დღეს ანქვაბის ინაუგურაციას დაესწრო ერთადერთი ოფიციალური საზღვარგარეთელი სტუმარი, რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერი ვალენტინა მატვიენკო. ამ ინფორმაციას ავრცელებს „იტარტასი“ რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის აპარტზე დაყრდნობით. რუსეთის მესამე პირად სანკტ–პეტერბურგის ყოფილი გუბერნატორის არჩევას ლობირებას უწევდა პირადად რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი. ამდენად, მატვიენკო პირადად წარმოადგენდა რუსეთის პრეზიდენტს სოხუმში დღეს გამართულ ინაუგურაციაზე.
ადგილობრივებიდან ზეიმს ესწრებოდნენ ე.წ. აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატები და ადგილობრივი უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე რომან მუშბა. აფხაზური პრესა ირწმუნება, რომ საზღვარგარეთელი სტუმრების დაუსწრებლობა გამოწვეული იყო სურვილით – რაც შეიძლება უბრალო და დღესასწაულის ელემენტებს მოკლებული ყოფილიყო გარდაცვლილი ბაღაფშის შემცვლელის პრეზიდენტად კურთხევა. თუმცა ცნობილია, რომ სოხუმის დეფაქტო ხელისუფლებამ არაერთ ქვეყანაში გაგზავნა ოფიციალური მოწვევები. მოწვევას არ გამოხმაურებიან თვით ის წვრილ–წვრილი სახელმწიფოები, რომლებმაც რუსეთთან გარიგების შედეგად ცნეს აფხაზეთის დამოუკიდებლობა.
ამის გამოა, რომ დღეს აფხაზურ პრესას საკმაოდ მინორული განწყობა აქვს. ქვეყნდება მხოლოდ მშრალი ინფორმაციები. ინაუგურაციის ცერემონია გახსნა დეფაქტო პარლამენტის სპიკერმა ნუგზარ აშუბამ. პრესა იმასაც წერს, რომ ანქვაბმა „ფიცი დადო მთელი მრავალეროვანი აფხაზეთის წინაშე.“ თუმცა ყველამ იცის, როგორ გამოიხატება აფხაზეთში სხვა ერებისადმი პატივისცემა: ქართველების გენოციდი, რომელსაც წლების განმავლობაში ჰქონდა ადგილი აფხაზეთში, ვერ გადაიფარება ასეთი ფორმალური რევერანსებით. აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების დამოკიდებულებას სხვა ერების მიმართ ცხადყოფს ის ფაქტი, რომ არც ერთ პასუხისმგებელ პოსტზე სახელმწიფო თუ კერძო სექტორში არ მუშაობს არავინ აფხაზებისა და რამდენიმე რუსის გარდა.
ზედმეტია საუბარი იმაზე, რომ ეროვნებით ქართველს ჰქონდეს იქ შექმნილი სრულყოფილი და სხვებთან გათანაბრებული საზოგადოებრივი მდგომარეობა. ერების მიმართ დამოკიდებულებას ცხადყოფს ის ფაქტიც, რომ ქართველებით კომპაქტურად დასახლებულ გალის რაიონში დაიხურა ყველა ქართული სკოლა, არ არსებობს ქართულენოვანი პრესა. სამაგიეროდ, არსებობს ხელოვნურად შექმნილი ე.წ. მეგრულენოვანი პრესა, რისი არსებობაც კიდევ ერთხელ ადასტურებს აფხაზების ნეგატიურ და მავნებლურ დამოკიდებულებას ქართველებისა და ქართული ენის მიმართ.
ასე რომ, ანქვაბის ფიცზე შეიძლება მხოლოდ გაიღიმო. ეს ის შემთხვევაა, რასაც კარგად მიესადაგება ანდაზა: „ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს“. ანქვაბის ფიცს, რომ ის „თავის ცოდნასა და ძალისხმევას არ დაიშურებს“ აფხაზეთში მცხოვრები ყველა ეროვნების კეთილდღეობისთვის, იგივე ძალა აქვს, როგორიც შაჰების ქართველებისთვის მიცემულ ფიცს ჰქონდა საუკუნეების წინ, როცა ეს უკანასკნელები მაჰმადის წვერს იფიცებდნენ, რომ ქართველებს ვნებას არ მოუტანდნენ.
რაც შეეხება დღევანდელი ინაუგურაციის სხვა დეტალებს, აფხაზური მედიის ინფორმაციით, ასე გამოიყურება: ანქვაბს ოფიციალურად გადასცეს პრეზიდენტის ხელისუფლების სიმბოლოები: ბეჭედი, რომელზეც გამოსახულია სახელმწიფო გერბი და წარწერა: აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი.
იყო ცერემონიის სხვა წუთებიც: რუსეთის სახელით მილოცვა ერთადერთი ოფიციალური საზღვარგარეთელი სტუმრისგან. რუს სტუმარს არ ჩამორჩა აფხაზეთში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ელჩი რობერტ კოკოითი. დასასრულს სიტყვა წარმოთქვა ანქვაბმა. აფხაზური მედიის ინფორმაციით, დღესვე შეუდგება მოვალეობის შესრულებას ვიცეპრეზიდენტი მიხეილ ლოგუა, რომელმაც არჩევნები მოიგო ანქვაბთან ერთად.