმარიტი მოკეთენი, რომელნიც სიმართლეს თუნდაც უკმეხად ეტყვიან. ეს საბედისწერო შეცდომა საქართველოს პირველმა პრეზიდენტმაც დაუშვა...
ჯანსუღი მიზანში სიტყვით არტყამს და ამაყად ამბობს:
„ძლივს, ძლივს ამოდის მთვარე სამოთხის,
ტყვია მიზანში მოსახვედრია,
თავისუფლება ისე არ მოდის,
თავისუფლება ლომთა ხვედრია!“
ჩვენში დარჩეს და, კომუნისტური რეჟიმის დროს ლომურ თავისუფლებაზე ხმამაღლა ლაპარაკს ბევრი კი არა, ძალიან ბევრი ვერ ბედავდა!..
ვიღაცები ნაციონალურ წყობასაც ეპირფერებიან. ჯანსუღ ჩარკვიანს კი დღევანდელი ყოფაც არ მოსწონს...
ბატონო ჯანსუღ, 80-ის ხდებით, რას გრძნობთ? - მეამიტუარდ ვეკითხები...
- ადრე 30 სექტემბერი მიყვარდა...
ახლა აღარ გიყვართ?
- არა!
რატომ?
- ჯერ ერთი, ჩემი საძმოდან ბევრი წავიდა. მეორეც, ქვეყანაში საქეიფო განწყობა არაა...
ორივე ვჩუმდებით... დუმილი რამდენიმე წამს გრძელდება. მერე, წარულის, უფრო სწორად, ბავშვობის გახსენებას ვთხოვ.
“- მე-18, ანუ ახლანდელ 51-ე სკოლაში ვსწვალობდი. მაშინ შატალოც იყო და ყოჩობაც. ვჩხუბობდით, მაგრამ მხოლოდ გოგონების გამო და მალევე ვრიგდებოდით... სამი კლასი ფრიადოსანი ვიყავი – გოგონების ჯინაზე ვსწავლობდი. წიგნების კითხვაც ამიტომ დავიწყე - რომ დავსხდებოდით და რომანებზე დავიწყებდით საუბარს, გაკვირვებულები მიყურებდნენ... ომი იყო, მაგრამ არც ისეთი სიღარიბე ყოფილა, რომ თბილისში ქართველი მათხოვარი მენახა - სახელმწიფო ოჯახებს პროდუქტით ეხმარებოდა. მამაჩემი ცნობილი აგრონომი იყო, მარტყოფში „ემტეესის“ დირექტორად მუშაობდა, კარგი ხელფასი ჰქონდა... დედა კი დიასახლისი გახლდათ და შვილებზე იყო გადაყოლილი. სხვათა შორის, ძალიან კარგად მღეროდა, პოეზიაც უყვარდა...”
პირველად მესამე კლასში შეჰყვარებია და... თანაკლასელი გოგონას მოსატაცებლად წასულა... გოგონას დედა «სასიძოს» ტორტით გამსპინძლებია და ჯანუკის აღარც გახსენებია, თანაკლასელთან რა მიზნით მივიდა... ჭეშმარიტი სიყვარული კი, 23 წლისას ეწვია - 19 წლის ირმა ჩხეიძე შეუყვარდა... ახალგაზრდა პოეტის მიმართ გულგრილი არც ირმა დარჩა... 55 წელზე მეტია, ერთად არიან და... დღესაც ერთმანეთი ჭეშმარიტად უყვართ!..
...ჯანსუღ ჩარკვიანზე ლაპარაკი დაუსრულებლად შემიძლია, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ ჩემი რედაქტორია და ამას კონიუქტურა მოითხოვს. მართლა, გულწრფელად ვამბობ: ჯანსუღ ჩარკვიანი გენიალური ადამიანია! სად არ მიმუშავია, როგორი ხასიათის რედაქტორი არ მყოლია, მაგრამ ჯანსუღ ჩარკვიანის «ქართული სიტყვა» ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებულია - ყველაფერს თავი რომ დავანებო, თავისუფლების ასეთი ხარისხი არასოდეს მქონია და ეს, ცხადია, ბატონი ჯანსუღის დამსახურებაა!
P.S. ბოლო დროს ხშირად მხვდებიან ადამიანები, რომლებიც თავს გაურკვველი აკადემიის აკადემიკოსობით, არაპრესტიჟული პრემიებითა თუ სხვა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ჯილდოებით იწონებენ. ვიცოდი, რომ ჯანსუღ ჩარკვიანი თბილისის საპატიო მოქალაქე იყო, მაგრამ ყასიდადაც არ უთქვამს, რომ 1978 წელს გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიის, 1985 წელს კი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი გახდა... თავმდაბლობაც ერთ-ერთი ღირსეული თვისებაა!.