1 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული შემოსული 70 სარჩელიდან 25% სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

1 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული შემოსული 70 სარჩელიდან 25% სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული დავების ძირითადი ნაწილის განხილვა უკვე დასრულდა. ამის შესახებ უზენაეს სასამართლოში სპიკერმა-მოსამართლემ ნინო ქადაგიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სპიკერ-მოსამართლის თქმით, პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილული 70 საქმიდან სააპელაციო წესით გასაჩივრდა მხოლოდ 36 საქმე.

ქადაგიძის თქმით, შესული 70 სარჩელიდან 25% (18 სარჩელი) სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ერთ სარჩელს მიღებაზე უარი ეთქვა, 7 სარჩელი კი განუხილველი დარჩა კანონით განსაზღვრული ვადის გასვლის გამო ან იმ მოტივით, რომ სარჩელი არასათანადო პირის მიერ იყო წარდგენილი.

„ერთ შემთხვევაში საქმის წარმოება დავის არარსებობის გამო შეწყდა, ხოლო სარჩელების დაახლოებით 61% (43 სარჩელი) არ დაკმაყოფილდა მითითებული გარემოებების დაუსაბუთებლობის ან დაუდასტურებლობის მოტივით“, - აღნიშნა მან.

ქადაგიძის თქმითვე, სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე ბათილად იქნა ცნობილი 11 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმი. მათ შორის ხაშურის 35-ე საარჩევნო ოლქის 1, 2-ე, 3-ე, 8-ე, 9-ე, 10-ე, 13-ე, 45-ე და 46-ე უბნების შემაჯამებელი ოქმები; ბოლნისის 23-ე საარჩევნო ოლქის 57-ე უბნის შემაჯამებელი ოქმი, სადაც საოლქო საარჩევნო კომისიას დაევალა ბიულეტენების ხელახლა გადათვლა, ხოლო რაც შეეხება საგარეჯოს მე-11 ოლქის #49 საარჩენო უბანს, აღნიშნულში ბათილად იქნა ცნობილი მაჟორიტარული წესით ჩატარებული არჩევნებების შედეგები და საარჩევნო კომისიას ბიულეტენების ხელახლი გადათვლის გზით ახალი შემაჯამებელი ოქნის შედგენა დაევალა.

მისივე განმარტებით, სასამართლოს მიერ ბათილად ცნობილ უბნებში გუშინ 14 ოქტომბერს განმეორებითი არჩევნები ჩატარდა, რომელთან დაკავშირებითაც ამ დროისთვის სასამართლოში სარჩელი არ შესულა.