კახა შარტავა:

კახა შარტავა: "ჩემთვის უკეთეს და უფრო ნათელ ადგილს ვერ ვხედავ, ვიდრე ჟიული შარტავას ჩრდილია და ეს ყველაფერი 27 სექტემბრიდან არ დაწყებულა"


რა ახალ შეთავაზებას უკეთებენ "ფორუმელები" ხალხსა და პარტიებს და რამდენ ადამიანს ელის მარშზე კახა შარტავა  

"მოდით, ერთად ვილოცოთ", "სანთლებით ხელში, რამდენიც ვიქნებით, გავივლით სიმბოლურ მარშრუტს რესპუბლიკის მოედნიდან სამებამდე", "საღამოს 7-ის ნახევარზე ერთად დავესწრებით საქართველოს სადიდებელ პარაკლისს", "ყველანი თვალს ვუსწორებთ ერთმანეთს და ვამბობთ, რომ საარჩევნო გარემო არ იცვლება, თან ამ ცვლილებისთვის თითი არ გაგვინძრევია", - ეს კახაბერ შარტავაა, "ეროვნული ფორუმის" თავმჯდომარე, რომელმაც რამდენიმე კვირაა, რაც ამ თემებზე საუბარი გუბაზ სანიკიძეს გადაულოცა. რა გახდა ამის მიზეზი, მარშის შემდეგ რა კონკრეტულ შეთავაზებას წამოაყენებს "ფორუმი" "ექვსიანის" ფორმატში და რამდენ ადამიანს ელოდება პარტია 27 სექტემბერს? - ამ თემებზე კახაბერ შარტავა "ქართულ მარშამდე" "ვერსიას" ესაუბრა.  

- 27 სექტემბერი უცნაური დამთხვევების თარიღია. ეს, ერთი მხრივ, სოხუმის დაცემის, საქართველოს დაქუცმაცების დაწყების დღეა, ამავე დროს, ბოლო დღე, როცა ქვეყანა ჯერ კიდევ მთლიანი იყო. არის ჯვართამაღლებაც - დამარცხების, შეცდომების, ტრაგედიების გააზრება და გამარჯვებამდე სვლის დაწყება. თუმცა ამას განწყობა და შინაგანი მარშის შემუშავება სჭირდება. შეიძლება, პატარა მსვლელობა, დროთა განმავლობაში, საერთო-ეროვნულ მარშადაც გადაიქცეს. თუ ასეთი განწყობის შექმნას შევძლებთ, მაშინ 27 სექტემბერი აღარ იქნება თარიღი, რომელსაც გათითოკაცებული, ჩუმად, თავდახრილი და უხერხულობის შეგრძნებით ვხვდებით-ხოლმე. მით უმეტეს, როცა კარგად ვხედავთ, როგორ ტარდება 9 აპრილი, როგორ იქცა 26 მაისი დაპირისპირების აღლუმად, აღარც 6 მაისი გვაქვს, აღარც - 23 ნოემბერი. 27 სექტემბერი კი ამ პერიპეტიებისგან თავისუფალია. თან, ცხადია, ხელისუფლება ფიქრობს, რომ კავშირში არაა ამ თარიღთან და პასუხს არაფერზე აგებს, რადგან მაშინ სათავეში არ იყო. მოდით, 27 სექტემბერს უფრო ადამიანური, ეროვნული შინაარსი დავუტოვოთ, ზედმეტი პოლიტიზირების გარეშე.

- თარიღს არ აპოლიტიკურებთ, მაგრამ საუბარი მაინც ფორუმის ძალების გატესტვაზეა? 

- ყველაფერი ერთად არის და ფორუმს თავის თავზე წარმოდგენის შექმნა ასეთი ტიპის დათვალიერებებით არ სჭირდება!  

- რატომ? განვლილი ორი წელი, თუნდაც ათვლა 4 ნოემბრიდან რომ დავიწყოთ, ფორუმისთვის წარუმატებელი არ იყო? ამას ე.წ. საახალწო ხუმრობა მოჰყვა, პარტია იშლებაო, საუბრები ფორუმის ლიდერებს შორის განხეთქილებაზე და ა.შ. ახლა ამ თარიღით გინდათ, პირობითად, დაცემიდან ამაღლებამდე გადადგათ ნაბიჯი?

- სასურველია, ასე მოხდეს. მოხდება თუ არა, ამას საზოგადოების დამოკიდებულება აჩვენებს. ახლა ხალხს შინაგანი პასიურობის ხანა აქვს, რამაც, შესაძლოა, ცოტა ხანში, დანებება გამოიწვიოს. თუ ადამიანმა ჩათვალა, რომ მსხვერპლია და ხიფათისგან მუდმივი გაქცევით დაიღალა, თავს მოიმკვდარუნებს, იქნებ, მტაცებელმა თავი დამანებოსო. აი, სწორედ ამ სტადიაში არ უნდა გადავიდეთ, რასაც ხშირად ნიჰილიზმს თუ უიმედობას არქმევენ-ხოლმე. ჩათვალეთ, რომ 27 სექტემბერი რაღაც გამამხნევებლის მოძებნის მცდელობაა. 

- "ქართველთა მარშით" ჩვენს გამხნევებას აპირებთ? 

- ტერმინებზე ნუ გამომეკიდებით. თუ ამას ვიღაც გამხნევებად აღიქვამს, ასე იყოს, ვიღაცას განწყობას შესძენს, ვიღაცისთვის - უბრალოდ, სიმბოლო იქნება.  

- ოღონდ, არა თქვენი წინასაარჩევნო კამპანია? 

- ბუნებრივია, რადგან კამპანიისთვის ასეთი ტიპის აქცია ნაკლებად გამოდგება. მას ზედმეტი პრაგმატიზმი ფასს დაუკარგავს. თან საუბარი მხოლოდ ერთ დღეზეა, რომელშიც რაღაც პოლიტიკური შინაარსის ჩადება, არაპროდუქტიული მგონია. მეორე დღემ შეიძლება საწინააღმდეგო შედეგი მოგვიტანოს, ასე რომ, ამაზე ზედმეტ პოლიტიკურ გათვლებს არ ვაკეთებთ. 

- იდეა თქვენია, სახელი თქვენია, პირობები თქვენია - არავითარი დროშები და პარტიული გამოსვლები. ისიც თქვენი მოფიქრებულია, 6-იანში არაფერი გეთქვათ და კოლეგები ამით გაგენაწყენებინათ? 

- იმით დავიწყოთ, რომ ეს პირობები კი არა, ჩვენი დამოკიდებულების ხაზგასმაა. პარტნიორების პასუხით კი გულნაკლული არ დავრჩენილვარ. ეს პოლიტიკური ინიციატივა არ ყოფილა, შესაბამისად, არანაირი პოლიტიკური კონსულტაცია და ვინმეს გაფრთხილება ამ საქმეს არ სჭირდება. წინააღმდეგი ვარ პოლიტიკური შამანიზმის, როცა ზოგიერთები ცარცის წრეს შემოიხაზავენ გარშემო და გაიძახიან, ვინც აქ არ დადგება, მტერია, მოღალატე და საქართველო არ უყვარსო. ჩვენს შემთხვევაში, ეს საფრთხე არ იქნება.  

- სანიკიძემ უკვე მოასწრო რაღაც მსგავსის თქმა და ვერაფრით ისწავლა საკუთარ შეცდომებზე, ხალხს ყველაფერში ბრალი არ დასდოს და არც ვალი დაადოს. რატომ გაკეთდა რადიკალური შეფასება, ვინც მარშზე არ გამოვა, არაეროვნული, ქართველი ერი კი, ერი აღარ იქნებაო?  

- ასეთ რამეს გუბაზი არ და ვერ იტყოდა! იგი რადიკალური კი არა, ომახიანია. ამ მარშით არც ის მოწმდება, ვინაა ქართველი და ვინ - არა. უბრალოდ, ჩვენი ქართველობის გამოხატვა ხალხს ამ ფორმით შევთავაზეთ. ვისთვისაც ეს მისაღებია, გამოვა კიდეც.

- ამაზე თავიდანვე კახა შარტავამ, პარტიის თავმჯდომარემ, რომლის სახელი პირდაპირ დაანონსებულ დღესთან ასოცირდება, რატომ არ ისაუბრა?

- კახა შარტავა ამ დროს სხვა საკითხებზე მუშაობდა. სწორედ იმიტომ, რომ ჩემთვის ეს დღე პირადულია, იდეა გუბაზმა გაახმოვანა. ისედაც, არაა საჭირო, ყველა საკითხზე პარტიის თავმჯდომარე გამოდიოდეს. გუბაზს რაც შეეხება, ჭარბი სიყვარული და გულწრფელობა, ხანდახან, გარეშე თვალისთვის მართლაც ტოვებს რაღაც უხეშობის ელფერს.  

- და თუ ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც მას უნდა, ჭარბი სიყვარულით "შეშინებულებს" ხომ არ დაგვიძახებს?  

- არა, რა თქმა უნდა! მოდით, ერთად ვილოცოთ და ასე გამოვხატოთ ჩვენი თავისუფალი ნება. ეს არც საგანგებო მოწოდებაა და არც პოლიტიკური მიმართვა. ესეც თავიდანვე დაგეგმილი იყო, როგორც სიმბოლური მარშრუტი. რესპუბლიკის მოედანი იმიტომ შეირჩა, რომ იგი თავადაა ერთგვარი დაცემის სიმბოლო. იქ აღარც "ივერიაა" და აღარც - დავით აღმაშენებელი. სამება კი ამაღლების, სულიერების გზაა. ტაძარში ადგილობრივი მღვდელმსახურები იქნებიან და ზუსტად 7-ის ნახევარზე, საგანგებოდ ამ მარშისთვის, ჩვენთან ერთად, საქართველოს სადიდებელ პარაკლისს გადაიხდიან. ეს არა ბრაზითა და ბოღმით, არამედ სიყვარულით გაკეთდება, თუ ასეთი კიდევ შეგვრჩა. 

-----------------------------------------------------------------
არავის ვებრძვით და ვეომებით. ამავე დროს, ეს ყველაზე სერიოზული ომია, რომლის გამოხატვის ფორმა მიტინგური კიჟინისგან განსხვავდება. არავის ყვირილი და დაშინება არ გვჭირდება. 93 წლის 27 სექტემბერსაც სულ 27 კაცი იდგა მოედანზე და თავიანთი იქ დგომით, ომის ბედზე გავლენა არ მოუხდენიათ, უბრალოდ, დაადასტურეს, რომ დიახ, სოხუმი საქართველოა და ისინი ქართველები არიან
---------------------------------------------------------------------------------------

ასე რომ, ასეთ დადასტურებებს არც ხალხის განსაკუთრებული რაოდენობა სჭირდება. 

- თავს იზღვევთ, იმ შემთხვევისთვის, თუ ცოტა ხალხი გამოვა? 

- არა, ჩემი დამოკიდებულებაა ასეთი. მე და გუბაზი იქ ვიქნებით, "ფორუმელებიც". დანარჩენს ხალხი გადაწყვეტს. 

- ფორუმელი რამდენი იქნება და საერთოდ, როგორ ემზადებით ამ დღისთვის? 

- ბუნებრივია, პარტიული აქტივი მობილიზაციის რეჟიმშია. მარშში რამდენიმე ათასი ფორუმელი მიიღებს მონაწილეობას, ზუსტი მონაცემები კი ჯერ არ მაქვს. რაც შეეხება რეგიონებს, ვისაც სურვილი და შესაძლებლობა აქვს, ჩამოვა და შემოგვიერთდება. რეგიონული ოფისები რამეში რომ დაავალდებულო, მათი ჩამოყვანაც უნდა უზრუნველყო.

- იმის ფინანსები არ გაქვთ, აქტივი რეგიონებიდან ჩამოიყვანოთ? და ამავე დროს, მიმტკიცებთ, რომ ამ თარიღს რაღაცის ახლიდან დაწყების ამბიცია აქვს? ეს სერიოზულია?

- ესაა რეალობა! პარტიას არ აქვს იმის შესაძლებლობა, ადამიანები რეგიონებიდან საგანგებოდ ჩამოიყვანოს. 27 სექტემბერს ფორუმი, ფაქტობრივად, არანაირ ფინანსურ ხარჯს არ გაწევს. თან აქ ისეთი საორგანიზაციოც არაფერია. ყველაფერი ისე იქნება, როგორც გამოვა, თავისით, შიშველი ხელებით, სანთლებითა და ენთუზიაზმით. ნებისმიერი შემადგენლობით ამ მარშრუტს მაინც გავივლით.  

- რამდენიც უნდა იმეოროთ, რომ ეს თქვენი მარში არაა, თუ ის წარმატებით ჩაივლის, იტყვიან, ფორუმმა ხალხი ისევ გამოიყვანაო, თუ არადა, აქცია ჩავარდნილად გამოცხადდება. რამდენად უკავშირდება თქვენი მომავალი გეგმები ამ დღეს და მისგან რა შედეგს ელოდებით?  

- ამ წუთას ჩვენი გეგმები მარშის მერე არაფერსაც არ უკავშირდება. გვაქვს რაღაც სქემები, მაგრამ ეს 27 სექტემბერზე აწყობილი არ არის. არც ვაპირებ, ვინმეს რამეში დაჯერებას, თუ არადა, მაშინ რისთვის ვიბრძვით საერთოდ?!  

- თქვენ საარსებო გარემოსთვის ბრძოლასაც შეგვპირდით, თუმცა რატომღაც, ამ პირობას არ ასრულებთ. 

- სად ჩანს ეს? საარჩევნო გარემოს შეცვლა შესაძლებელია სამოქალაქო სექტორის ჩართვით, ან უნდა დავასკვნათ, რომ ხელისუფლება, არც ერთ შემთხვევაში, ამ ცვლილებებზე არ მოდის. ამ რეალობაში როგორ უნდა ვიმოქმედოთ, ამის თაობაზე ცალკე შეთანხმებაა საჭირო, რაც "ექვსიანის" კი არა, მთელი პოლიტიკურ-საზოგადოებრივი სპექტრის შეჯერების შედეგი უნდა იყოს. ესაა მოსაგვარებელი, თუ არადა, მერე რეალობა აღარ შეიცვლება. 

- მაშინ რეალობას თვალი ახლავე გავუსწოროთ. ბიომეტრია დამთავრებულია, ვენეციის კომისიაში ცვლილებების ოპოზიციასთან შეუთანხმებელი ვარიანტი - გაგზავნილი, ვიდეოთვალი და მარკირება უქმდება. ამის მიუხედავად, გაქვთ ილუზია, რომ ეს განსხვავებული არჩევნები იქნება? თან თუ 6-იანი ასეთ პასიურ რეჟიმში დარჩა. 

- ახლა ილუზიებისთვის მართლა არ გვცალია. ან ყველანი თვალს ვუსწორებთ ერთმანეთს და ვამბობთ, რომ საარჩევნო გარემო არ იცვლება, თან ამ ცვლილებისთვის თითი არ გაგვინძრევია, ან ვთანხმდებით, ღირს თუ არა ეს საკითხი ზეწოლად. ოღონდ, ამას ექვსეული, შვიდეული და ათეული კი არა, გაცილებით დიდი მასშტაბი და კონსოლიდაცია სჭირდება. თუ არადა, რას ვშვრებით, ერთი წლის შემდეგ, მორიგ გაყალბებულ არჩევნებს ველოდებით?! დიახ, ეს კითხვები მეც მაქვს და მინდა, ამას ხალხმა და პარტიებმა ერთად ვუპასუხოთ. ამის გარკვევას ფართო სპექტრის, მინიმუმ, ერთი შეკრება მაინც სჭირდება. ხალხსაც ექნება ჩამოყალიბების საშუალება და თუ მას ეს არ სურს, მაშინ საარსებო გარემოც უკან მოგვრჩება და საარჩევნოც. იმის თქმა, ახლა ბრძოლა შევწყვიტოთ და არჩევნების შემდეგ, ოქტომბერში დავამარცხებთ ხელისუფლებასო, სწორედაც ილუზია მგონია. არ მინდა, ამ ილუზიაში ჩავრჩეთ, თან დროც არაა ბევრი. იქნებ, 27 სექტემბერმა ამის სურვილი გააჩინოს.

- აი, თქვენი კიდევ ერთი შემოთავაზება იკვეთება. იქნებით ასეთი საყოველთაო შეკრების ინიციატორი და როდის? 

- სწორედ ამაში ვხედავ პოლიტიკური ექვსეულის ფუნქციას. ის უნდა იყოს ინიციატორიცა და შემთავაზებელიც. ამაზე მსჯელობა უკვე მიდის და ვთანხმდებით, რომ აუცილებელია ფართო სპექტრის ჩაბმა საარჩევნო ბრძოლის საქმეში. იცით, რაღაც ეტაპზე, შესაძლოა, საკმარისიც იყო "ექვსიანის" მუშაობა. მაგრამ პროცესი ბოლომდე მაშინ მივა, თუ ამაში ყველა ჩაერთვება. გახმოვანების დროდ, ცხადია, სექტემბერი აჯობებდა, თუ არადა, მაქსიმუმ - ოქტომბერი. ნოემბერში კი მოქმედებათა რაღაც ნაწილი მაინც უნდა დასრულდეს და ახალი ეტაპი დაიწყოს. ახლა მხოლოდ ამით ვართ დაკავებულნი, ესაა ფორუმის მუშაობის ძირითადი მიმართულება და დამოუკიდებელ, პარტიულ გეგმებზე ორიენტირებულნი არ ვართ.

- ხედავთ, რა ძნელია, როცა სპიკერისა და თავმჯდომარის განცხადებები სხვადასხვაგვარად ჟღერს. ახლა ყველა ფიქრობს, რომ ფორუმმა დამოუკიდებელი მოქმედებები დააანონსა.  

- რაღაც გეგმები არსებობს, მაგრამ ახლა მათ რეალიზებაზე არ ვმუშაობთ. ფანტაზიები და ჰალუცინაციები ფორუმთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ბევრი იქნება. ჩვენი პასიურობაც, აქტიურობაც, მოქმედებაცა და უმოქმედობაც ხშირად იწვევს-ხოლმე ამგვარ რეაქციებს.  

- ბატონო კახა, იქნებ ვცდები და შემახსენეთ, შარშან ან თუნდაც შარშანწინ, რატომ არ აღნიშნეთ 27 სექტემბერი და წელს რატომაა ყველაფერი ასეთი პომპეზური. ეს არჩევნებს უკავშირდება?  

- არ ცდებით, ასეთი ტიპის დამოუკიდებელი შეთავაზება ფორუმს ხალხისთვის არ ჰქონია. ალბათ, ამასაც რაღაც ეტაპის გავლა, უფლების მოპოვება სჭირდება. ამავე დროს, მოვლენთა განვითარებამაც ხელი უნდა შეგვიწყოს. 

- რა, აუცილებელი იყო ეს სისხლიანი თარიღები გამოგვევლო და მთავრობას ყველა დღესასწაულზე ხალხი ერბია, ეს ღონისძიება რომ მიგვეღო? 

- იცით, ალბათ, აუცილებელი იყო. 

- რადგან დღეს განსხვავებულ თემებზე ვსაუბრობთ, აქვე გკითხავთ, როცა ადამიანს თქვენნაირი მამა ჰყავს, ძალიან ძნელია ისე იცხოვრო, ბოლომდე მის ჩრდილში არ დარჩე, არ გაკეთდეს მუდმივი შედარებები ყველა ნაბიჯზე, რომ არავინ წამოგაძახოს თუნდაც უმნიშვნელო შეცდომაზე, ჟიულის შვილს ეს არ ეკადრებაო. ასე ცხოვრება თქვენთვის ძნელი არ არის?  

--------------------------------------------------------------------------------------
- ეს შესანიშნავია! ჩემთვის უკეთეს და უფრო ნათელ ადგილს ვერ ვხედავ, ვიდრე ჟიული შარტავას ჩრდილია. ამას ბავშვობიდან მიჩვეული ვარ და ეს ყველაფერი 27 სექტემბრიდან არ დაწყებულა. ეს კარგად მაქვს გაცნობიერებული. ამბობენ-ხოლმე, დიდი ადამიანების შვილებზე ბუნება ისვენებსო და, ეტყობა, ჩემზეც კარგად დაისვენა ბუნებამ. როგორც ჩანს, ბუნების კანონია ასეთი. როცა საკუთარ თავთან მარტო ვრჩები, ამაზე მაშინაც არ ვფიქრობ. ეს ჩვეულებრივი, ვიწრო ეგოდან დანახული რეალობა იქნება, მე კი ასეთი პრობლემები ნაკლებად მაწუხებს.