ეკა ბასილაია, "რეზონანსი"
საინგილოს ქართულ სკოლებში საქართველოდან შეტანილი ქართულენოვანი სახელმძღვანელოებით სწავლება აკრძალულია. უფრო მეტიც, კვირას საზღვრის გადაკვეთისას საინგილოელ მასწავლებელს სახელმძღვანელოები ჩამოართვეს, გუშინ კი სკოლებში ჩხრეკაც ჩატარდა და აზერბაიჯანელმა სამართალდამცავებმა 200-ზე მეტი ქართული სასწავლო წიგნი ამოიღეს.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, კვირას, ლაგოდეხთან, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, ზაქათალის რაიონის სოფელი ალიაბადის პირველი საშუალო სკოლის ქართული სექტორის დაწყებითი კლასების მასწავლებელს, ელინათა საფაროვას აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ქართული სახელმძღვანელოები ჩამოართვეს.
საფაროვას მესაზღვრეებმა მე-2 კლასის ქართული სახელმძღვანელოები, მათემატიკის სახელმძღვანელოს 54 ეგზემპლარი და ქართული სამუშაო რვეულები წაართვეს. მისივე თქმით, აღნიშნული ქმედება მიმართულია ქართული სექტორების დახურვისკენ იმ საბაბით, რომ ქართულ ენაზე სახელმძღვანელოები არ არსებობს.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი გელა მთივლიშვილი აცხადებს, საზღვარზე წიგნების ჩამორთმევას კახის და ზაქათალის ქართული სექტორის სკოლებში ჩხრეკაც მოჰყვა, სკოლის დირექტორები უშიშროების განყოფილებაში წაიყვანეს და თათბირი ჩაუტარეს, რომ "მსგავსი რამ არ განმეორდეს".
გელა მთივლიშვილი: "ამ თემაზე ხმამაღლა არავინ საუბრობს, სკოლის დირექტორები და მასწავლებლები ამ თემაზე ლაპარაკს უფრთხიან. ეს ინფორმაციაც საინგილოში მყოფ ჩვენ კორესპონდენტს პირად საუბრებში უთხრეს, თორემ ტელეფონით ამ თემაზე ჩვენც არ გვესაუბრებიან. მშობლები ამბობენ, რომ დღევანდელი ფაქტი არ არის პირველი."
"ჩხრეკა სკოლებში დილის 11:00 საათზე დაიწყო. სკოლის დირექტორების თანდასწრებით საკლასო ოთახებში ჩამოიარეს და ქართული წიგნები ჩანთებიდან ამოიღეს. ჩხრეკის შემდეგ სკოლის დირექტორები უშიშროების განყოფილებაში დაიბარეს," - იუწყება კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტი საინგილოდან.
ამავე ცნობის მიხედვით, აზერბაიჯანელი სამართალდამცავების მიერ ბავშვებისთვის ქართული სახელმძღვანელოების ჩამორთმევას მოსწავლეების მშობლებიც ადასტურებენ.
"ეს პირველი შემთხვევა არ არის. რამდენიმე დღის წინაც იყვნენ სკოლაში და მაშინ ქართულის წიგნი წაართვეს ჩემს ბავშვს. ეს წიგნები ისედაც ძლივს გადმოგვაქვს საზღვარზე, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები გვიშლიან და თუ ნახეს, გვართმევენ. ამაზე საქართველოს განათლების სამინისტროსაც მივაწოდეთ ინფორმაცია და აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოსაც, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია," - აღნიშნავს ერთ-ერთი მშობელი.
ა/ო "საქართველო ჩემი სამშობლოა" თავჯდომარე ალი ბაბაევი "რეზონანსთან" საუბარში აცხადებს, რომ "საქართველო-აზერბაიჯანის შეთანხმების თანახმად სასკოლო წიგნების საზღვარზე გადატანა და აზერბაიჯანის ქართულ სკოლებში ამ სახელმღვანელოებით სწავლება არ შეიძლება."
ალი ბაბაევი: "მინისტრების მოლაპარაკების შედეგად ქართულმა და აზერბაიჯანულმა მხრეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არც აზერბაიჯანიდან შემოვიდეს აზერბაიჯანულენოვანი სასკოლო წიგნები და არც კახსა თუ ზაქათალის ქართულ სკოლებში შევიდეს საქართველოდან ქართულენოვანი სასკოლო წიგნები.
"ახლა, აზერბაიჯანმა ქართულად თავად თარგმნა სახელმძღვანელოები და ამარაგებს იქაურ ქართულ სკოლებს. შემოტანა კი აღარ შეიძლება. საქართველოში დაბეჭდილი წიგნები აზერბაიჯანის განათლების სისტემის შესაბამისი არ არის და ამიტომაც გაცემულია განკარგულება, რომ იმ წიგნების შემოტანა არ შეიძლება."
"რაც შეეხება სკოლებში შესვლას და მასობრივად წიგნების ამოღებას, მსგავსი არაფერი ყოფილა. საიდან მოიგონეს ეს ინფორმაცია, არ ვიცი."
მისივე თქმით, აზერბაიჯანის მხარემ უკვე თარგმნა სასკოლო სახელმძღვანელოები ქართულად და მოსწავლეებიც ამ წიგნებით ისწავლიან, თუმცა პრობლემა საქართველოში არსებულ აზერბაიჯანულ სკოლებს აქვთ, რადგანაც საქართველო წელს აზერბაიჯანული წიგნებით აზერბაიჯანულენოვან სკოლებს ვერ მოამარაგებს და ამ თემაზე ბაქოშიც ექნება საუბარი.
ლაგოდეხთან მომხდარ ფაქტს საქართველოს პარლამენტის წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ლორთქიფანიძე გამოეხმაურა. დეპუტატი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან სასწრაფო რეაგირებას ითხოვს.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ კი განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ სამინისტრო ინფორმაციას არ ფლობს.
"ჩვენ აუცილებლად დავინტერესდებით ამ საკითხით, რადგან საქართველოს მოქალაქის, მისი უფლებების დაცვა ყველა სახელმწიფო სტრუქტურის, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოვალეობაც არის. ჩვენ შესაბამისი სტრუქტურები მოგვაწვდიან დამატებით ინფორმაციას და რეაგირებაც იქნება შესაბამისი", - ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა ჯალაღანიამ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო პროტჟებსკაიამ კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, რომ აზერბაიჯანელი სამართალდამცავების მიერ საინგილოს ქართულ სკოლებში ქართული სახელმძღვანელოების ამოღების შესახებ სამინისტროს ინფორმაცია არ აქვს.
"საინგილოს ქართული სექტორის სკოლები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს არ ექვემდებარება. ისინი ქართულ სახელმძღვანელოებს თავად იძენენ და თვითონვე გადააქვთ აზერბაიჯანში. ამ პროცესში ჩვენ ჩართულები არ ვართ," - აღნიშნა პოტრჟებსკაიამ.
841
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85