რუსეთის მსო-ში გაწევრიანებაზე დასათანხმებლად თბილისზე ზეწოლა იზრდება

რუსეთის მსო-ში გაწევრიანებაზე დასათანხმებლად თბილისზე ზეწოლა იზრდება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ქართულ მხარეს მოუწოდებს, რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკების მორიგ რაუნდზე შეუთანხმებელი საკითხების გადაწყვეტის კუთხით პროგრესის მიაღწიოს.

იმ ფონზე, როდესაც რუსეთმა ევროკავშირთან საავტომობილო სექტორში ინვესტიციების დარეგულირების პროექტზე კონსესუსს მიაღწია და კიდევ უფრო დაუახლოვდა მსო-ში გაწევრიანების პერსპექტივას (ამასთან, ყველა გათვლებით გაწევრიანების პროცესი მიმდინარე წლის ბოლოს უნდა დასრულდეს), ექსპერტები ვარაუდობენ, რომ საქართველო ადრე თუ გვიან იძულებული გახდება, რომ გარკვეული ტიპის დათმობებზე წავიდეს და რომ ხისტი პოლიტიკის დრო დამთავრდა.

კლინტონმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან 26 სექტემბერს გამართულ შეხვედრისას მას ურჩია, რომ უახლოეს პერიოდში რუსეთთან შვეიცარიის შუამავლობით იმ პრობლემების გადაწყვეტას შეეცადოს, რომელიც რუსეთის მსო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არსებობს.

შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კლინტონისა და ვაშაძის 25-წუთიანი შეხვედრიდან საუბრის დიდი ნაწილი სწორედ რუსეთის მსო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემების გადაწყვეტაში შვეიცარიის ძალისხმევას მიეძღვნა.

"როგორც გასულ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან შეხვედრაზე, სახელმწიფო მდივანმა მოუწოდა საგარეო საქმეთა მინისტრ ვაშაძეს, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ შვეიცარიის შუამავლობა და შეეცადონ მიაღწიონ პროგრესს, რათა აღმოიფხვრას ყველა სახის უთანხმოება დელეგაციებს შორის 1,5 კვირაში დაგეგმილი შეხვედრის დროს," - ნათქვამია დეპარტამენტის გავრცელებულ განცხადებაში.

ქართული მხარე რომ რუსეთის გაწევრიანებაზე თანხმობას გამოთქვამს, ეს პოზიცია დიდი ხანია ცნობილია და კიდევ ერთხელ რამდენიმე დღის წინ საქართველოს ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ ტელეკომპანია "სიენენის" პირდაპირ ეთერშიც დაადასტურა.

ბარამიძის თქმით, თუკი რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ის ორგანიზაციის წევრი გახდება და საქართველო ამ საკითხის პოლიტიზებას არ გეგმავს.

როგორც ცნობილია რუსეთის მსო-ში გაწევრიანებისათვის საქართველოს თანხმობა აუცილებელია. ქართული მხარე კი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სასაზღვრო გამშვებ პუნქტების ლეგალიზებას ითხოვს. თავდაპირველად თბილისი ამ პუნქტებზე ქართველი, ხოლო შემდეგ კი საერთაშორისო დამკვირვებლების განთავსებას ითხოვდა, თუმცა რუსეთი ამას არ თანხმდება.

მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოში მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პასკალ ლამი აცხადებდა, რომ საქართველოსა და რუსეთს პირველად გაუჩნდათ შანსი პრობლემა მოაგვარონ და პირველად გახდა შესაძლებელი გარკვეული შეთანხმების მიღწევა რუსეთის მსო-ში გაწევრიანების თაობაზე, მოგვიანებით ეს ოპტიმიზმი ქართულმა მხარემ ეჭვის ქვეშ დააყენა.

კერძოდ, სექტემბრის დასაწყისში შვეიცარიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ მომზადებულ სპეციალურ წერილში, რომელიც მსო-ს გაეგზავნა, ელჩმა განაცხადა, რომ მოსკოვი არ მოდის არავითარ დათმობაზე და არ თანხმდება თბილისის მიერ დასმულ არც ერთ საკვანძო პირობას, უფრო მეტიც რუსეთი ახდენს პროცესის პოლიტიზირებას, მაშინ როდესაც საქართველო დიალოგისათვის მზადაა. სექტემბერში გამართული მოლაპარაკების მორიგი რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა. ქართული მხარე აცხადებს, რომ ფუნდამენტური საკითხები კვლავ შეუთანხმებელი რჩება, მაგრამ მხარეები საბაჟო სამსახურების დონეზე უკვე განიხილავენ შვეიცარიული მხარის მიერ წარმოდგენილ გეგმას, რომელიც გულისხმობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არსებულ საბაჟო პუნქტებზე საერთაშორისო მონიტორების განლაგებას, მაგრამ პროგრესი მაინც არ შეიმჩნევა.

არადა, საკითხის დადებითად გადაწყვეტასთან დაკავშირებით პროგნოზები მას შემდეგ გაკეთდა, რაც რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის მიაწოდოს საქართველოს ინფორმაცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე ტვირთების გადაადგილების შესახებ და რომ ეს საკითხი მან შვეიცარიის პრეზიდენტთან უკვე შეათანხმა და ასევე განიხილა პრეზიდენტ ობამასთან.

რუსეთი, გასულ პარასკევს, კიდევ უფრო დაუახლოვდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების პერსპექტივას, რადგან ევროკავშირთან შეთანხმების პროექტს მიაღწია, რომელიც რუსეთის სწრაფად განვითარებად საავტომობილო სექტორში ინვესტიციებს არეგულირებს.

"როიტერზის" ცნობით, ევროკავშირის წყაროებმა დაადასტურეს, რომ უკვე შედგა შეთანხმების პროექტი და ახლა ევროკავშირის წარმომადგენლები წინადადებას ბლოკის 27 წევრ სახელმწიფოს წარუდგენენ, რომლებმაც უნდა მოიწონონ რუსეთის ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება.

თავისთავად ის ფაქტი, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, "დიდი ოცეული", მსოფლიო ბანკი და შეერთებული შტატები მხარს უჭერენ რუსეთის მსო-ში გაწევრიანებას მიმდინარე წლის ბოლომდე, ამასთან ევროკავშირის თანხმობა კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოზე ზეწოლას.

ექსპერტი დავით ნარმანია ამბობს, რომ კლინტონის მსგავსი განცხადება მოსალოდნელი იყო და საქართველო ადრე თუ გვიან იძულებული გახდება, რომ გარკვეული ტიპის დათმობებზე წავიდეს.

"ეს უფრო არის რჩევა, რომ ამ ეტაპზე ასე სჯობს და საქართველომ დაახლოების პოლიტიკა უნდა აწარმოოს. ხისტი პოლიტიკის დრო ცოტა უფრო ადრე იყო, როდესაც ეს საკითხი გააქტიურდა. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ რუსეთმა ფარულად დაიწყო მოლაპარაკებები და აქტივობები გაწევრიანებასთან დაკავშირებით. საქართველომ ან არ იცოდა, ან თუ იცოდა არ უნდა გაჩუმებულიყო," - ამბობს ნარმანია.

მისი თქმით, საქართველომ იმ პარტნიორებთან ერთად, რომლებიც დაინტერესებული არიან, რომ რუსეთი გახდეს მსო-ს წევრი, უნდა აწარმოოს მოლაპარაკებები და პარტნიორთა შუამავლობით მიაღწიოს გარკვეულ შეთანხმებას, როგორიცაა პროდუქციის ექსპორტზე შეზღუდვების მოხსნა, საზღვრის კონტროლთან დაკავშირებული პრობლემის როგორმე გადაწყვეტა.