უკანასკნელი დღე აფხაზეთში

უკანასკნელი დღე აფხაზეთში

27 სექტემბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში უმძიმესი დღეა. ამ დღესთან მეც მძიმე მოგონებები მაკავშირებს. 18 წლის წინ ამ დღეს სოხუმსა და აღმოსავლეთ აფხაზეთის სხვა რაიონებში უკვე კანტიკუნტად იყო დარჩენილი ქართული მოსახლეობა. უმეტესობამ რამდენიმე დღით, საათითა და წუთით ადრე მოასწრო სახლების დატოვება, ნაწილმა ვერ მოასწრო ან შეგნებულად არ დატოვა სახლი. მათგან, ვინც დარჩა, უმეტესობა სიკვდილით დასაჯეს აფხაზებმა. ამდენი წლის შემდეგ ისევ ძველებურად ვამბობ, რომ ეს ადამიანები აფხაზებმა დახოცეს, რადგან მთავარი არ არის, ვინ იყო შემსრულებელი – რუსი თუ ჩეჩენი – მთავარი ის არის, რომ, იშვიათი გამონაკლისის გარდა, აფხაზებს არაფერი გაუკეთებიათ თავიანთი ახლობელი, მეზობელი, მეგობარი ქართველების გადასარჩენად. 

სოხუმის დაცემა პირადად არ მინახავს, თუმცა მისგან რამდენიმე კილომეტრში ვიყავი ჩემს მეგობარ შორენა ლებანიძესთან და სოხუმიდან აქეთ, გალი–სენაკის მიმართულებით მომავალ უამრავ დევნილთან ერთად. 16–ში სოხუმის შტურმი დაიწყო. რამდენიმე ჟურნალისტი ჩვენი გაზეთიდან ყოველდღე მივდიოდით აეროპორტში და ვცდილობდით, ჯარისკაცებით სავსე თვითმფრინავებს წავყოლოდით ნახევრად ალყაში მყოფ ქალაქში. მახსოვს, როგორ მივიღე წასვლის გადაწყვეტილება.

22 ან 23 სექტემბერი იყო. დილაუთენია გადასცა ტელევიზიამ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის მიმართვა, რომლის სიტყვები პირველ კლასში ნასწავლი პირველი ლექსივით მახსოვს: „ჯარისკაცებო, ექიმებო, ჟურნალისტებო, მოგმართავთ ყველას ამ უმძიმეს წუთებში. სოხუმი საფრთხეშია. ყველანი სოხუმის გადასარჩენად!“ თუ ვინმესი არ მჯეროდა ამქვეყნად და, მით უფრო ჩემს ქვეყანაში, ეს ამ სიტყვების ავტორი იყო. მე უკვე რამდენჯერმე ვიყავი ნამყოფი ამ ომში და ვწერდი უამრავ შეცდომასა და დანაშაულზე, რომელსაც შევარდნაძის ხელისუფლება უშვებდა, ვიცოდი ყველა პოლიტიკური შეცდომა, რომლითაც ამ სიტყვების ავტორმა ქვეყანა ომამდე მიიყვანა, ვიცოდი სამხედრო–პოლიტიკურ წრეებში გაბატონებულ კორუფციაზე, რუსეთთან ურთიერთობაში არჩეულ ორმაგ სტანდარტზე, დათმობაზე, ღალატზე, მაგრამ დღესაც ზუსტად ვიცი, რომ სწორედ ამ მოწოდებამ გადამაწყვეტინა ნახევრად დაცემულ სოხუმში წასვლა. ჩემსავით ბევრი მოიქცა. აეროპორტში მისულებს, სოხუმში წასვლის იმდენი მსურველი დაგვხვდა, რამდენი თვითმფრინავიც უნდა დაემატებინათ, მათი მესამედიც ვერ წავიდოდა. აშკარა იყო, რომ სოხუმის დაკარგვის საფრთხე გვიან გააცნობიერა ხალხმა. სხვა მიმართულებიდან ხსნიდნენ თვითმფრინავებს და სოხუმში უშვებდნენ, მაგრამ ორ დღეში სოხუმის აეროპორტი დაიხურა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც თბილისიდან ჩასული თვითმფრინავი ააფეთქეს ბაბუშერაში. თვითმფრინავი ჯარისკაცებით იყო სავსე. ნაღმმა შუაში გადახსნა თვითმფრინავი. ჯარისკაცების უმეტესობა დაიწვა. მათ შორის ჩემი ნაცნობი ჯარისკაცებიც იყვნენ. სხვათა შორის, ამ რეისს მხოლოდ იმიტომ ვერ გავყევით, რომ იმ ჯარისკაცებმა გააპროტესტეს ჩვენი ასვლა, ვისთვისაც ადგილი აღარ იყო. სოხუმის დაცემის დღეებში სიკვდილს ასე გადავურჩით. 

მაგრამ სოხუმამდე ჩაღწევის სურვილი იმდენად დიდი იყო, სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობდი. მაშინ ჯერ კიდევ არ იყო გარკვეული, ბოლომდე ჩაკეტილი იყო თუ არა კოდორი, თუ კოდორის ხაზს გაარღვევდნენ ჩვენები, სამანქანო გზა სოხუმისკენ გაიხსნებოდა. ამ იმედით მე და შორენამ სენაკში ჩასვლა გადავწყვიტეთ. ეს დღე ზუსტად მახსოვს – 26 სექტემბერი იყო. 

სენაკი ზვიადისტი ჯარისკაცების ხელში იყო. მათთან ნაცნობობის წყალობით იმავე დღეს მოვახერხეთ ოჩამჩირისკენ წასვლა. სენაკი უკვე სავსე დაგვხვდა ოჩამჩირიდან და გალიდან დევნილებით. აკაკი ელიავამ და მისმა მოადგილემ, ამირან ბებიამ, ერთი ტრაქტორისტი იპოვეს, რომელმაც იმ დღეს ოჯახი გამოიყვანა ოჩამჩირიდან და ახლა ტრაქტორით უკან მიდიოდა სახლიდან ბარგის წამოსაღებად. მე და შორენა ტრაქტორის ძარაზე ავძვერით. სენაკის სოფლები იოლად გავიარეთ. გზაზე აქა–იქ გვხვდებოდნენ ბარგაკიდებული ადამიანები. გალის რაიონს რომ მივაღწიეთ, ტრაქტორით გავლა თითქმის შეუძლებელი გახდა. გზა სავსე იყო მანქანებით, ურმებით, ველოსიპედებით, ფეხით მოსიარულეებით. ბარგაკიდებული ხალხი რამდენიმე მწკრივად, ერთმანეთში არეული მოდიოდა გალიდან სენაკის მიმართულებით. „მოდიოდა“ პირობითი სიტყვაა, ისინი თითქმის გაუნძრევლად იდგნენ ამ გზაზე. იმდენი ხალხით იყო ჩახერგილი გზა, რომ მათი გადაადგილება შორიდან არც შეიმჩნეოდა. ჩვენმა ტრაქტორმა გზის სავალი ნაწილი დატოვა და ტყე–ტყე გააგრძელა სვლა. ეს ტრაქტორი ერთადერთი იყო, რომელიც ამდენი ხალხის საპირისპირო მიმართულებით მიდიოდა. გზაზე ჯარისკაცებსაც გადავეყარეთ. მთელი შენაერთი იყო. მათ წინ გადაღობებოდნენ სხვა ჯარისკაცები და უკან დახევის უფლებას არ აძლევდნენ. მძღოლს ტრაქტორი გავაჩერებინეთ. კიტოვანისა და ქობალიას ჯარისკაცები აღმოჩნდნენ. ზვიადისტები „სამთავრობოებს“ იარაღის ჩაბარებას სთხოვდნენ, დახვრეტით ემუქრებოდნენ, მოღალატეებს უწოდებდნენ. საქმეში ჩარევა ვცადეთ. თითქმის მათი შეჯახების ეპიცენტრში აღმოვჩნდით. კიტოვანის ჯარისკაცებს ბურთი ყელში ჰქონდათ გაჩრილი. ამბობდნენ, რომ აფხაზები თითქმის უკვე შემოსულები არიან ოჩამჩირეში, რომ ისინი მიატოვეს ოფიცრებმა, მეთაურებმა. დარჩენას აზრი აღარ ჰქონდა თითო ავტომატისა და თითო მჭიდის ამარა. ამიტომ წამოვიდნენ. ჯარისკაცებს ვერაფრით დავეხმარეთ. ზვიადისტებმა იარაღი აჰყარეს და ზუგდიდისკენ გაუყენეს გზას. 

ოჩამჩირეში საღამოს ჩავედით. ქალაქი ცარიელი იყო. რამდენიმე ჯარისკაცი ჯერ კიდევ დადოდა ქალაქში. რამდენიმე სახლსაც ის იყო ტოვებდნენ პატრონები. ჯარისკაცებმა გვითხრეს, რომ მათ რაციით მიიღეს უკანასკნელი შეტყობინება სოხუმიდან. ელაპარაკნენ პირადად ჟიული შარტავას, რომელმაც უთხრა, რომ აფხაზები და რუსები უკვე მინისტრთა საბჭოს შენობას უახლოვდებიან. შარტავა ოჩამჩირის ფრონტის ხელმძღვანელებთან ითხოვდა დალაპარაკებას. რიგითებმა აუხსნეს, რომ ხელმძღვანელობიდან ოჩამჩირის შტაბში აღარავინ იყო. შარტავამ მათ უთხრა, რომ ოჩამჩირიდან ელოდა გია ყარყარაშვილის მიერ კოდორზე გადაყვანილი მაშველების დახმარებას. ჯარისკაცებმა გვითხრეს, რომ ყარყარაშვილმა რამდენიმე ათეული ჯარისკაცი გადაიყვანა კოდორზე. მათ, რა თქმა უნდა, იმედი არ ჰქონდათ, რომ ასეთი მცირე ძალებით გია რამეს შეცვლიდა სოხუმში. თუმცა, გვითხრეს, რომ შარტავა გაამხნევეს და უთხრეს, ყარყარაშვილმა მთელი ბატალიონი გადმოიყვანაო. 
ჯარისკაცებმა ოჩამჩირის დატოვება გვიბრძანეს. აგვიხსნეს, რომ ისინი პატრულირებას ატარებდნენ ქალაქში, რათა ყველა მშვიდობიანი მოსახლე გაეფრთხილებინათ, რომ რამდენიმე საათში და შესაძლებელია უფრო ადრეც ოჩამჩირეში რუსები და აფხაზები შემოვიდოდნენ. ჯარისკაცების ბრძანებას დავემორჩილეთ. უკვე უბრძოლველად დათმობილ ოჩამჩირეში სულ ერთი საათი დავყავით. ვნახეთ რამდენიმე ოჯახი, რომლებიც სახლებს ტოვებდნენ. ეს იყო შემზარავი სურათი. ასეთი რამ აქამდე წაკითხულიც არ მქონდა არსად. სახლის პატრონები წამოსვლის წინ სახლებს წვავდნენ. ოჯახის ყველა წევრი სახლთან იდგა საწვავში დასველებული და გრძელ ჯოხებზე დახვეული ჩვრებით. სახლებსა და სამზადებს ბენზინს ასხამდნენ. შემდეგ ჩვრებდახვეულ ჯოხებს ისროდნენ სახლებისკენ. უკან მოუხედავად მოდიოდნენ. რა თქმა უნდა, სახლი ყველა ოჩამჩირელს არ დაუწვავს. ჩვენი თანდასწრებით ასე მოიქცა ორი ოჯახი. ჯარისკაცები ცდილობდნენ, გადაეფიქრებინათ მათთვის ამ სასტიკი რიტუალის შესრულება, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. 

ოჩამჩირიდან გამოსულები ჩვენც მთელი დღე–ნახევრის განმავლობაში მოვდიოდით ჯერ გალისკენ და შემდეგ სენაკისკენ. სენაკში ჩასულ დევნილებს ღამის გათევა პირდაპირ ღია ცის ქვეშ უწევდათ. როდის–როდის ადიოდნენ მატარებელში და თბილისისკენ მოემართებოდნენ. სამუდამოდ თავინთი აფხაზეთიდან.